მსაჯმა ბრემენის “ვერდერის” ფანებს დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა

მსაჯმა, რომელიც მიუნხენის “ბაიერნისა” და ბრემენის “ვერდერის” ნახევარფინალურ დაპირისპირებას სჯიდა, აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და ამის გამო “ვერდერის” ფანებს ბოდიში მოუხადა.

საუბარია გერმანიის თასის მატჩზე, რომელსაც სათამაშო დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე “ბაიერნი” ერთბურთიანი სხვაობით იგებდა.

მატჩის 71-ე წუთზე ტობიას შტილერმა არტურო ვიდალის წაქცევის გამო პენალტი დანიშნა, რომელიც მიულერმა გოლად გარდასახა. თუმცა, გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ვიდალსა და იანეკ სტერნბერგს შორის კონტაქტი არ ყოფილა.

“ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მე კი კარგ პოზიციაში ვიყავი. კონტაქტი დავინახე, მაგრამ სინამდვილეში კონტაქტი არც ყოფილა. ვწუხვარ.”

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ამ გამარჯვებით “ბაიერნი” თასის ფინალში გავიდა, სადაც “რეკორდმაისტერი” “ბორუსიას” ან “ჰერტას” დაუპირისპირდება.