18-წლამდელები სლოვან თანატოლებს დაუზავდნენ

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ტრნავაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა და მასპინძელ სლოვაკეთთან 1:1 ითამაშა.

შეხვედრამ ქართველთა უპირატესობით ჩაიარა, თუმცა პირველი ბურთი სლოვაკებმა გაიტანეს – იტალიური „ვერონას“ თავდამსხმელმა ლიუბომირ ტუპტამ 57-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება 78-ე წუთზე შეძლო – თავი ირაკლი ბუღრიძემ გამოიჩინა.

მილან მალატინსკი (სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელი): „მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ტურნირზე პირველი მატჩი აშშ-თან წააგო, ძალიან კარგი გუნდია და ეს დღესაც დაამტკიცა. მეტოქე ტექნიკურად კარგად იყო მომზადებული და სისწრაფეებშიც გვჯობდა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, რადგან საქართველომ მოედნის ცენტრი წაგვართვა და დიდი უპირატესობა მოიპოვა. მეორე ტაიმში ვითარება შედარებით გამოვასწორეთ, თუმცა მოგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით და ასეც მოხდა.“

გიორგი ყიფიანი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): „ფრით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ სლოვაკეთთან თამაშის ხარისხი ცუდი ნამდვილად არ იყო. ყველამ მოინდომა და საკმაო უპირატესობაც გვქონდა. მომენტებიც შევქმენით. კარგია, რომ პირველი წარუმატებელი მატჩის შემდეგ სწორი დასკვნები გავაკეთეთ და შეცდომებიც გამოვასწორეთ. სამწუხაროდ, ტურნირი ცუდად დავიწყეთ და, რა თქმა უნდა, აშშ-თან ასეთი მარცხი ყველამ განვიცადეთ, მაგრამ მთავარია, სწორი ანალიზი გავაკეთოთ და ეს მომდევნო შეხვედრებში ვაჩვენოთ. ამ შემადგენლობისთვის ეს პირველი შეკრებაა და შემიძლია ვთქვა, რომ საწყისმა მღელვარებამ უკვე ჩაიარა. ახლა ყველანი უკრაინასთან მატჩისთვის ვემზადებით“.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სლოვაკეთთან ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ჩოჩიშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, საღრიშვილი (ჩაკვეტაძე 41), ფოჩხუა (კუცია 41), ბუღრიძე, ხუბაშვილი, ლაკვეხელიანი, მალი, ქოჩორაშვილი (ჩოგაძე 64), მეგრელაძე (ქავთარაძე 59). სათადარიგოები: ისიანი, ბურჯანაძე, ბულუხაძე, მოლაშვილი, ჭურაძე.

ტურნირის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: რუსეთი – მაკედონია 2:0; ჩეხეთი – ნორვეგია 1:0; უკრაინა – აშშ 1:2. მომდევნო მატჩს საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 28 აპრილს უკრაინასთან ჩაატარებს.

სფფ-ის პრესსამსახური