საქართველოს თასის ფინალს ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრება

18 მაისს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი შედგება. ტიტულისთვის ერთმანეთს “დინამო თბილისი” და ბოლნისის “სიონი” შეეცილებიან.

შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განახორციელებს.

ფინალურ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.

საქართველოს თასის ფინალი ქუთაისში ჩატარდება

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2015/2016 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა ქუთაისში ჩატარდება. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით სეზონის ერთ-ერთ მთავარ მატჩს ქუთაისი პირველად უმასპინძლებს. თასის ფინალური შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18 მაისს გაიმართება.

ფინალურ მატჩში მონაწილე კლუბთა ვინაობა დღეს გაირკვა. საჩხერის “ჩიხურასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართული განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში “დინამომ” მეტოქე 5:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება მეორე ფინალისტს, ეს ბოლნისის “სიონი” გახლავთ, რომელმაც “ვიტ ჯორჯიას” ორი მატჩის ჯამში 5:3 მოუგო.