“ლესტერმა” კლუბის მფლობელის ტრაგიკულად დაღუპვა დაადასტურა

“ლესტერ სიტიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ შაბათს მომხდარ ავიაკატასტროფას კლუბის მფლობელი ვიშაი შრივადანაპრაბჰა ემსხვერპლა.

“ღრმა მწუხარებით გატყობინებთ, რომ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელი ვიშაი შრივადანაპრაბჰა მათ შორისაა, ვინც შაბათს, “კინგ პაუერ სთეიდიუმის” მახლობლად ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. მის გარდა ბორტზე კიდევ ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. სიკვდილს ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა. ვიშაის სახით დავკარგეთ ძალიან კარგი, კეთილი, გულუხვი ადამიანი, რომელმაც თავისი სიცოცხლე საყვარელ ოჯახს მიუძღვნა. “ლესტერი” იყო მისი ოჯახი”, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ შრივადანაპრაბჰას პერსონალის ორი წევრი – ნუსარ სუკნამაი და კავეპრონ პუნპარი, პილოტი ერიკ სვაფერი და მგზავრი იზაბელა როზა ლეჩოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის მეათე ტურში “ლესტერსა” და “ვესტ ჰემ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ “მელიების” მფლობელის საკუთრებაში არსებული ვერტმფრენი სტადიონის მახლობლად ჩამოვარდა.

“ლესტერის” მფლობელმა კაზინოში 2,5 მლნ ფუნტი მოიგო

“ლესტერ სიტის” მფლობელი ვიშაი შრივადანაპრაბჰა ინგლისის პრემიერლიგის მოგების აღსანიშნავად მეგობრებთან ერთად ოთხშაბათს ერთ-ერთ კაზინოს ეწვია.

58 წლის ტაილანდელმა მილიარდელმა გასართობ დაწესებულებაში რამდენიმე საათი დაჰყო და 2,5 მილიონი ფუნტ სტერლინგი მოიგო.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შრივადანაპრაბჰა “ლესტერის” თითოეული ფეხბურთელისთვის “მერსედესის” მარკის ავტომობილის ჩუქებას აპირებს. იგი კლუბის ფანებს საშინაო მატჩებზე ლუდითაც ხშირად უმასპინძლდება.