ტერორისტულ თავდასხმას ერაყში “რეალის” 16 გულშემატკივარი ემსხვერპლა

16 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა ერაყის ქალაქ ბალადის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად. დაღუპულები მადრიდის “რეალის” გულშემატკივრები იყვნენ.

კაფე ალ ფურატი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, “რეალის” ქომაგების თავშეყრის ადგილია.

დაღუპულთა რიცხვი საბოლოო არ არის და შესაძლოა, გაიზარდოს. საინფორმაციო სააგენტო Amaq-ი იუწყება, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო საკუთარ თავზე.

მადრიდის “რეალი” მომხდარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. “სამეფო კლუბი” ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. ესპანეთის პრიმერადივიზიონის 38-ე ტურში “დეპორტივოს” წინააღმდეგ გასამართ მატჩში “რეალის” ფეხბურთელები სამგლოვიარო სამკლაურებით ითამაშებენ.