საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი აცხადებს, რომ მისი გუნდი ნებისმიერ მეტოქესთან მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდება.
“ყოველთვის მნიშვნელოვანია ამხანაგური მატჩები. ამ თამაშის შემდეგ რუმინეთი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება, ჩვენთვის კი მოსამზადებელი მატჩია ახალი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ვფიქრობ საინტერესო თამაში იქნება. ჩვენ ნებისმიერ გუნდთან მაქსიმუმის გაკეთებას შევეცდებით, ნებისმიერ მეტოქესთან თამაში მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ისეთ გუნდებთან,რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ. სამივე ამხანაგური მატჩი სწორედ ასეთ გუნდებთან გვაქვს.
რუმინეთი კარგი ნაკრებია, შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ჰყავს გამოცდილი მწვრთნელი, ფეხბურთელები და ასევე ახალგაზრდა მოთამაშეები, მაგრამ ჩვენ ყველასთან თამაშისთვის მზად ვართ. ამხანაგურ თამაშებში ორი ფეხბურთელი გიორგი ლორია და ჯანო ანანიძე ვერ დაგვეხმარება.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს რუმინეთში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
წყარო: GFF.GE