კაკუბავა:”ასეთი უიღბლობით მთლიანად გუნდია შოკირებული”

გუშინ გაიმართა “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები. ერთ-ერთ მათგანში “ჩიხურა” მოლდოვურ “ზიმბრუს” დაუპირისპირდა. მიუხედავად პირველ თამაშში მიღწეული წარმატებისა, მეორე მატჩში, რომელიც ზესტაფონში გაიმართა, იმერლებმა დასანანი მარცხი იწვნიეს, ანგარიშით 2:3 და გათამაშებას გამოეთიშნენ.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით Fanebi.com-ი დაუკავშირდა “ჩიხურას” მოთამაშეს, ლევან კაკუბავას და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“გულდასაწყვეტია, როცა ისეთ თამაშს აგებ, რომელშიც ორჯერ იგებდი. მთლიანად გუნდი შოკირებულია ასეთი უიღბლობით. ქართველ გულშემატკივარს მობეზრდა ეს თავის მართლება, თუმცა ფაქტია, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა სასურველი შედეგის მიღწევისთვის, მაგრამ… “

“წინ ჩემპიონატი გველის და იმედია, მალე დავივიწყებთ ამ თამაშს. უნდა გადავერთოთ ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელშიც არანაკლებ დაძაბული შეხვედრები უნდა ჩავატაროთ და, შესაბამისად, არანაკლები მონდომება დაგვჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის და, ასევე, მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც თავდადებულად იბრძოლეს,” – განაცხადა “ჩიხურას” მცველმა.

კაკუბავა:”მიუხედავად დანაკლისისა, “ჩიხურა” ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს!”

საჩხერის “ჩიხურა” ზესტაფონში “დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე” “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შევხედრას გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 0-1 დასრულდა ქართველების გამარჯვებით.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა “ჩიხურას” ფეხბურთელ ლევან კაკუბავას და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

განვლილი მატჩის შეფასება:“ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ორთაბრძოლები ჭარბობდა, განსაკუთრებით, მოედნის ცენტრში. ორივე გუნდი იბრძოდა გასატანად და ძალიან სასიხარულოა, რომ  ეს ჩვენ მოვახერხეთ. იმედია, ზესტაფონშიც იგივეს გავაკეთებთ.”

განმეორებით შეხვედრაში სათამაშო ტაქტიკის შესახებ:“ამაზე უფრო კარგად მწვრთნელი ისაუბრებდა. სწორედ, მისი დარიგებების მიხედვით შევეცდებით წარმატების მიღწევას. დიდი ალბათობით, პირველ ნომრად ითამაშებს “ჩიხურა.” ვფიქრობ, ჩვენი ამოცანა წინა თამაშში მიღწეული შედეგის შენარჩუნება ნამდვილად არ იქნება. უფრო მეტი გვინდა და ამის მიღწევას პირველივე წუთებიდან შევეცდებით.”

გუნდის ფორმისა და დანაკლისების შესახებ:“გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკური კონდინციებიც დამაკმაყოფილებელია. მართალია, გაბედავა და განუგრავა არ გვეყოლება, მაგრამ, მერწმუნეთ, გუნდში იმდენი კარგი ფეხბურთელია, რომ ეს დანაკლისი არ შეგვეტყობა.”

“ჩიხურას” სამომავლო პერსპექტივაზე:“რთულია ამ გადმოსახედიდან განსაზღვრო, რა პოტენციალი აქვს წელს ჩვენს კოლექტივს ევროტურნირებზე. ახალი გუნდია და შეთამაშებაა საჭირო. თუმცა, ჩემი აზრით, თუ ყველა ფეხბურთელმა დაკისრებულ ვალდებულებას კარგად გაართვა თავი და ცოტა იღბალიც დაგვეხმარა, დიდ წარმატებებზე ფიქრიც შეგვიძლია!”

გულშემატკივრისთვის ნათქვამი სიტყვა:“ჩვენს მხარდამჭერებს ვეტყვი, რომ მოვიდნენ სტადიონზე ცუდი ამინდის მიუხედავად და გვერდზე დაგვიდგნენ. ფეხბურთი ხომ მათთვის არსებობს.”