როინ კვასხვაძემ “შერიფთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკავლიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი, ქუთაისის “ტორპედო” ათ ივლისს საკუთარ მოედანზე მოლდოვის ჩემპიონს, ტირასპოლის “შერიფს” დაუპირისპირდება. იმერელთა კაპიტანმა, როინ კავსასხვაძემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

საბრძოლოდ ვართ მომზადებულნი. ყველამ ვიცით, როგორი რთული მატჩი გველოდება წინ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ, ვფიქრობ, შეუთამაშებლობის პრობლემა არ გვექნება, რადგან ეს ფეხბურთელები წლებია ერთმანეთს ვიცნობთ, ერთად გვითამაშია კიდეც. შესაბამისად, ეს ფაქტორი ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ შეთანხმებულად ვიმოქმედოთ მოედანზე.

შევისწავლეთ მეტოქის როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები და სწორედ ამ სუსტი მხარეების გამოყენებას ვეცდებით ხვალ. გვინდა, ხვალინდელი მატჩი წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს შემდეგი ეტაპისთვის,” – ამბობს კვასხვაძე.

“ტორპედოს” ოფიციალური გვერდი

ვრცელი ინტერვიუ როინ კვასხვაძესთან: “მეორე დღეს კიტეიშვილს მესიჯი მივწერე”

საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ირაკლი სიხარულიძე დასახელდა, ეროვნული ლიგის გმირის წოდება კი ერთპიროვნულად ეკუთვნის როინ კვასხვაძეს. ქუთაისის ტორპედოს მეკარე და კაპიტანი ბოლო იყო, რომელიც 2017 წლის ჩემპიონატში ბურთს შეეხო – თბილისის დინამოს კაპიტნის, ოთარ კიტეიშვილის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია და ქუთაისელი გულშემატკივარი წლების განმავლობაში ნანატრი ჩემპიონობით უზომოდ გაახარა. როინ კვასხვაძე გუშინ Eliga.Ge-ს სტუმარი იყო. თავადაც დარწმუნდებით, რომ იგი არა მხოლოდ მაღალი კლასის მეკარე, არამედ საინტერესო მოსაუბრეცაა.

საუბარი, რა თქმა უნდა, პენალტით უნდა დავიწყოთ… როცა ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ გამარჯვებასა და ჩემპიონობას ხელიდან გავუშვებდით. უნდა ავიღო! – მტკიცედ ვუთხარი საკუთარ თავს. შინაგანად მქონდა იმის რწმენა და განცდა, რომ ამას შევძლებდი. არ ველოდი, რომ ოთარ კიტეიშვილი ცენტრში დაარტყამდა, შეიძლება, იგი ჩემმა მოძრაობამაც დააბნია. ჩემგან მარჯვენა კუთხე ავირჩიე, მაგრამ შევძელი და ბურთი ფეხით მოვიგერიე.

თამაშის შემდეგ ოთარ კიტეიშვილს თუ ელაპარაკე?

იმ დღეს მას ალბათ, არავისთან საუბარი არ სურდა, მეორე დღეს კი მესიჯი მივწერე და გავამხნევე. ოთარი შესანიშნავი ფეხბურთელი და თბილი პიროვნებაა, იგი ყოველივე საუკეთესოს იმსახურებს და მთავარი წარმატებები წინ აქვს.

ახლა, როცა იმ მატჩს უკვე ცივი გონებით იხსენებ, როგორი შეგრძნება გეუფლება?

მე, უბრალოდ, ჩემი საქმე გავაკეთე, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ბევრი რამ განაპირობა – ტორპედო საქართველოს ჩემპიონია, მე კი ამ გუნდის კაპიტანი და გადამწყვეტი ეპიზოდის ავტორი. მოკლედ ასე ვიტყოდი – უსაზღვროდ ამაყი ვარ, რომ ეს შევძელი. სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებასა და ამ კონკრეტულ მომენტამდე მისვლას კი ვერ მოვახერხებდი თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის გარეშე. დიდი მადლობა ბიჭებს, მადლობა კახა ჩხეტიანსა და ჩვენს სხვა მწვრთნელებს, მადლობა კლუბის ხელმძღვანელობასა და რაღა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ ქომაგებს.

ტორპედოს დუბლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ თასი მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

სამწუხაროდ, ფინალში საჩხერის ჩიხურასთან პენალტების სერიაში დავმარცხდით. ამან გული ძალიან დაგვწყვიტა, მაგრამ ჩიხურა უდავოდ ღირსეული გამარჯვებულია. ეს ტიტულიც ძალიან გვსურდა, მაგრამ საჩემპიონო ზეიმის შემდეგ, ალბათ, ცოტა მოტივაცია და კონცენტრაცია დაგვაკლდა. ჩიხურა კი, რომელსაც აქამდე ტიტული არ ჰქონდა მოგებული, ფინალს გამარჯვების წყურვილით შეხვდა და მიზანსაც მიაღწია, რასაც მთელი გულით ვულოცავ.

ტორპედოს ერთმა ქომაგმა ორიგინალური სვირინგი წარმოგვიდგინა – როინ კვასხვაძე პენალტს იგერიებს.

მადლობის მეტი რა მეთქმის, ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს ამხელა სიხარული ვაჩუქე. ეს ისეთი ემოციური მომენტია, რომელსაც ვერავითარი მატერიალური სიკეთით ვერ გადასწონის. ასეთ დროს ხვდები, რომ ტყუილად არ დაგიღვრია ამდენი ოფლი, ღვთის წყალობაა, რომ ხალხისთვის ამხელა სიხარულის მინიჭება შეგიძლია.

თავადაც ხომ არ აპირებ მსგავსი სვირინგის გაკეთებას?

სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ. უბრალოდ, მინდა ცოტა სხვა სტილში გავაკეთო.

რას ნიშნავს შენთვის ტორპედოში თამაში, მისი კაპიტნობა?

უპირველესად, ეს უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვარ ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდის კაპიტანი, სადაც უამრავ სახელოვან ფეხბურთელს უთამაშია. მაქვს საშუალება, სიხარული ვაჩუქო ჩემს თანაქალაქელებს – ეს სათქმელად არის იოლი, ამ სიტყვებს მიღმა კი ზღვა შრომა და ემოციებია.

საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდი – ზესტაფონში ზედიზედ ორჯერ მოიპოვე ქართული ოქრო.

ზესტაფონში გატარებულ პერიოდს დღემდე დიდი სიამოვნებითა და სიამაყით ვიხსენებ – მაღალი დონის გუნდი გვყავდა, რომელიც გეგმაზომიერად ვითარდებოდა და მომავალში ბევრად მეტის მიღწევაც შეეძლო… გულშემატკივარმა სწორედ ზესტაფონში თამაშით გამიცნო, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ ევროთასებზე. მაშინდელ და ახლანდელ ჩემპიონობას კი ის განასხვავებს, რომ მაშინ მეტოქეებს საგრძნობლად ვჯობდით და ჩემპიონები დამაჯერებლად ვხდებოდით, გასულ სეზონში კი ჩემპიონის ვინაობა ასეთ დრამატულ ვითარებაში გაირკვა – ეს, თავისთავად, სულ სხვა განცდა და სიხარულია.

წლებია, რეგულარულად გიწვევენ საქართველოს ნაკრებში.

ამით უსაზღვროდ ამაყი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ გუნდში ბევრი მატჩი არ ჩამიტარებია, თავს ნაკრების სრულფასოვან წევრად მივიჩნევ და ყოველი გამოძახება ძალიან მახარებს. სწორედ ნაკრებს უკავშირდება ჩემი კარიერის ერთი გამორჩეული ეპიზოდი – ესპანეთის დამარცხებას ვგულისხმობ. მაშინ ნუკრი რევიშვილი დაშავდა და შეცვლაზე შევედი, ჩვენს გამარჯვებაში ჩემი მცირე წვლილიც შევიტანე. არ ვკარგავ იმედს, რომ ნაკრების ძირითადი მეკარე გავხდები, მგონი, ტორპედოს ჩემპიონობა ამის შანსებს ზრდის.

ქართული ფეხბურთის წინსვლის აუცილებელ წინაპირობად რა მიგაჩნია?

სწორი მენეჯმენტი და ფინანსები. საბედნიეროდ, ამ ორივე კუთხით სასიკეთო ძვრები შეინიშნება, რაც დროთა განვალობაში აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყნის განვითარებაც აუცილებელია, სოციალური ფონი უნდა გაუმჯობესდეს. როცა ფეხბურთელის ირგვლივ ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ფინანსური პრობლემებია ოჯახში და სამეგობროში, იგი ვერ მოახერხებს მთლიანად ფეხბურთზე კონცენტრირებას.

შეიძლება ითქვას, რომ მეკარისთვის იდეალურ ასაკში ხარ. თუ შეცვალა ბოლო წლებმა რამე შენს თამაშში?

გამოცდილება მეკარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამაა და ბოლო წლებმა სწორედ ეს მომიტანა. გავხდი უფრო მშვიდი, თავდაჯერებული, გაწონასწორებული, ნაკლებ შეცდომას ვუშვებ. ვფიქრობ, დროს ფუჭად არ ვკარგავ. საქმეს ყოველთვის პროფესიონალურად ვუდგები და ფეხბურთზე მაღლა არაფერს ვაყენებ, რაც მიფასდება კიდეც.

შენი უცხოური კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა. რა შეგძინა კვიპროსზე გატარებულმა პერიოდმა და თუ გაქვს სურვილი, კვლავ მოსინჯო ძალები საზღვარგარეთ?

ოთელოსი უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი იყო და ვიმედოვნებდი, რომ ტრამპლინად გამომადგებოდა. ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია, სადებიუტო მატჩში ორი პენალტი მოვიგერიე და ჩემპიონატის სამ საუკეთესო მეკარეს შორის დამასახელეს. თუმცა გუნდი გავარდა და ამან წინსვლაში ხელი შემიშალა. გაურკვეველ პერსპექტივას საქართველოში დაბრუნება ვამჯობინე.

მომავალში გამორიცხავ ლეგიონერობას?

არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ წავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებ კონკრეტულ ხელსაყრელ წინადადებას. თუ ასე არ მოხდა, მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც მაფასებენ და როგორც ფეხბურთელს, აბსოლუტურად ნორმალური პირობები მაქვს შექმნილი.

ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

სამწუხაროდ, ეს ადამიანი დღეს ჩემს გვერდით აღარ არის – მამაჩემი, გია კვასხვაძე იყო ჩემი ყველაზე თავგადაკლული ქომაგი. ყოველთვის მომიწოდებდა, რომ ბევრი მეშრომა და ვყოფილიყავი თავმდაბალი ადამიანი. ჩემი პირველი მწვრთნელიც ის იყო. მამაჩემი იყო ქუთაისური კლუბის, მემორიალის პრეზიდენტი და იქ ვთამაშობდით მე და ჩემი ძმა, ნიკა. თავიდან ნიკა იყო მეკარე, მე კი ნახევარდაცვაში ვთამაშობდი. ნიკა უფრო ემოციური ბავშვი იყო და გოლს რომ გაუშვებდა, ვნერვიულობდი. ერთ მშვენიერ დღეს მე ჩავდექი კარში და მას მერე ვდგავარ (იცინის). დღეს ჩემი ყველაზე მხურვალე გულშემატკივრები მეუღლე, დედა და ძმა არიან, რა თქმა უნდა, ტორპედოს მრავალ ათას ერთგულ ქომაგთან ერთად.

მეორე როინ კვასხვაძე ხარ, რომელიც ტორპედოს კარს იცავს.

დიახ, მე როინ კვასხვაძის შვილიშვილი გახლავართ. გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუაჩემი უმაღლესი კლასის მეკარე იყო და ძალიან ვამაყობ, მის სახელს რომ არ ვარცხვენ. როინ კვასხვაძე იყო საოცრად წესიერი და ვაჟკაცი პიროვნება.

როგორ განაწყობ ხოლმე საკუთარ თავს მატჩების წინ?

მიმაჩნია, რომ ფეხბურთელმა მოახლოებულ თამაშზე უნდა იფიქროს ზომიერად და არა – გადამეტებულად, რამაც იგი შეიძლება, ფსიქოლოგიურად `გადაწვას~. პირადად მე, ვცდილობ, მოვიპოვო ინფორმაცია მეტოქეზე, თუ საშუალებაა, ინტერნეტში ვნახო გუნდის თამაშის ეპიზოდები…

ეს უკვე მწვრთნელის თვისებაცაა…

ვნახოთ, როცა ფეხბურთელი აღარ ვიქნები, არც ამას გამოვრიცხავ.

ფეხბურთისგან თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული?

ყველაზე მეტად ოჯახთან ერთად ყოფნა მიყვარს. ვხატავ, ლექსებსაც ვწერ, ყოველივე ეს დიდ სიმშვიდეს მანიჭებს. მინდა, როგორც კი ამის დრო და საშუალება გამომიჩნდება, უმაღლესი განათლება მივიღო.

როგორც ვიცით, 2017 წელი შენთვის მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობით არ ყოფილა გამორჩეული.

დიახ, ღმერთმა ჩემპიონობასთან ერთად, შვილიც მაჩუქა – სწორედ 2017-ში დაიბადა კახი კვასხვაძე. ასე რომ, უთუოდ საუკეთესო წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ვისურვებდი, რომ 2018 წელიც ასეთი ამაღელვებელი მომენტებით იყოს დახუნძლული როგორც ჩემთვის, ასევე ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. ჩემი მთავარი ოცნებაა, საქართველო გამთლიანებული, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე კი ბედნიერი ვნახო. ვისურვებდი, რომ 2018 წელი წარმატებული ყოფილიყოს როგორც საქართველოსთვის, ასევე ქართული ფეხბურთისთვის.

ეროვნული ლიგა 1-ის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვინაობა ცნობილია (ფოტო)

როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა საქართველოს რანგით პირველი დივიზიონის გათამაშება, სადაც ჩემპიონობა ქუთაისის “ტორპედომ” მოიპოვა. იმერლებმა მეოთხე წრეში არსებული 9 შესაძლებლობიდან 8-ჯერ მოახერხეს გამარჯვება და მხოლოდ 6 ბურთი გაუშვეს.

აქედან გამომდინარე არავის გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელად ქუთაისელთა დამრიგებელი კახა ჩხეტიანი დასახელდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლო “ტორპედომ” მსგავსი შედეგის დაფიქსირება და ნანატრი ტიტულის მოპოვება. ჩხეტიანს მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ბატონმა დავით მუჯირმა გადასცა.

საუკეთესო მოთამაშედ კი ეროვნული ლიგა 1-ის გადამწყვეტი შეხვედრის გმირი როინ კვასხვაძე გახდა, რომელმაც ბოლო წრეში საუცხოოდ ითამაშა და კლუბს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. როგორც აღვნიშნეთ “ტორპედოს” კაპიტანმა ბოლო ცხრა შეხვედრაში მხოლოდ 6 ბურთი გაუშვა. საჩემპიონო მატჩში კი ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

კვიპროსულ „პაფოსში“ ოთხი ცნობილი ქართველი ითამაშებს

ქართველი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი და მარჯვენა მცველი გია გრიგალავა ახალი სეზონიდან თანაგუნდელები იქნებიან. როგორც გაირკვა, ორივე ფეხბურთელი კვიპროსულ „პაფოსში“ ჩაირიცხა. სათქმელია, რომ ეს კლუბი კვიპროსის უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.

გასულ სეზონში გრიგალაშვილმა „ოთელოსში“ ითამაშა, რომლის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება გრიგალავას, მან რუსეთის პირველ დივიზიონში მახაჭყალის „ანჟის“ რიგებში ითამაშა, თუმცა ორხმვრივი შეთანხმების შემდეგ, მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს.

სათქმელი ისიცაა, რომ „პაფოსში“ აქამდე ასევე ორი ქართველი ჩაირიცხა. საუბარი მეკარე როინ კვასხვაძეზე და ნახევარმცველ ლევან ხმალაძეზეა. აღსანიშნავია, რომ ორივემ, გირალაშვილის მსგავსად, განვლილ სეზონში ასევე „ოთელოსში“ ითამაშა.

ხმალაძემ აეკ-ს გაუტანა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში “ოთელოსი” “აეკ ლარნაკას” ესტუმრა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ, 2:2 დასრულდა. საბოლოო ანგარიში მატჩის 69-ე წუთზე ლევან ხმალაძემ დააფიქსირა, რომელამც პენალტი ზუსტად შეასრულა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.

“ოთელოსის” ძირითადში იყვნენ კვასხვაძე და ელგუჯა გრიგალაშვილიც. ეს უკანასკნელი მთავარმა მწვრთნელმა მსაჯის მიერ კომპენისრებულ მე-6 წუთზე შეცვალა.

 

ხმალაძემ “აპოლონს” გაუტანა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში “ოთელოსმა” გათამაშების ლიდერ “აპოლონს” უმასპინძლა და ძლიერ მეტოქესთან ერთი ქულის მოპოვება შეძლო.

მასპინძელთა შემადგენლობაში სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. როინ კვასხვაძემ და ლევან ხმალაძემ მატჩი სრულად ჩაატარეს, ელგუჯა გრიგალაშვილი კი მწვრთნელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ 22-ე წუთზე ლევან ხმალაძემ ანგარიშის გათანაბრება ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით შეძლო. საბოლოოდ კი შეხვედრე 2:2 დასრულდა.

გრიგალაშვილის გოლმა ოთელოსს ვერ უშველა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში “ოთელოსმა”, რომლის შემადგენლობაში 3 ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს, “ეთნიკოსს” უმასპნიძლა და მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა.

ანგარიში 53-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა, რომელმაც მატჩი ძირითადში დაიწყო და სრულად ჩაატარა. თუმცა, სტუმრებმა მე-60 წუთზე ჯერ გაათანაბრეს, სულ რაღაც ორ წუთში კი მეორეც გაიტანეს და საბოლოოდ სამი ქულა მოიპოვეს.

გრიგალაშვილის მსგავსად 90 წუთი ითამაშა ლევან ხმალაძემაც. როინ კვასხვაძემ კიმ აღნიშნული მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. “ოთელოსი” 14 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

 

„ტორპედოს“ კაპიტანი – პირველი ნაბიჯებიდან სამომავლო გეგმების ჩათვლით

მრავალი გულშემატკივარი თვლის, რომ, ძველი დროიდან მოყოლებული, ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარის რგოლში ძირითადად არ უჭირს. საბედნიეროდ, ეს საკითხი ჩვენს გუნდში დღესაც წესრიგშია, რაც 24 წლის როინ კვასხვაძის დამსახურებაა. პირველნომრიანი მაისურის მფლობელს მისი ბაბუის, ასევე როინ კვასხვაძის, გენები გამოჰყვა. ბაბუის, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობით „ტორპედოს“ ყველა დროის ერთ-ერთი სახელოვანი მეკარე(კაპიტანიც) გახლდათ. მართლაც, განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა კლუბის ისტორიაში ასეთი წარმატებული მეკარის ადგილს წლების შემდეგ მისი შვილიშვილი, იგივე სახელისა და გვარის მქონე, იკავებს და ამ ძალზედ საპასუხისმგებლო საქმის კეთებას ძალიან კარგადაც აგრძელებს. კვასხვაძეების საფეხბურთო ოჯახის ტრადიციების დამცველი დღეს ტორპედოელთა კაპიტანიც არის. ამა წლის დასაწყისში, მშობლიური ქალაქის კლუბში ჩარიცხვის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბევრი ისეთი მატჩი ჩაატარა, რომელიც მის აქტივში ჩაიწერა. აქვე სასიამოვნო სიახლეზეც, ქვეყნის პირველი გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ იგი 29 მაისსა და 3 ივნისს, შესაბამისად, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთა წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა. ჩვენ თავად კვასხვაძეს არამარტო „ტორპედოსა“ და პირადად მასთან დაკავშირებულ, არამედ სხვა საინტერესო თემებზეც ვესაუბრეთ, გთავაზობთ ინტერვიუს…

– მოდი, პირველ რიგში, მოგვიყევი, მეკარეობა როგორ დაიწყე?

– სიმართლე გითხრათ, როცა ფეხბურთში შევაბიჯე, თავიდან ნახევარმცველი ვიყავი. მამაჩემს, გიორგი კვასხვაძეს ავტოქარხანაში ჰქონდა საფეხბურთო სკოლა „მემორიალი“, რომლის პრეზიდენტიც თვითონ იყო. მე და ჩემმა ძმამ აქ დავიწყეთ თამაში. იმ პერიოდში ქუთაისიდან ყველა თბილისში გარბოდა, რადგან იქ უფრო განვითარებული იყო სკოლები. მეც 13 წლის ასაკში წავედი თბილისის „თბილისში“, სადაც ჭაბუკთა ლიგაში ჩემი მწვრთნელი იყო კობა ჟორჟიკაშვილი, თუმცა მეკარეების მწვრთნელიც და ჩემთვის ყველაფერი მაშინ მამაჩემი გახლდათ, იგი მავარჯიშებდა კიდეც. იქ 1 წელი ვითამაშე და მერე „ზესტაფონმა“ შემისყიდა, სადაც 16 წლის ვიყავი, როცა უმაღლეს ლიგაში პირველი თამაში ჩავატარე.

– შენი ბაბუა ერთ-ერთი სახელგანთქმული ტორპედოელი იყო, ეს დამატებით სტიმულს უნდა გაძლევდეს…

– ბაბუაჩემს მართლაც დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები და ალბათ, მისი გენები მეც გადმომეცა. ყოველთვის ვცდილობ, რომ გავამართალო ის ტრადიცია, რასაც ჰქვია საფეხბურთო ოჯახი და იმედია, ასეც იქნება. მამაჩემსაც უთამაშია ფეხბურთი, თავის დროზე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში იყო. მისი დიდი სურვილითა და შთაგონებით პოზიცია შევიცვალე და ბაბუის კვალს გავყევი.

– კვასხვაძეების საფეხბურთო ოჯახის კიდევ ერთი წევრი შენი ძმაა, ნიკოლოზი ამჟამად საჩხერის „ჩიხურაში“ ასპარეზობს, ერთი პერიოდი ერთადაც თამაშობდით „ზესტაფონში“…

– დიახ, „ზესტაფონში“ ორივეს ბედნიერი წლები გვაქვს გატარებული, ყველაზე კარგად ის სეზონი გვახსენდება, როცა ეროვნული თასის ფინალი ისე მოვიგეთ, რომ ორივე ძირითად შემადგენლობაში ვიყავით. მართლაც, დიდი სიხარული მოგვანიჭა იმ წლებმა, როცა ერთად ვთამაშობდით, მერე ის სხვა გუნდში გადავიდა. ვფიქრობ, ნიკას აქვს იმის ნიჭი, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

რაც შეეხება ჩემს ზესტაფონურ კარიერას, მოხარული ვიყავი, რომ იმ დიდ კლუბში ჩემი სიტყვა მეც მეთქმოდა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო „ზესტაფონის“ ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს, იქ 8 წელი გავატარე და ცხადია, ამ კლუბს ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

– დღეს „ტორპედოში“ ხარ, აქაურობა როგორ მოგწონს?

– საერთოდ, ეს კლუბი, რომ ჩემთვის ძალიან ახლოა, ამას ბევრი მტკიცება არ ჭირდება. როცა დღევანდელი გუნდი შეიკრიბა, ისე ჩანდა, რომ „ტორპედო“ არ წარმოადგენდა საშუალო ძალასაც კი, მაგრამ ნელნელა ხელმძღვანელებმა და ფეხბურთელებმა ვიგრძენით ჩვენ-ჩვენი მოვალეობები და ვფიქრობ, რომ ძალიან მეგობრული გუნდიც გავხდით და დღეს უკვე შეგვიძლია სხვა გუნდებზე კონკურენციის გაწევაც.

– ბოლო ტურში, „მერანთან“ მოგების შემთხვევაში „ტორპედო“ ქვედა ექვსეულში გამარჯვებული გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენციაში არაერთ გუნდს უკვე აჯობეთ…

– არის გუნდში ხშირი საუბარი მაგ საკითხზე და ახლაც ჩვენი ერთადერთი საზრუნავიც სწორედ ეგაა, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ, ღმერთის წყალობით, ვიგებთ თამაშებს და კარგად მიდის ყველაფერი, თუმცა, რასაკვირველია, ამ გუნდს ჭირდება გაძლიერება, რათა ჩემპიონობისა და თასისთვის იბრძოლოს.

– „ტორპედოს“ მომავალი როგორ წარმოგიდგენია?

– მომავალზე რა გითხრათ, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს კლუბი რაც შეიძლება მაღალი დონის იყოს და უფრო სტაბილური მდგომარეობა ჰქონდეს. „ტორპედო“ საქართველოში ყოველთვის ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს. საერთოდ, ქუთაისთან თამაში ძალიან რთულია ყველასთვის, რა გუნდიც არ უნდა ჰყავდეს.

– ეროვნული ჩემპიონატის გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებული თემა ამ ბოლოს ძალზედ აქტუალური გახდა, შენი მოსაზრება როგორია აღნიშნულზე?

– მე დღეს „ტორპედოში“ ვარ და შიდა სამზარეულოში ჩახედულობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ „ტორპედოს“ არანაირ გარიგებაში არ მიუღია მონაწილეობა. ის, რასაც მივაღწიეთ ბიჭებმა, ყველაფერი ჩვენი პატიოსანი შრომის შედეგია.

– ნაკრებში დიდი ხანია გიძახებენ, ახალი მოწვევაც უკვე მოგივიდა, თუმცა ამ ეტაპზე უმეტესად თადარიგში გიწევს ყოფნა, უფრო ძლიერი კონკურენტები გყავს?

– რა თქმა უნდა, ასეა. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია თუ ვის ათამაშებს და მე ყველანაირად ვცდილობ და კიდევ ბევრჯერ დაველოდები ჩემს შანსს, რათა დავამტკიცო ის, რომ მე ვარ ღირსეული კონკურენტი: გიორგი ლორიას, ნუკრი რევიშვილის და ომარ მიგინეიშვილის.

– ესპანეთის ნაკრებთან თბილისში გამართულ მატჩში(0:1) დებიუტი გქონდა ჩვენს ნაკრებში, ამ თამაშში ლორიას გმირობაზე მთელი საქართველო დღემდე ლაპარაკობს, შემდეგ მან ტრავმა მიიღო და შენ შეხვედი მოედანზე, როგორ გაიხსენებ იმ წუთებს?

– ძალიან რთული იყო, როცა ისეთ დროს შევედი მოედანზე, მითუმეტეს ესპანეთთან, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან გამიხარდა, რომ ჩავერთვე შეხვედრაში, პირველი თამაში იყო და ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადავდგი და ვეცდები, რომ თუ კიდევ მომეცემა მომავალში შანსი, უფრო გავამართლო იმედები.

– ე.წ. პირველხარისხოვანი გუნდებიდან რომელს გულშემატკივრობ ევროპაში?

– მადრიდის „რეალს“, რომელიც წელს საკმაოდ კარგ ფორმაშია და ვფიქრობ, ამ სეზონს ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლებით დაასრულებს.

– სამაგალითო მეკარე ვინ არის შენთვის?

– იკერ კასილასი ჩემთვის სამაგალითოა, თუმცა დღესდღეობით მსფოლიოში მაინც საუკეთესო მგონი ჯიანლუიჯი ბუფონია, ასევე, გამოვარჩევდი მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარეს, კურტუას.

– საქართველოს ჩემპიონატში თუ არის ისეთი ფორვარდი, რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხი?

– არასდროს მითქვამს ამა თუ იმ თამაშზე პერსონალურად რომელიმე ფეხბურთელზე, რომ ის გოლს ხშირად მიტანს. თუ გამორჩევაზეა საუბარი, ჩემი თანაგუნდელია, თუმცა მაინც ბექა ტუღუშს გამოვარჩევდი, ასევე, კარგი თავდამსხმელია ნიკუშა საბანაძეც. ადრე კი გელაშვილი-დვალის დუეტი განსაკუთრებით შედეგიანი იყო.

– “ტორპედოსთან” მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაქვს, რას აპირებ შემდეგ?

– აქ როცა მოვდიოდით არავინ არ იცოდა თუ რა სიტუაცია დაგვხვდებოდა. ყველანაირად მინდოდა, რომ „ტორპედოს“ დავხმარებოდი. ეს ჩემი, მამაჩემის და მთლიანად ჩემი ოჯახის დიდი სურვილი იყო. მოხარული ვარ, რომ მეც შევიტანე საკუთარი წვლილი გუნდის უმაღლეს ლიგაში დარჩენაში და შესაძლოა, ქვედა ექვსეულშიც პირველები ვიყოთ.

ჩემს გეგმებს რაც შეეხება, არის რაღაც შემოთავაზებები, თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ მაქვს. იმედია, „ტორპედოს“ ექნება საკმარისი პირობები, რათა ის ფეხბურთელები შეინარჩუნოს, რომლებიც გუნდისთვის ძალას წარმოადგენენ. ასეთ შემთხვევაში ძალიან მოხარული ვიქნები თუ ისევ აქ გავაგრძელებ კარიერას. აქვე გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. რამდენიც არ უნდა იყვნენ, ყოველთვის ვგრძნობთ მათ თანადგომას. მოსვლის დღიდან მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ბოლომდე გვერდში მედგნენ, ყველა თბილად მხვდებოდა და მათი დამსახურებაც იყო, რომ ადაპტაცია ძალიან გამიიოლდა. როცა აქ მოსვლაზე მიდიოდა საუბარი, ჯერ გადაწყვეტილიც არ მქონდა, როცა გულშემატკივრებმა ისეთი ფონი შემიქმნეს, შანსიც არ მქონდა გადაფიქრების და არც ვაპირებდი.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.

FCTorpedo.GE

როინ კვასხვაძე ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს

24 წლის ქართველი კარის დარაჯი, როინ კვასხვაძე ამიერიდან “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს – ამ ინფორმაციას ქუთაისური კლუბის ხელმძღვანებლობა ადასტურებს.

კვასხვაძე 2005 წლიდან მოყოლებული “ზესტაფონში” ირიცხებოდა, სადაც გუნდის შეუცვლელ ფიგურად და კაპიტნად იქცა.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა დროს, ქუთაისის “ტორპედოში” როინის ბაბუას, ძმასა და მამას უთამაშიათ.

ცნობისათვის, გერმანული სააგენტო Transfermarkt-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს 700 000 ევროდ აფასებს.