დღეს “სევილიას” სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდისთვის სასურველ ფეხბურთელთა სიაში ორი “ლივერპულელი” – ჯო ალენი და ლუის ალბერტო არიან.
აღსანიშნავია, რომ ლუის ალბერტო 2013 წელს მერსესაიდულ გუნდში სწორედ “სევილიადან” გადავიდა 8 მილიონ ევროდ. ჩატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ესპანელი ფეხბურთელი ჯერ “მალაგაში”, ხოლო შემდეგ “დეპორტივოში” იყო განათხოვრებული. ახლა იგი “ლივერპულმა” დაიბრუნა და ანდალუსიური კლუბისგან მასზე 7 მილიონიანი (ფუნტი) შემოთავაზება მიიღო. მოლაპარაკების სხვა დეტალები არ საჯაროვდება.
რაც შეეხება ჯო ალენს, უელსის ნაკრებისა და “ლივერპულის” ფეხბურთელში “სევილიელი დალაქები” 10 მილიონ ფუნტს სთავაზობენ მერსესაიდელებს. აქვე გეტყვით, რომ ალენის შეძენა აქამდე “სუონსის” სურდა, თუმცა “ლივერპულს” უელსური გუნდის შემოთავაზებული 8 მილიონი ფუნტი ეცოტავა და “სუონსი” უარით გაისტუმრა.