ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე “სამტრედიასა” და “გაბალას” შორის უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა და ქართული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 3:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მატჩის შესახებ ისაუბრა “სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ.
“პირველ რიგში, მეტოქეს მომტევნო ეტაპზე გასვლას ვულოცავ. დღევანდელი მატჩი კი მოვიგეთ, მაგრამ ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩებიან. მე კი კმაყოფილი ვიქნებოდი 4:0 გამარჯვების შემთხვევაში.
მომდევნო ეტაპზე “გაბალა” გავიდა და ეს ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგე ჩვენზე ძლიერია. მეტოქე გუნდს გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს, ჩვენთან კი ახალგაზრდები და ნაკრების პოტენციური ფეხბურთელები თამაშობენ.
ბაქოში უხეში შეცდომების გამო დავმარცხდით, დღეს კი სწორი ტაქტიკა ავირჩიეთ. ჩვენი შეცდომები დავინახეთ, ეს გაკვეთილად გამოგვადგა”, – აღნიშნა ცეცაძემ.