“ტრანმირ როვერსი” – “ლივერპული”: მანე, მატიპი და კარიუსი სასტარტოშია, ბალოტელი – არა

დღეს, “ლივერპულის” გულშემატკივრებს პირველად მიეცემათ შანსი “წითელ” ფორმაში იხილონ ინგლისელთა სამი ახალწვეული : სადიო მანე, ჟოელ მატიპი და ლორის კარიუსი – სამივე მათგანი “ტრანმირთან” გასამართი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება პრე-სეზონის პირველ მატჩს – “ლივერპული” სულ 9 ამხანაგურ მატჩს გამართავს – რომელშიც იურგენ კლოპის გუნდი ინგლისურ “ტრანმირ როვერსს” გაეჯიბრება. მატჩი სტარტს პარასკევს, 22:00 საათზე აიღებს სტარტს.

იურგენ კლოპმა არ გამოიძახა მარიო ბალოტელი, რომლის “ლივერპულური” კარიერაც დასასრულს უახლოვდება. სამაგიეროდ გამოიძახა ლაზარ მარკოვიჩი, თუმცა, ის სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

ამასთანავე, აღნიშნულ მატჩში ოვიე ეჯარიას დებიუტიც შედგება, რომელიც ინგლისურ კლუბს 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა. 18 წლის ფეხბურთელმა თავი ვარჯიშებზე გამოიჩინა. ის ცენტრალური ნახევარმცველის როლს მოირგებს.

მატჩს სასტარტოდან დაიწყებს ძირითადი შემადგენლობის ორი წევრი: დეიან ლოვრენი და რობერტო ფირმინოც. სასტარტო თერთმეტეულშიმოხვდა ჯონ ფლანაგანიც.

“ლივერპულის” სასტარტო თერთმეტეული: კარიუსი, ფლანაგანი, მატიპი, ლოვრენი, სმიტი, ლუკასი, ეჯარია, ბრენეგანი, კენტი, მანე, ფირმინო.

“ლივერპულის” სათადარიგო ფეხბურთელები: ბოგდანი, მორენო, ილორი, ინგსი, სტიუარტი, უისდომი, მარკოვიჩი, კეინი, რენდალი, ვუდბარნი, ალექსანდერ-არნლოდი, ჩირიველა.