ანტონიო კონტეს მიერ დაწუნებული მომავალი თაობა

მართალია, რომ იტალიისათვის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი მტკივნეულად, გერმანიასთან განცდილი დასანანი მარცხით დასრულდა, თუმცა, ამავდროულად გამოჩნდა ძალიან დიდი დადებითი მხარეებიც . მიუხედავად იმისა, რომ კონტეს ბიჭებმა საუკეთესო ოთხ ნაკრებს შორის ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხეს, “სკუადრა აძურა” მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ ტურნირზე.

მათ მიერ ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებთან ნათამაშები მატჩი მართლაც რომ სანიმუშო იყო თითოეული ფეხბურთელისათვის. იტალიელები გუნდურად მუშაობდნენ. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ კონტეს სელექციას სამართლიანად აკრიტიკებდნენ. მან რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელი არ გამოიძახა, რომელიც გუნდს აუცილებლად გამოადგებოდა.

“ჩელსის” ახალი თავკაცი ყოველთვის ამბობდა, რომ ქვეყანას აკლდა ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები.

თუმცა სიმართლე სხვაგვარია, იტალიას მართლა ჰყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთა უმეტესობა ადრე თუ გვიან მაინც გამოიჩენს თავს. გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც ჯამპიერო ვენტურას თანადგომას ნამდვილად იმსახურებენ.


ანდრეა ბელოტი (22 წლის ; “ტორინო”)

80

ამ დროისთვის იტალიელებს ყველაზე დიდი პრობლემა შეტევაში აქვთ. ევრო 2016-ზე მეტოქეთა კარის აღებაზე ედერი და გრაციანო პელე ზრუნავდნენ. პირველი მათგანი 29 წლის გახლავთ, ის მთელი სეზონის მანძილზე საშინელ ფორმაში იმყოფებოდა. მეორე კი 30 წლის არის და ვერც ის ახერხებდა რეგულარულად თამაშს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კონტემ მათგან მაინც საუკეთესო მიიღო, მაგრამ უკვე დროა, რომ შანსი ანდრეა ბელოტისაც მიეცეს.

22 წლის ფეხბურთელი “ტორინოს” ერთი წლის წინ შეუერთდა 7.5 მილიონ ევროდ. ბელოტიმ მალევე გაიარა ადაპტაცია იტალიურ გუნდში და სადებიუტო სეზონში შესანიშნავი შედეგი “დადო” – 12 გოლი სერია ა-ს 35 მატჩში. ბელოტი საკმაოდ ღონიერი, სწრაფი ფეხბურთელია, რომელსაც უძლიერესი დარტყმა აქვს. ამასთანავე კარგად ეხმარება მველებსაც.


მარკო ბენასი (21 წლის ; “ტორინო”)

1

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ვენტურამ ნაკრებში გამოიძახოს “ტორინოს” ცენტრალური ნახევარმცველი, მარკო ბენასია, რომელთან ერთადაც მუშაობის გამოცდილება მას უკვე დაუგროვდა. ბენასი კონტემაც გამოიძახა, როდესაც “სკუადრა აძურა” ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადებოდა, თუმცა 21 წლის ფეხბურთელის სანაკრებო დებიუტი არ შემდგარა. რაც შესაძლოა სულ მალე შეიცვალოს.

გასული სეზონი ბენასისთვის საუკეთესო იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ნახევარმცველია იტალიაში. ის დიდად არ განსხვავდება “იუვენტუსის” 23 წლის ფეხბურთელისაგან (სტეფანო სტურარო), რომელმაც ევრო 2016-ში მიიღო მონაწილეობა.


დომენიკო ბერარდი (21 წლის ; “სასუოლო”)

1

ის მხოლოდ 21 წლის არის, მიუხედავად იმისა, რომ დომენიკო ბერარდის საფეხბურთო სამყარო კარგა ხანია რაც იცნობს. გასული სეზონი მისთვის მესამე იყო იტალიის საუკეთესო ჩემპიონატში. ყოველი მათგანი ბერარდიმ “სასუოლოს” მაისურით ჩაატარა. ამასთანავე, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მის მიერ გატანილ გოლთა რიცხვი ერთ ციფრში გამოისახა.

მიუხედავად იმისა, რომ მესამე სეზონში ის იმდენად პროდიქტიული არ იყო, ბერარდი მაინც ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდია ევროპის მასშტაბით. პოზიციურად ის საკმაოდ სწორად მოქმედებს, არის სწრაფი და ძალიან ტექნიკური. ერთი-ერთზე მის წინააღმდეგ თამაში უზომოდ სახიფათო. მარცხენა ფეხით მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

იმ შემთხვევაში, თუ იტალიელთა ახალი თავკაცი 4-3-3 ტაქტიკით გადაწყვეტს თამაშს, ბერარდი საკმაოდ საჭირო ფეხბურთელი გახდება გუნდისათვის, რამეთუ მარჯვენა ფლანგზე ის ძალიან პროდიქტიულად თამაშობს.

თუმცა, ჯერ მან დისციპლინასთან უნდა მოაგვაროს საქმე.


ჯანლუიჯი დონარუმა (17 წლის ; “მილანი”)

1

სინიშა მიჰაილოვიჩმა “მილანის” მწვრთნელის ფუნქციები ერთ სეზონზე ნაკლები დროის მანძილზე შეასრულა. ის საშინელი შედეგებისა და არასახარბიელო სათამაშო სტილის გამო გაათავისუფლეს. თუმცა, ამ დროის მანძილზე მან ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – მან დიეგო ლოპესი სკამზე დასვა და შანსი მისცა ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო.

მაშინ მიჰაილოვიჩის ეს სვლა ცხელ გულზე გაკეთებულ საქმედ მიიჩნიეს, თუმცა, დროთა განმავლობაში ყველამ აღიარა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი 38 წლის გახლავთ, მისი “აღსასრული” ახლოვდება. ბუფონის “სეხნიას” კი ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ “იუვენტუსის” ლეგენდარული მეკარე სათანადოდ ჩაანაცვლოს.


ადამ მასინა (22 წლის ; “ბოლონია”)

1

“ბოლონია” იტალიის უმაღლესი ჩემპიონატიდან გავარდნას გადარჩა, რაშიც დიდი წვლილი ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიუძღვის, როგორიც ადამ მასინა არის. ძლიერი, პროგრესულად მოაზროვნე და დინამიკური – ასე შეიძლება დავახასიათოთ “ბოლონიელთა” მარცხენა მცველი.

რობერტო დონადონის თავკაცობით მას უმეტეს შემთხვევაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე უწევდა თამაში, თუმცა, დელიო როსი მასში ფლანგზე მოთამაშე მცველსაც ხედავდა. 3-5-2 ფორმაციაში მასინას ადგილი ნამდვილად უნდა მოიძებნოს.


ალესიო რომანოლი (21 წლის ; “მილანი”)

1

როგორც იცით, გასულ ზაფხულში “მილანი” ცენტრალური მცველის ძიებით იყო დაკავებული. საბოლოოდ “როსონერის” სკაუტებმა ალესიო რომანოლის მიაკვლიეს. “რომასთან” წარმოებული გაწელილი მოლაპარაკებების წყალობით 21 წლის მცველი მილანურ ბანაკში გადაბარგდა.

რომანოლი საკმაოდ მალე იქცა “როსონერის” დაცვის ლიდერად. სეზონის ბოლოსკენ ის არა მარტო დაცვის, არამდე გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა. რომანოლი თავის მარცხენა ფეხს მაქსიმალურად იყენებს, მისი პასების უმეტესობა ზუსტია.

მისი ტექნიკური შესაძლებლობებისა და თამაშის კითხვის უნარის წყალობით, რომანოლის ღირსეულად შეუძლია ჯორჯო კიელინის ჩანაცვლება იტალიის ნაკრებში.


დანიელე რუგანი (21 წლის ; “იუვენტუსი”)

1

“ემპოლიში” არენდის წესით გატარებული მშვენიერი სეზონის შემდეგ (2014-15), დანიელე რუგანი “იუვენტუსში” დიდი იმედებით დაბრუნდა. მაგრამ, პირველი 6 თვის მანძილზე, ბრწყინვალე BBC-ის (ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი) გადამკიდე, მან “ბებერი ქალბატონის” რიგებში თავის გამოჩენა ვერ მაოხერხა.

საბოლოოდ, 21 წლის ფეხბურთელმა გამოცდილი თანაგუნდელების ტრავმების წყალობით იხეირა და ყველას დაუმტკიცა, რომ მას ყველაფერი აქვს, რაც “იუვეს” ძირითადში უფრო ხშირად თამაშისთვის არის საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ BBC-ს წყალობით, რუგანი, ინტელიგენტი ცენტრალური მცველი დღითი-დღე პროგრესირებს. უახლოეს მომავალში, იტალიის ნაკრებს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც რუგანია, აუცილებლად დასჭირდება.