ფეხბურთელები, რომლებმაც “ბარსასა” და “რეალს” შორის არჩევანი გააკეთეს

როგორც იცით, “ბარსელონამ” ახლახან გადაიბირა პორტუგალიელი ანდრე გომეში “ვალენსიადან”. არადა, ესპანური მედია ირწმუნებოდა, რომ მას უკვე მიღწეული ჰქონდა შეთანხმება “რეალთან”.

გთავაზობთ, იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომლებმაც “ბარსასა” და “რეალს” შორის არჩევანის გაკეთების უფლება ხვდათ წილად ..


ალფრედო დი სტეფანო | ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ამ ჭრილში. არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსელონას” რიგებშიც კი ითამაშა (ამხანაგურ მატჩში), ბოლოს მაინც “რეალში” აღმოჩნდა. ამან კი ორი უდიდესი კლუბის ისტორია სრულიად შეცვალა.


კარიმ ბენზემა | ფრანგი ფორვარდის გადაბირება პირადად პეპ გვარდიოლას სურდა, თუმცა “ლიონის”ყოფილმა ფეხბურთელმა “ბარსას” “რეალი” ამჯობინა. კატალონიელებმა კი მის ნაცვლად ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოიყვანეს, თანაც საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ.


მესუტ იოზილი | გერმანელმა ნახევარმცველმა თავი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა. მისი გადაბირება რამოდენიმე ევროპულ გრანდს სურდა, მათ შორის “ბარსელონასაც”. საბოლოოდ, მესუტის გადაბირება მადრიდის “რეალმა” მოახერხა.


სამუელ ეტო’ო | მართალია, კამერუნელმა თავდამსხმელმა “რეალშიც” ითამაშა, თუმცა “მალიორკაში” ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, მან მადრიდულ კლუბში დაბრუნებას, კარიერის “კამპ ნოუზე” გაგრძელება ამჯობინა.


დევიდ ბექჰემი | ლაპორტამ არჩევნების მოგება მოახერხა დაპირებით, რომელიც გუნდში ინგლისელი ნახევარმცველის მოყვანას ითვალისწინებდა. თუმცა, იმ დროისთვის ბექჰემს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კარიერა “სანტიაგო ბერნაბეუზე” უნდა გაეგრძელებინა.


დავიდ ვილია | მადრიდული გრანდი ვილიას რამოდენიმე წლის მანძილზე აკვირდებოდა. მაგრამ, ესპანელმა ფეხბურთელმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გამოაცხადა, რომ კარიერას “ბარსელონაში” აგრძელებდა.


დანილო | კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები დანილოში დანი ალვეშის ჩამნაცვლებელს ხედავდნენ, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსას” “რეალმა” აწაპნა.


ლუის სუარესი | ურუგვაელმა ფეხბურთელმა ყველას გაუმხილა, რომ მისი გადაბირების სურვილი “რეალმაც” გამოთქვა. თუმცა, განაცხადა, რომ მას მხოლოდ “ბარსელონაში” სურდა თამაში.


ლუკა მოდრიჩი | ხორვატ ფეხბურთელს კარგა ხნის მანძილზე უკავშირებდნენ “ბარსელონას”. თითქოს, ის “ბლაუგრანას” სათამაშო სტილისთვის ზედგამოჭრილი იყო. მაგრამ, “ტოტენჰემის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოსთან შეერთების სურვილი გამოთქვა.


მარკო ასენსიო | “ბარსელონამ” 2-მილიონიანი ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა “მალიორკას” ასენსიოს ტრანსფერის თაობაზე, თუმცა, “რეალმა” კლუბს უფრო მეტი შესთავაზე. საბოლოოდ მარკო “რეალში” აღმოჩნდა.


დანი ალვეში | თითქოს, “სევილიას” მარჯვენა მცველის “რეალში” გადასვლა უკვე დადასტურებული იყო, თუმცა, ბოლო წამს “ბარსელონამ” მისი მოსისხლე მეტოქე დაჯაბნა და ბრაზილიელი მცველიც გადაიბირა, 30 მილიონ ევროდ.


ტონი კროოსი | “ბარსას” ყოფილი სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა თავად შეხვდა გერმანელი ფეხბურთელის აგენტს. მაგრამ, ტონიმ კარიერის გაგრძელება მადრიდში გადაწყვიტა.


ივან რაკიტიჩი | “სევილიაში” გატარებული ორი დიდებული სეზონის შემდეგ, ხორვატმა ფეხბურთელმა “რეალისა” და “ბარსას” ყურადღებაც მიიპყრო. მან არჩევანი იმ კლუბზე გააკეთა, რომელიც ტრიპლეტის მოგების უფლებას მისცემდა.


ნეიმარი | ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე. ბრაზილიელმა “რეალში” სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა, მაგრამ, საბოლოო ჯამში მაინც “კამპ ნოუზე” გადაბარგდა.


კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გადაბირება “ბარსელონასაც” სურდა. ეს მაშინ იყო, როდესაც მესი ჯერ კიდევ არ იყო კარიერის პიკზე. თუმცა, რონალდუ “რეალში” გადავიდა (2009) და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.