დიდიე დროგბას ჰეთ-ტრიკმა “მონრეალს” გამარჯვება მოუტანა

მართალია, დიდიე დროგბა “მონრეალ იმპაქტის” ძირითადი ფეხბურთელი არ არის, თუმცა, როდესაც ის მოედანზე შემოდის, ის ყოველთვის ახდენს გავლენას მატჩის მიმდინარეობაზე. მიმდინარე სეზონში, “ჩელსის” ლეგენდამ 21-დან მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დაახლოებით 2-თვიანი მშრალი სერიის შემდეგ, დიდიე დროგბამ კვლავ მოახერხა მეტოქის კარის აღება. “მონრეალ იმპაქტის” მეტოქე “ფილადელფია იუნიონი” იყო, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.

დროგბამ, რომელიც ახლახან დაბრუნდა ლაზარეთიდან, ანგარიში მატჩის მე-18 წუთზე გახსნა.

სამი წუთის შემდეგ, 38 წლის აფრიკელმა ფეხბურთელმა ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა.

დროგბამ ჰეთ-ტრიკის გაფორმება 52-ე წუთზე შეძლო, რაშიც დიდი წვლილი პიატიმ შეიტანა.

შედეგად, “მონრეალ იმპაქტმა” 1 ქულამდე შეამცირა სხვაობა “ფილადელპია იუნიონთან”. დროგბამ კი მე-19 გოლი გაიტანა 23 მატჩში.