ნინო სალუქვაძე: “ჩემმა შვილმა ლიცენზიის მოპოვებით საგმირო საქმე გააკეთა”

სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება რიოს რიგით 31-ე ოლიმპიადის დაწყებამდე. ჩვენი ქვეყანა 39 სპორტსმენით წარსდგება აღნიშნულ ღონისძიებაზე. ერთ-ერთი იმათგან, ვისზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, ტყვიის მსროლელი, ძალიან გამოცდილი ნინო სალუქვაძეა. საგულისხმოა, რომ რიოში დედასთან ერთად მისი ვაჟი, ცოტნე გოგრიჭიანიც მიემგზავრება, რომელიც სპორტის ზუსტად იგივე სახეობაში იასპარეზებს. ეს უპრეცედენტო ფაქტია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა სალუქვაძეს და მასთან საკმაოდ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

– უკვე 47 წლის ხართ, რაც ნებისმიერი სპორტსმენისთვის ნამდვილად აღარაა პატარა ასაკი. თქვენი აზრით, ახლაგაზრდობასთან შედარებით, ამ ოლიმპიურ თამაშებზე რაიმე მხრივ შეგიშლით ხელს წლოვანება წარმატების მიღწევაში?

– მარტივად გეტყვით, სპორტის ეს სახეობა სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ასაკს, ფაქტობრივად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შესაბამისად, თუ რამე სხვა – ჯანმრთელობა ან ეკიპირების ტექნიკური მაჩვენებლები – არ გიშლის ხელს, ე.ი., ჩვეულებრივად შეძლებ ასპარეზობას ნებისმიერ ტურნირზე.

– თქვენი საუკეთესო შედეგი მაშინ, როცა დამოუკიდებელ საქართველოს წარმოადგენდით, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე, 10 მეტრზე სროლაში, ბრინჯაოს მედალია… როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ ამ მიღწევის გაუმჯობესება რიოში? თქვენი აზრით, რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი (ფაქტორები) ვერცხლის ან ოქროს მედლის მოგებაში?

– მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მე ყოველთვის საქართველოს წარმოვადგენდი და 1988 წელს საბჭოთა კავშირის დროს მოპოვებული ვერცხლისა და ოქროს მედლებიც ჩემი ქვეყნის სახელზეა და არა სხვა რომელიმესი.

– გარდა იმ ოლიმპიადებისა, სადაც მიაღწიეთ წარმატებას, სხვა რომელი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რომელში იყავით ძალიან ახლოს თუნდაც ბრინჯაოს მედალთან და ვერ მიაღწიეთ წარმატებას?

– ატლანტის ფინალში მეორე შედეგით შევედი, მესამე ადგილოსანს ძალიან დიდი სხვაობით ვუსწრებდი. მაგრამ იქ პირველად იქნა გამოყეებული კომპიუტერული სისტემა… რაღაც მოხდა… აურია კომპიუტერმა… სანამ ეს ჩვენ გავიგეთ და გავაცნობიერეთ, მანამდე ფინალი დამთავრდა. საბოლოოდ, მედლის გარეშე დავრჩი.

– ანუ, ფაქტობრივად, მოგებული ვერცხლი წაგართვათ კომპიუტერმა?

– კი, ზუსტად ეგრე იყო.

– თქვენს ვაჟზე, ცოტნეზეც გკითხავთ. დედა-შვილი ოლიმპიადაზე, ეს მართლაც საამაყო რამაა, პირველ რიგში ოჯახისთვის, შემდეგ სრულიად საქართველოსთვის. როგორ ფიქრობთ, შეუძლია მას ნებისმიერი სინჯის მედლისთვის იბრძოლოს?

– ცოტნემ წელს მართლაც საგმირო საქმე გააკეთა ამ ლიცენზიის მოპოვებით. ვნახოთ, მომავალში როგორ გაიზრდება მისი შედეგები. ვიმედოვნებ, ის წარმატებას მიაღწევს.

– ყველაზე მეტად რითი გგავთ თქვენი ვაჟი? არის ის ისეთივე მონდომებული და შემართული, როგორც თქვენ?

– ხასიათით ნამდვილად მგავს, მაგრამ ის ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადია და უფრო მეტად თამამი, ვიდრე მე. ერთს აღვნიშნავ, მას ისეთი პირობები რომ ჰქონდეს, როგორიც მე მქონდა, გაცილებით მეტს მიაღწევდა!

– ზოგადად, ნაკრების შანსებზე რას გვეტყვით? 2012 წელს მხოლოდ ერთი ოქრო მოვიპოვეთ… თქვენი პროგნოზი რა არის, დაახლოებით რამდენი ოქროს მედლის მოგება შეგვიძლია რიოში?

– ჯერ გადავხტეთ და მერე ვაკეთოთ პროგნოზები. იმედია, უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.

– ბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ იმ ეროვნულ ფორმებზე, რომლებიც “სამოსელი პირველმა” შეგიკერათ. ამ ტანისამოსს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ბევრი ამბობდა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოსთან, ბევრი ირონიულადაც კი საუბრობდა. თქვენი შეფასება როგორია ამ ფორმებზე?

– სამოსი შექმნილია ეროვნული ორნამენტების გამოყენებით; მორგებულია ყველანაირი კონფიგურაციის ადამიანზე; გათვალისწინებულია დროშის ფერებიც; ის კლიმატური პირობებიც კი, რაც რიოში დაგვხვდება! ყველაზე მთავარი ისაა, რომ ოცდაცხრამეტივე სპორტსმენს ჰკითხეს და ყველა კმაყოფილია ამ ტანსაცმლით. ის ყველას უხდება.

– ანუ მოგწონთ აღნიშნული ტანისამოსი?

– სამოსის სამი ვარიანტი გვაქვს. იქ, ადგილზევე გადაწყდება, რომელი უნდა ჩავიცვათ. ის ფაქტორი, რომლის მიხედვითაც ავარჩევთ ტანსაცმელს, მხოლოდ ამინდია. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ბრაზილიაში ახლა ზამთარია. ღამით 14-16 გრადუსია და ცერემონიალი გვიან, ორ-სამ საათზე დასრულდება.

მართალი გითხრათ, ამხელა ყურადღების გამახვილება ნამდვილად არ ღირს ამ საკითხზე. ჩვენ, სპორტსმენებს სხვა, გაცილებით საპასუხისმგებლო საქმე გვაქვს გასაკეთებელი.

უბრალოდ, იმას გეტყვით, რომ მე პირადად კლასიკური სამოსის მომხრე ვიყავი, მაგრამ სპორტსმენთა უმრავლესობით, ნაციონალური სტილის ჩასაცმელი გადაწყდა.