ივო შუშაკი: “მთავარია ორივე გუნდმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს”

“ზაგრების დინამოს” აკადემიის უფროსმა, ივო შუშაკმა, რომელიც 2002-2004 წლებში თბილისურ გრანდსაც წვრთნიდა, თბილისის “დინამოსა” და ზაგრების “დინამოს” შანსები შეაფასა, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ.

თბილისის “დინამოს” შესახებ

“საქართველოზე საუბრისას, ცრემლების შეკავებაც მიჭირს. იქ ორი ბრწყინვალე წელიწადი გავატარე, ჩვენ გავხდით ჩემპიონები, მოვიგეთ თასი, დსთ-ს თასი, ასევე დაუვიწყარია რუსეთთან გამარჯვება.

ქართველი ხალხი ძალიან თბილია, მსგავსად ხორვატებისა.

ამის შემდეგ, თბილისში კიდევ 10-ჯერ ჩავედი. ახლაც ვაპირებ ჩამოსვლას, მინდა საპასუხო შეხვედრას დავესწრო და სექტემბერშიც ჩამოვალ 19-წლამდელთა მატჩის საყურებლად.”

ემოციები წილისყრის შემდეგ

“ემოციები არც ისე სასიამოვნო იყო, რადგან ნათელი იყო ის ფაქტი, რომ გათამაშებიდან ერთ-ერთი გუნდი უნდა გამოვარდნილიყო. მე კი ორივე “დინამო” ძალიან მიყვარს.

ახლა, ზაგრებში, ჩემი კარიერის ბოლოს, როგორც აკადემიის დირექტორი, ისე ვმუშაობ.

მაინც ვფიქრობ, რომ მთავარია ორივე გუნდმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს.

ხორვატი ჟურნალისტები მეკითხებიან და ვპასუხობ, რომ ქართველები ძალიან, ძალიან ნიჭიერები არიან. ქართული ფეხბურთის ისტორია კი ძალიან მდიდარია. ქართველებს საბჭოთა ნაკრებში ყოველთვის ყავდათ არაერთი წარმომადგენელი.”

შანსები

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ “დინამო ზაგრები” კარგი გუნდია, რომელიც კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

თბილისელთა გუნდიდან ამისულაშვილს ვცნობ და ვიცი, რამდენად ტექნიკურები არიან ქართველი ფეხბურთელები.

მინდა ვთქვა, რომ ხვალ, აქ შეიძლება, მოიგოს მასპინძელმა, თუმცა, ალბათ მინიმალური ანგარიშით. მაგრამ ისიც ვიცი, რომ თბილისში სულ სხვა ატმოსფერო და თამაში იქნება გავსებული სტადიონის ფონზე. მოკლედ ასე ვიტყოდი, შანსები 55%-45%-ია ზაგრებელთა სასარგებლოდ.”