გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი თვლის, რომ ლეროის სანემ “შალკე” “მანჩესტერ სიტიში” მხოლოდ ფულის გამო გაცვალა. ცნობისთვის გეტყვით, რომ “სიტიმ” 20 წლის გერმანელი 45 მილიონ ევროდ შეიძინა.
“სანეს ხელფასი ახლა გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე ეს “შალკეში” იყო. სწორედ ამან იქონია უდიდესი გავლენა მის გადაწყვეტილებაზე.
სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვპოულობ. ის ნამდვილი ტრადიციების მქონე კლუბში თამაშობდა. პირადად მე ვურჩევდი, რომ “შალკეში” კიდევ ერთი სეზონი მაინც დარჩენილიყო. “სიტიში” სანეს გაუჭირდება.
ეჭვიც არ მეპარება, რომ მას ყველაფერი აქვს კარგი კარიერის საწარმოებლად. ის სწრაფია, ტექნიკური და ზეწოლას არ იმჩნევს. თუმცა, მას წარმატების მიღწევა “შალკეშიც” შეეძლო, სადაც ხალხს მხოლოდ მისი იმედი ჰქონდა.
ამიერიდან, მას განსაკუთრებულ ყურადღებას ვეღარ მიაქცევენ. პეპ გვარდიოლა მთელ დროს იმის ცდაში გაატარებს, რომ მისი ფილოსოფია “სიტის” მოარგოს. თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით ვერ წავა, სანეს ყურადღებას არავინ მიაქცევს.”