გერმანიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი, ჟერომ ბოატენგი 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 27 წლის ფეხბურთელმა 163 ხმა დააგროვა და ამ შედეგით ყველას აჯობა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გერმანიაში ჟურნალისტები ირჩევენ. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 674-მა ჟურნალისტმა მიიღო. ხმების უმრავლესობით მეორე ადგილზე ტომას მიულერი გავიდა (95 ხმა), რობერტ ლევანდოვსკი კი მესამეზე აღმოჩნდა (90 ხმა).

ჟერომ ბოატენგი პირველი მცველი გახდა 1997 წლის შემდეგ, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. 1997-ში ეს სტატუსი იურგენ კოლერმა მოიპოვა.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი კი დირკ შუსტერს (256 ხმა) ხვდა წილად, რომელიც გასულ სეზონში გერმანულ “დარმშტადტს” წვრთნიდა. მეორეზე ტომას ტუჰელი გავიდა 134 ხმით, მესამეზე – გვარდიოლა (54 ხმა).