ლაშა ტალახაძის მამა: “ლაშას ბავშვობაში განსაკუთრებულ ნიჭს ვერ ვამჩნევდი, მაგრამ…”

რიოს 2016 წლის ოლიმპიადა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ლაშა ტალახაძისთვის. ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა საკუთარ ქვეყანას პირველი ოქროს მედალი მოუტანა და ორჭიდში მსოფლიო რეკორდიც დაამყარა – მან 473 კილოგრამის აწევა მოახერხა. 22 წლის ქართველის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მისი მამა, ბატონი კობა ტალახაძეა, რომელიც ყოფილი ძალოსანი გახლავთ. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო ლაშამ ვარჯიში პატარა ასაკიდან სპორტის აღნიშნულ სახეობაში და, საბოლოოდ, უდიდეს წარმატებას მიაღწია.

Fanebi.Com-ის ჟურნალისტი ბატონ კობას საჩხერეში შეხვდა და მასთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

– როდის გადაწყვიტეთ ლაშას ძალოსნობით დაკავება?

– ალბათ, იცით, რომ მე ადრე ძალოსანი ვიყავი. ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვიყენე და ვერ მივაღწიე იმას, რაც მსურდა. ამიტომ, ასე ვთქვათ, ჩაფიქრებული მქონდა, რომ რაც ვერ შევძელი, ის ჩემს რომელიმე შვილს გაეკეთებინა: ან ერთ-ერთს, ან ორივეს; რომელსაც ნიჭი აღმოაჩნდებოდა, იმას შევუწყობდი ხელს, რომ წარმატების მწვერვალზე ასულიყო. 6-7 წლიდან ორივეს, უფროს გიორგის და ლაშას დავაწყებინე ძალოსნობაში ვარჯიში. გიოს ფეხბურთის ნიჭი უფრო ჰქონდა და სწორედ სპორტის ამ სახეობაში გადავიყვანე. ლაშას კი შტანგაზე ვაცდევინე ბედი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ახლანდელ ოლიმპიურ ჩემპიონს პატარაობაში საერთოდ არ ეტყობიოდა, რომ ძალოსნობის ნიჭი ჰქონდა. ეს მალევე გავაანალიზე, შევაწყვეტინე შტანგაზე ვარჯიში და ჭიდაობა დავაწყებინე. მინდოდა, სხეული გავარჯიშებოდა, უფრო მოქნილი გამხდარიყო. 2 წლის შემდეგ ფეხბურთზე გადავიყვანე, რათა სისწრაფე მომატებოდა. მოკლედ, ჭიდაობამაც და ფეხბურთმაც 3 წლის მანძილზე ლაშას განუვითარა ის უნარები, რომლებიც საჭირო იყო ძალოსნობაში. სწორედ ასე, ჭკვიანურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით წინ. 13-14 წლიდან კი უკვე მივხვდი, რომ მისგან შეიძლებოდა ნორმალური ძალოსანი გამოსულიყო.

– ანუ იმის თქმა გინდათ, რომ ლაშას რამე განსაკუთრებული ტალანტი თავიდან არ ჰქონდა…

– ზუსტად მიმიხვდით; ხშირად გამცრუებია იმედი ვარჯიშის დროს: ვეტყოდი, რაღაც კონკრეტული მოძრაობა გააკეთეთქო და ზოგჯერ ისეთ რამეს იზამდა, ძალიან ვბრაზდებოდი. თუმცა, ეს იყო თავიდან, შრომამ და სწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო. მე მისთვის არასდროს მითქვამს, რომ მომავალი არ ჰქონდა. ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ჩემი შვილი კარგი სპორტსმენი დამდგარიყო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჭკვიანურმა მიდგომამ თავისი ქნა – ერთი შეხედვით უპერსპექტივო ბიჭი დღეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანია.

– ოლიმპიადის დაწყებამდე როგორი მოლოდინი გქონდათ, ელოდით თუ არა ოქროს მედალს?

– პირდაპირ გეტყვით, ნამდვილად ველოდი ოქროს. ემოციური ადამიანი ვარ და როცა ლაშა წარსულში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გადიოდა, ძალიან ვღელავდი. თუმცა, ჩემი შვილის ნაჩვენებმა შედეგებმა წინა ტურნირებზე მომცა იმის რწმენა და საფუძვლიანი იმედი, რომ იგი ოქროს ჩამოიტანდა ბრაზილიიდან.

ამ იმედებს ისიც ამყარებდა, რომ ირანელი, ბეჰდად სალიმი შესწავლილი გვყავდა. ზუსტად ვიცოდით მისი აწეული წონები წარსულში ჩატარებულ ტურნირებეზე… მოკლედ, ლაშას მთავარი მეტოქის შესაძლებლობები დეტალურად მქონდა გაანალიზებული. ერთი სიტყვით, ისე იყო, რომ რა წონაც ჩემს ვაჟს დასჭირდებოდა სალიმის დასაჯაბნად, ყველაფერს აწევდა. ეს ზუსტად ვიცოდით.

– თქვენ საჩხერის კინოში უყურეთ ლაშას ასპარეზობას. ნერვიულობის ფონზე, შეძელით, ექვსივე გამოსვლისთვის თვალი გედევნებინათ?

– ბუნებრივია, რომ ძალიან განვიცდიდი. პირველი გამოსვლა ყველაზე ამაღელვებელი იყო ჩემთვის. მისი ყურება დაძაბულობის გამო კარგად ვერ მოვახერხე. ხოლო, დანარჩენ ხუთ მისვლას კი ვადევნე თვალი. როცა სალიმიმ მეორე გამოსვლაზე 245 კილოგრამი ვერ აწია, უკვე მივხვდი, რომ სანერვიულო აღარაფერი იყო და, დიდი ალბათობით, ლაშა ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გამხდარიყო.

– რა იგრძენით იმ მომენტის პირველ წამს, როცა თქვენმა ვაჟმა ოქროს მედალი მოიგო?

– პირველ რიგში, უზღვავი, არაამქვეყნიური სიხარული და ბედნიერება მაგრძნობინა ჩემი შვილის წარმატებამ. წარმოიდგინეთ, როგორ გიხარია იმ ქართველის გამარჯვება, რომელიც შენი შვილი კი არა, ნათესავიც კი არაა… და საკუთარი ბიჭი, რომ ოლიმპიადას იგებს, ეს რაღაც სასწაული შეგრძნებაა.

ლაშას ყველაფერი მოგებული ჰქონდა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ახალგაზრდული ტურნირები, ევროპის რეკორდიც დამყარებული იყო მის მიერ. და უცებ მოხდა ეს… დღესაც კი არ მაქვს გათვითცნობიერებული ბოლომდე, რა მოხდა. დამიჯერეთ, ძალიან ძალიან რთულია ამის აღქმა. მადლობა ჩემს შვილს ამისთვის!

– ირანელები ამბობენ, რომ მსაჯებმა სალიმისთან მიმართებაში არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. თქვენ რას გვეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?

– სალიმის აკვრაში ორი გამოსვლა არ ჩაუთვალეს. ჩემი აზრით, პირველი გადაწყვეტილება ობიექტური იყო. აი მეორეზე კი იმედნად აშკარა იყო ის, რომ ირანელი სპორტსმენისთვის შედეგი არ უნდა დაეფიქსირებინათ, დარბაზშიც კი ხმამაღლა ვიძახდი: “სად არიან მსაჯები, რას აკეთებენ, ეს არ უნდა ჩაითვალოს.” საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ სამი მსაჯის გვერდზე მსხდომმა ჟიურის წევრებმა გააპროტესტეს მეორე გამოსვლაზე სალიმის მიერ დაფიქსირებული შედეგი. აი ეს ფაქტი, როცა ჟიური ასე აქტიურობს და გადამწყვეტი ხდება მისი ნაბიჯი, შესაძლებელია 5-6 ოლიმპიადაზე ერთხელ დაფიქსირდეს. საბედნიეროდ, სამართლიანობამ იმარჯვა და ირანელს არც მეორე შედეგი არ ჩაუთავლეს. დაჩაგრეს სალიმი? ეს, ცოტა არ იყოს სასაცილოა, ვინ დაჩაგრეს, ოლიმპიური ჩემპიონი? ამხელა ავტორიტეტის მქონე კაცი? და დებიუტანტს გაამარჯვებინეს? არა, ეს აფსურდია. ყველაფერი მოხდა ობიექტურად. ლაშამ ნამდვილად კუთვნილი მედალი მიიიღო.

ერთს გეტყვით და ბოლოს… სალიმის თუ რამე გასასაჩივრებელი ჰქონდა, ეს საკუთარ მწვრთნელებთან უნდა ექნა, რადგანაც მათ წონა არასწორად შეარჩიეს. უნდ დაეწყო 242 კილოგრამით. შესაძლოა, ამით ლაშასთვის ვერ ეჯობნა, მაგრამ ვერცხლის მედალი მაინც დარჩებოდა. დღეს კი ეს ადამიანი უმედლოდაა.

– მიუხედავად წაგებისა და პრეტენზიებისა, რომელიც უკვე ვახსენეთ, ირანელმა სპორტსმენმა ვაჟკაცურად და ღირსეულად მიულოცა თქვენს შვილს ოლიმპიური ჩემპიონობა. მის ჟესტზე რა კომენტარს გააკეთებთ?

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ ამ ქცევით მისი ადამიანობა გამოჩნდა. ის ნამდვილად დიდი პიროვნებაა. ჯერ ყველა საქმეში ადამიანი უნდა იყო, შემდეგ კი იმ საქმის პროფესიონალი, რომელშიც მოღვაწეობ. სალიმის შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა.

სხვათა შორის, პარასკევს სამსახურში გვქონდა აღნიშნულ თემაზე საუბარი. ლაშა რომ ჩამოვა, ძალიან გვინდა საჩხერეში გავაკეთოთ ღონისძიება და, ასევე, ბანკეტი, სადაც საპატიო სტუმრები იქნებიან მოწვეულები. გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს… იდეაში გვაქვს, რომ სალიმი დავპატიჟოთ და საქართველოში ამ ღონისძიებაზე ჩამოვიყვანოთ. იმედია, ეს გამოგვივა. გვინდა, მსოფლიოს ჩვენი სტუმართმოყვარე ქართული ხასიათი ვაჩვენოთ.

– ყველაფერი უფლის ნებით ხდება, მაგრამ გარდა მისი წყალობისა, რა იყო თქვენი შვილის წარმატების მთავარი საიდუმლო?

– ჯერ მაინც უფლიდან დავიწყოთ… ჩვენი ოჯახი ძალიან მორწმუნეა, მეც, ჩემი მეუღლეც და, რა თქმა უნდა შვილები… მით უმეეტს, ლაშა. ალბათ, ლოცვა იყო მთავარი, რამაც ჩემს შვილს წარმატება მოუტანა. ღმერთის წყალობით ხდება ყველაფერი. ჩვენ ოლიმპიადამდე ბევრი ეკლესია მოვილოცეთ. ვერც დავთვლი, იმდენგან ვიყავით. გვქოდნა იმის რწმენა, რომ თუ უფალს შევევდრებოდით, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ იქნებოდა. ეს ასეც მოხდა. დიდება უფალს!

– შრომა…

– რა თქმა უნდა… შრომა გადამწყვეტია. ამ ყველაფერში იმდენი ოფლია დაღვრილი, იმდენი რთული წუთებია გადატანილი… წარმოიდგინეთ, ბავშვი ყოველ დღე, ვარჯიშების დროს წევდა 25 ტონიდან 30-35 ტონამდე წონას. მოკლედ, თუ არ იშრომებ მხოლოდ უფალი არაფერს იზამს შენთვის. თუ გააკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ კონკრეტულ საქმეში იყო წარმატებული, ღმერთი ამას აუცილებლად დაინახავს. ლაშა სწორედ ასე მოიქცა და საბოლოოდ რაც ქნა, ყველამ ვიცით.

– გარდა შრომისუნარიანობისა, თქვენს შვილში ხასიათის რომელ თვისებას გამოარჩევდით, რომელმაც ხელი შეუწყო მის წარმატებას?

– იმას გამოვარჩევდი, რომ ლაშას აქვს ძალიან წყნარი და დაბალანსებული ხასიათი. უხეშად რომ ვთქვათ, ის არ არის “მჩატე” პიროვნება. მას არავისი არ შურს. აქვს საკუთარი გზა, რომელზეც მშვიდად მიდის. თუ რამე შეიძლება ითქვას, რაც სერიოზულ და წარმატებულ სპორტსმენს უნდა ჰქონდეს, ლაშას ნამდვილად ყველაფერი აქვს. ახლა უკვე თამამად შემიძლია თქმა, რომ იგი ძალოსნობისთვისაა გაჩენილი. მან თავისი ნერვებით, სიდინჯით, სერიოზულობით ყველაფერი მოიგო!

ლაშა ნამდვილად არაა ის ადამიანი, ჩამოვიდეს საქართველოში და ტრაბახი დაიწყოს. არა! ის ჩამოვა, დაისვენებს და ისევ ეცდება მრავალჯერ ასახელოს მისი ქვეყანა.

– ძალიან რთულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, თქვენ რა როლი მიგიძღვით საკუთარი შვილის წარმატებაში?

– სანამ სპორტსმენად ჩამოყალიბდება ადამიანი, მას ოჯახიდან ძალიან დიდი ხელის შეწყობა უნდა. უცებ გაიღვიძო და მსოფლიოსა თუ ოლიმპიური ჩემპიონი გახდე, ასე არ ხდება. არის ნაბიჯები რომელთა გადადგმაში სპორტსმენს არა მარტო მამა, არამედ მთლიანად ოჯახი ეხმარება. როცა ჩვენ შევატყვეთ, რომ ლაშას სერიოზული წარმატებებისთვის შეეძლო ბრძოლა, ჩემმა ოჯახმა ყველაფერი გაიღო და მისცა მას… არ ჰქონია პრობლემა არც თანხაზე, არც შესაბამის კვებაზე, არც ბინაზე, საერთოდ არაფერზე. მას არ აკლდა არც ფსიქოლოგიური და არც ფიზიკური მხარდაჭერა.

– თუ იყო რამე ისეთი ჩავარდნა, რომლის დროსაც თქვენ გადამწყვეტი როლი ითამაშეთ იმაში, რომ ლაშა ოპიტმალურ ფორმას დაბრუნებოდა?

– ფსიქოლოგიურად მყარი ადამიანია და ამ მხრივ მას, ფაქტობრივად, ჩავარდნები არ ჰქონია. რაც შეეხება ფიზიკურ პრობლემებს, ოლიმპიადამდე დარჩენილი იყო სამი თვე და ერთი თვე მას გაუცდა, რადგან მხრები და წელი აწუხებდა. ფაქტობრივად, მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა. იგი ნემსებს იკეთებდა და ცდილობდა, რომ ფორმა შეენარჩუნებინა. საბოლოოდ, მაინც მისმა მედგარმა ხასიათმა ითამაშა გადამწყვეტი როლი – დაძლია ეს სირთულეც.

– ლაშას მომავალზეც გკითხავთ. რომ ჩამოვა, აპირებს თუ არა გვარიან დასვენებას, შემდეგ რა არის პირველი ტურნირი გეგმაში და მომავალ ოლიმპიადასაც ორი სიტყვით რომ შევეხოთ…

– აგვისტოს ბოლოს ჩამოვა და, რა თქმა უნდა, რეაბილიტაცია დასჭირდება. შესაძლებელია, ამ პროცესმა 2 კვირა, თუნდაც, ერთი თვე გასტანოს. შემდეგ კი ისევ შეუდგება ვარჯიშს. რაც შეეხება ოლიმპიადის შემდეგ პირველ ტურნირს, ეს იქნება დეკემბერში, ისრაელში გასამართი ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე სპორტსმენებს შორის. იქ აუცილებლად იასპარეზებს ლაშა. ერთადერთი ეს დარჩა მოსაგები და ბარემ ამასაც მოვიგებთ (იღიმის. ავტ.).

რაც შეეხება მომდევნო ოლიმპიადას, მან ვარჯიში უნდა განაგრძოს ჩვეულებრივად. გეტყვით, რომ თუ სწორად წავა ყველაფერი, ლაშა 2020 წელს უკონკურენტო იქნება ტოკიოში.

– დასასრულს, როგორც ყოფილ ძალოსანს და გამოცდილ კაცს ამ საქმეში, გკითხავთ, რა დონეზეა სპორტის ეს სახეობა საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს სპორტსმენებს უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ?

– სადაც ლაშას მოუწია ვარჯიში და სადაც დღესაც ვარჯიშობენ, ჯერ იქიდან დავიწყოთ. ადრე იყო სასადილო. ამ ადგილს ობლების სასადილოს ეძახდნენ. დღესაც მანდ გავდივართ წვრთნას. ეს არის ჩვეულებრივი გაურემონტებელი დარბაზი, სადაც არაა საშხაპეები, გასახდელები, ელემენტარული რომ ვთქვათ, საპირფარეშოც კი. ღვთის წყალობით, მთავრობამ იზრუნა ამაზე და უკვე საჩხერეში მშენებლობაც მიმდინარეობს და საჩხერეს ერთ-ერთი საუკეთესო დარბაზი ექნება.

ახლა მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე ვთქვათ. არაა პატარა დარბაზებიც კი, სადაც სპორტსმენი შევა და შტანგის აწევაზე ივარჯიშებს. წარმოიდგინეთ, ისეთ სახელმწიფოშია აღნიშნული პრობლემა, სადაც ძალოსნობაში ოთხი ოლიმპიური ჩემპიონი: ჩიმიშკიანი, კახიაშვილი, ასანიძე და ტალახაძე გვყავს. გარდა ამისა, ბრინჯაოს პრიზიორი, ირაკლი თურმანიძეც არ უნდა დაგვავიწყდეს. აქედან გამომდინარე, არ უნდა გქვონდეს პრობლემა სავარჯიშო პირობებზე. თუმცა, ბოლოს ვიტყვი, რომ მომავალში, წესით, ეს სიტუაციაც უკეთესობისკენ შეიცვლება და ჩვენს მშრომელ სპორტსმენებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ შესაბამის გარემოში ივარჯიშონ, მოემზადონ და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ასახელონ.