იურგენ კლოპი: “ამ ასპექტში გაძლიერება გვმართებს”

გასულ სეზონში, პრემიერ ლიგაში მერსესაიდის “ლივერპულმა” საკუთარ კარში 42 გოლი გაუშვა. ეს პირველ ექვსეულში ყველაზე ცუდი შედეგია.

იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ არაა კმაყოფილი მისი გუნდის დაცვაში თამაშით.

“დაცვის ხაზში გაცილებით კარგად უნდა გავისარჯოთ. სხვადასხვა სიტუაციაში შესაბამისად უნდა მოვიქცეთ და, რაც შეიძლება, ნაკლები გოლი გავუშვათ. ვფიქრობ, ჩემი გუნდი სხვა ასპექტებში კარგია. თუმცა, დაცვაში თამაში გამოსასწორებელია.”

“მყავს მრავალფეროვანი თვისებების მქონე ფეხბურთელები, რომლებსაც ძალიან ბევრი დავალების შესრულება შეუძლიათ. შესაბამისად, შემიძლია, სხვადასხვა ტაქტიკითა თუ სქემით თამაში. თუმცა, ორგანიზებულობა ყველა რგოლში – ეს უმთავრესია!”

“უნდა ვეცადოთ, ყველგან თანაბრად მაღალ დონეზე ვითამაშოთ,” – აცხადებს 50 წლის გერმანელი.

კონტე: “ლუიზი “ჩელსიში” ამ პოზიციაზე ითამაშებს”

დავიდ ლუიზი ლონდონის “ჩელსიში” 2 წლის შემდეგ დაბრუნდა. ბრაზილელ მცველთან ერთად, “არისტოკრატებს” კიდევ 4 უკანახაზელი ჰყავთ: ივანოვიჩი, კეჰილი, ზუმა და გუნდის კაპიტანი, ტერი. აღსანიშნავია, რომ ანტონიო კონტე ინგლისურ კლუბს, როგორც “იუვენტუსს” და იტალიის ნაკრებს, 3-5-2 წყობით ათამაშებს და ნახსენები 5 მცველიდან მხოლოდ სამის არჩევა მოუწევს.

იტალიელმა სპეციალისტმა დავიდ ლუიზზე გააკეთა კომენტარი და დაასახელა ის პოზიცია, რომელზეც 29 წლის მცველი 3-5-2 წყობის დროს ითამაშებს.

“ვფიქრობ, ლუიზისთვის საუკეთესო პოზიცია დაცვის ცენტრშია. მას ზოგჯერ მოედნის შუაშიც უთამაშნია, მაგრამ  იგი ყველაზე პროდუქტიული და სასარგებლო სწორედ ჩემს მიერ ნახსენებ პოზიციაზეა,” – განაცხადა კონტემ.