შერმადინმა და სანიკიძემ “სარაგოსას” მალაგაში “უნიკახა” დაამარცხებინეს

ევროპის უმეტეს ქვეყანაში სათასო მატჩები იმართება, ჩვენი ყურადღებაკი ესპანეთშია კონცენტრირებული, სადაც გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” ასპარეზობს. ქართველების დიდი დამსახურებით სარაგოსელებმა სენსაცია მოახდინეს და ქალაქში, სადაც ქვეყნის 8 საუკეთესო გუნდი თასის გასათამაშებლად შეიკრიბა, მასპინძლები დაამარცხეს.

“სარაგოსა” საუკეთესო 8 გუნდში რომ მოხვდა, ეს უკვე წარმატებაა, თუმცა არაგონული კლუბი მიღწეულზე არ შეჩერდა და მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელი “უნიკახა” 79:74 დაამარცხა. დარბაზი სავსე იყო მალაგელი ფანებით, რომლებმაც ნაცვლად თავიანთი გუნდის ნახევარფინალში გასვლისა, სარაგოსელების შთამბეჭდავი თამაში და წარმტება იხილეს.

ამ გამარჯვების სულისჩამდგმელნი თანაგუნდელებთან ერთად შერმადინი და სანიკიძე არიან. ქართველმა ლეგიონერებმა უდიდესი შრომა გასწიეს და მათი მონდომებით “სარაგოსამ” საამაყო გამარჯვება მოიპოვა – დაამარცხა გუნდი, რომელსაც სიტყვა არათუ ესპანურ პრიმერადივიზიონში, არამედ ევროლიგაში ეთქმის.

ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო. შერმადინმა 25 წუთი ითამაშა და 15 ქულა ისე მოაგროვა, მხოლოდ 1 სროლა ააცილა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 15 ქულასთან ერთად შერმადინს 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. ქართელმა ცენტრმა ამერიკელ მაიკლ როლთან (11 ქულა, 6 მოხსნა) ერთად სარაგოსელთა შორის ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (18) დაიმსახურა.

ამ მაჩვენებელს 1 ერთეულით ჩამორჩა სანიკიძე, რომელმაც მოედანზე 25:43 წუთი გაატარა და 12 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმაც შედეგიანად ესროლა – 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო.

რაც შეეხებათ მასპინძლებს, “უნიკახას” 21 ქულით ამერიკელმა კანერ-მედლიმ ულიდერა, სლოვენიელმა ზორან დრაგიჩმა და ლიტველმა მინდაუგას კუზმინსკასმა მალაგელთათვის 18-18 ქულა გაიღეს.

“სარაგოსა” ნახევარფინალში მორიგ ბობოლას – მადრიდის “რეალს” შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ “გრან კანარია” 83:60 გაანადგურა. ფინალში გასასვლელი შეხვედრა 8 თებერვალს, მალაგაში გაიმართება.

gbf.ge

ქართველების სარაგოსამ ვილნიუსში “რიტასს” ვერ აჯობა

ქართელების “სარაგოსამ” ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩი ვილნიუსში, “ლიეტუვოს რიტასთან” 75:87 წააგო. არადა, 1 კვირის წინ სარაგოსელებმა ესპანეთში ლიტვური გუნდი 94:60 გაანადგურეს და სტუმრად გამარჯვების ჯანსაღი ამბიციაც გააჩნდათ.

ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები მხოლოდ 4 ქულით იგებდნენ და სარაგოსელებს გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, თუმცა ბოლო მომენტში ვერ იყოჩაღეს და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ვერ მოიპოვეს.

ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთულში იყო. გიორგი შერმადინმა 23.09 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ქართელმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მას სარაგოსელთა შორის მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. საუკეთესო კი ჰოლანდიელ ცენტრ ჰენკ ნორელმა დააგროვა – რომელმაც 16.22 წუთში 16 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

სანიკიძემ 12.18 წუთი ისე ითამაშა, მოხსნა არ გაუკეთებია. რაც შეეხება ქულებს, ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამინი კი ააცილა. 4 ქულა და 2 პასი იყო სანიკიძის მონაგარი 2 დაკარგვის ფონზე.

3 მატჩიდან სარაგოსელებს 1 გამარჯვება აქვთ და დარჩნილ მატჩებში დიდი მოწადინება მოუწევთ, ჯგუფიდან რომ გააღწიონ. დარჩნილი კალენდარი ასე გამოიყურება: 12 თებერვალს სტუმრად “ცედევიტასთან”, 19 თებერვალს შინ – “ბეშიქთაშთან”.

gbf.ge

სანიკიძე-შერმადინის კომბინირებული 36 ქულა და “სარაგოსას” 36-ქულიანი გამარჯვება “მურსიასთან”

ვიქტრო სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარეს. ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში ქართელი კალათურთელების შედეგიანი თამაშის წყალობით “სარაგოსამ” “მურსია” 103:67 გაანადგურა.

ქართელმა კალათბურთელებმა თავი შედეგიანობით გამოიჩინეს და კომბინირებულად 36 ქულა და 15 მოხსნა დააგროვეს. ორივე ათგანი სასტარტო ხუთეულში იყო. შერმადინმა 23 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო მიითვალა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა.

სანიკიძეს 26 წუთი ეყო, “სარაგოსაში” ბომბარდირი რომ გამხდარიყო. ქართელმა ფორვარდმა 19 ქულა მოაგროვა, რასაც 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. სანიკიძემ 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

9 მოგებით და 8 მარცხით “სარაგოსა” საპლეიოფო ზონის ზღვარზე, მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქართველების გუნდი 2 თებერვალს, საკუთარ მოედანზე, “ბილბაოსთან” გამართავს. დღეს ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” “ბარსელონას” უმასპინძლებს.

gbf.ge

შერმადინის 13 ქულამ “სარაგოსას” სან ფერნანდოში ვერ უშველა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში ქართველების გუნდებმა განსხვავებული შედეგიანობით ითამაშეს. გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” წააგო, ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” კი გამარჯვებას მიაღწია.

ორივე გუნდი სტუმრად თამაშობდა. სარაგოსელებმა სან ფერნანდოში “ლაბორალთან” ითამაშეს და 9 ქულის სხვაობით –83:92 დამარცხდნენ. არაგონული გუნდის ორივე ქართველი სასტარტო ხუთულში იყო, რომლებმაც განსხვავებული შედეგიანობა აჩვენეს.

ვიქტორ სანიკიძემ მოედანზე 13 უშედეგო წუთი გაატარა და 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა, სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი კი არ ჰქონია. სანიკიძემ სანფერნანდოელთა ფარს შორი მანძილიდან 3-ჯერ შეუტია, მაგრამ – უშედეგოდ.

გიორგი შერმადინი სარაგოსელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 15.40 წუთში ქართველმა ცენტრმა 13 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

რაც შეეხება “კახასოლს”, სევილიელებმა ბადალონაში “ხუვენტუდს” 74:65 სძლიეს. ქართველი ფორვარდი მოედანზე 3 წუთით გამოჩნდა და 1 სამქულიანის აცილება მოასწრო. სევილიელებს ჩეხმა ტომაშ სატორანსკიმ ულიდერა, რომელმაც ბადალონელებს 13 ქულა ჩაუგდო.

ორივე “ქართულ” გუნდს 8-8 მოგებ-წაგება აქვს. ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით “სარაგოსა” მე-9 ადგილზეა, “კახასოლი” კი მე-11-ზე. 25 იანვარს “სარაგოსა” “მურსიას” უმასპინძლებს, ხოლო “კახასოლი” 26-ში “ბარსელონას” მიიღებს.

სტამბოლში დამარცხებულ “სარაგოსას” ქართველებმა ულიდერეს

ევროთსის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ქართველი ლეგიონერებით გაძლიერებული ესპანური “სარაგოსა” თურქეთში, “ბეშიქთაშთან” დამარცხდა. პირველ ტაიმში სარაგოსელები ყოჩაღად გამოიყურებოდნენ და ლიდერობდნენ კიდეც, თუმცა მატჩის მეორე ნხევარში მასპინძლებმა იძალეს და გამარჯვება სტამბოლელებს დარჩათ – 70:63.

როგორც წესი, ქართველი კალათბურთელები გუნდში მოწინავე პოზიციაზე იყვნენ. ორივე მათგანი სასტარტო ხუთეულში იყო, ვიქტორ სანიკიძემ კი სარაგოსელთაგან საუკეთსო შედეგი დააფიქსირა. ვიკამ 28 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართელმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. სანიკიძეს გუნდში მარგი ქმედების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (18) ჰქონდა.

აღნიშნული კოეფიციენტით “სარაგოსაში” მეორე გიორგი შერმადინი (14) იყო, რომელმაც 25 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. “სარაგოსაში” ბომბარდირი დამიან რუდეჟი გახდა 14 ქულით, რომელსაც შერმადინზე ერთით ნაკლები (13) მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა.

2 წაგებით “სარაგოსა” 4-გუნდიან P ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მორიგ ტურში, 21 იანვარს, ქართველების გუნდი თითო მოგებ-წაგების მქონე “რიეტუვოს რიტასს” უმასპინძლებს.

შერმადინის და სანიკიძის შედეგიანობით “სარაგოსამ” “ესტუდიანტესი” დაამარცხა

გიორგი შერმადინი ისევ საუკეთსოა. ქართველი ცენტრის ორმაგი დუბლი “სარაგოსას” დიდად დაეხმარა გასვლით მატჩში “ესტუდიანტესთან”, რომელიც ქართველების გუნდმა დიდი სხვაობით – 89:62 მოიგო.

შესანიშნავად ითამაშა “სარაგოსას” მეორე ქართელმა ლეგიონერმა, ვიქტორ სანიკიძემ, თუმცა ციფრებით ყველას შერმადინმა აჯობა. საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25.26 წუთში ორმაგი დუბლი მოაგროვა. შერმადინმა 10-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 12 ქულა მიითვალა, რასაც 11 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 21 შეადგინა.

სანიკიძეც სასტარტო იყო და შერმადინზე ოდნავ მეტი – 26.19 წუთი ითამაშა. ვიქტორმა 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში მოგროვებულ 6 ქულას სანიკიძემ 9 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა, რაც დამიან რუდეჟთან ერთად სარაგოსელთა შორის მე-3 შედეგია.

8 გამარჯვებითა და 7 მარცხით “სარაგოსა” ესპანეთის პრიმერადივიზიონში მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში სარაგოსელები სტუმრად “ლაბორალს” შეხვდებიან. მატჩი 19 იანვარს გაიმართება.