ინძაგი: “სირცხვილი იქნებოდა, ეს მატჩი რომ ვერ მოგვეგო”

“მილანის” თავკაცმა ფილიპო ინძაგიმ იტალიის სერია A-ს II ტურში “პარმას” წინააღმდეგ გამართული მატჩი შეაჯამა, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა. იტალიელი მწვრთნელის თქმით, ამ შეხვედრაში სამი ქულის ვერაღება სირცხვილი იქნებოდა.

“მთელი სული და გული ჩავდეთ ამ მატჩში. გამარჯვება დავიმსახურეთ და რომ ვერ მოგვეგო, სირცხვილი იქნებოდა. მადლობას ვუხდი მათ, ვინც “როსონერის” გაწვრთნის შესაძლებლობა მომცეს. მომდევნო ტურში ძლიერი მეტოქის (“იუვენტუსი”) წინააღმდეგ ვითამაშებთ. შეგვიძლია, მრისხანე “იუვენტუსსაც” გავურთულოთ ცხოვრება. ამისთვის სრულყოფილი თამაში უნდა ვაჩვენოთ ვიმედოვნებ, ქომაგები დაგვეხმარებიან, რომ სასწაული მოვახდინოთ”, – ინძაგის სიტყვები “მილანის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ფილიპო ინძაგიმ “მილანის” ვარჯიშზე გოლების გატანა დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ ახლა მწვრთნელია, ფილიპო ინძაგი “როსონერის” ვარჯიშებზე თავისი შედეგიანი თამაშით მაინც გამოირჩევა.

ინძაგის კრისტიან ბროკი შეცვლის

„მილანმა“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრისტიან ბროკის დანიშვნა დაადასტურა.

38 წლის ბროკის პრიმავერის მწვრთნელად დანიშვნა „როსონერის“ მენეჯერებმა ფილიპო ინძაგის ძირითადი გუნდის თავკაცად დანიშვნის შემდეგ გადაწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ თავად ბროკი აქამდე „მილანის“ 16-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ექს-ნახევარმცველი მილანური კლუბის რიგებში 2001 წლიდან 2008 წლამდე გამოდიოდა და 99 ჩატარებულ მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგი დაინიშნა

როგორც მოსალოდნელი იყო, „მილანმა“ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლარენს ზეედორფი გაათავისუფლა.

„როსონერის“ თავკაცის თანამდებობაზე ფილიპო ინძაგი დაინიშნა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ ინძაგი მანამდე კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობას თავკაცობდა. აღნიშნულ პოსტზე ის 2012 წლიდან მუშაობდა. 40 წლის მწვრთნელი მოთამაშის რანგში „მილანის“ ღირსებას 2001-2012 წლებში იცავდა. მან გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო სერია A და ჩემპიონთა ლიგა. პიპომ კლუბის რიგებში ჩატარებულ 202 მატჩში 73 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ბერლუსკონი: „ინძაგის გამარჯვებები სწყურია“

„მილანის“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი დარწმუნებულია ფილიპო ინძაგი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას თავს წარმატებით გაართმევს.

მოგახსენებთ, რომ ფეხბურთის 40 წლის სპეციალისტი უახლოეს საათებში ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს კლარენს ზეედორფის შემცვლელად.

„ინძაგიმ დიდი სამუშაო გასწია. ვხედავ, რომ მას გამარჯვება სწყურია. ამასთანავე, კარგად ესმის, რომ მისგან გამარჯვებებსა და გულშემატკივრების გახარებას ელიან“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.

 

„მილანი“ ჰონდას კარისკენ მიუთითებს?

„მილანის“ თავდამსხმელ კეისუკე ჰონდას კლუბში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

თუ „როსონერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგი დაინიშნება, 27 წლის იაპონელ ფეხბურთელს კლუბიდან აბარგება მოუწევს. ინძაგი ჰონდას „მილანში“ დარჩენის საჭიროებას ვერ ხედავს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ჰონდას „მილანთან“ მოქმედი კონტრაქტი 2017 წელს  ეწურება, თუმცა არ არის გამორიცხული, ხელშეკრულება მიმდინარე ზაფხულში გაწყდეს.

შეგახსენებთ, რომ იაპონელმა ნახევარმცველმა იანვრის თვეში მოსკოვის ცსკა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „მილანს“ მიაშურა. ჰონდამ „როსონერის“ რიგებში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

„მილანი“ ინძაგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ხუთ ივნისამდე დაადასტურებს

ცნობილი იტალიური გამოცემის „Corriere dello Sport“-ის ცნობით, „მილანის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგის დანიშვნას 3-5 ივნისს დაადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ კლუბის მენეჯერებს გუნდის ამჟამინდელ თავკაცთან კლარენს ზეედორფთან კონტრაქტი ჯერჯერობიტ არ გაუწყვეტიათ.

„როსონერის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი იურისტ ლეანდრო კანტამესას შეხვდა და აღნიშნული საკითხი დაწვრილებით განიხილა. სავარაუდოდ, კლუბი, ცდილობს, ისეთი ვარიანტი შეარჩიოს, რომლის წყალობითაც თანხის დაზოგვას შეძლებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ინძაგიმ გალიანის ჩერჩის დამატება სთხოვა

„მილანის“ ექს-ფეხბურთელი და ამჟამად ახალგაზრდული გუნდის თავკაციფილიპო ინძაგი, რომელიც დიდი ალბათობით „როსონერის“ მთავარი გუნდის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს, კლუბის ვიცე-პრეზიდენტს ადრიანო გალიანის „ტორინოს“ თავდამსხმელის ალესიო ჩერჩის დამატება სთხოვა.

ცნობილი იტალიური გამოცემის „Corriere dello Sport“-ის ვარაუდით, ჩერჩის ალტერნატივა, შესაძლოა, „ვერონას“ ფორვარდი ხუან იტურბე გახდეს.

ჩერჩის ტრანსფერი 18 მილიონ ევროდ ფასდება, მაშინ, როდესაც იტურბეს სანაცვლოდ ვერონელები 25 მილიონ ევროს ითხოვენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფილიპო ინძაგის „მილანს“ ჩააბარებენ?

Goal.com-ის ცნობით, „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდული გუნდის თავკაცის, ფილიპო ინძაგის კანდიდატურას განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ „როსონერის“ ამჟამად კლარენს ზეედორფი ხელმძღვანელობს.

ახალგაზრდა ჰოლანდიელ სპეციალისტს კლუბი მას შემდეგ ჩააბარეს, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანის“ ხელმძღვანელობა კლუბის თავკაცის პოსტზე „სევილიას“ თავკაცის, უნაი ემერის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა მხარეებს შორის კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ ინძაგი „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდს 2012 წლიდან თავკაცობს. 40 წლის მწვრთნელი მოთამაშის რანგში „მილანის“ ღირსებას 2001-2012 წლებში იცავდა. მან გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო სერია A და ჩემპიონთა ლიგა.

ბექა დოგრაშვილი

ინძაგი: „გალიანის ჩემი გაშვება არ სურს“

„მილანის“ ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ განცხადა, რომ სხვა კლუბში გადასვლას არ აპირებს.

„კმაყოფილი ვარ იმ გზით, რომლითაც მივდივარ. „მილანი“ ჩემზე ზრუნავს. ვნახოთ, რას მოგვიმზადებს მომავალი.

ვიცი, რომ აქ პატივს მცემენ. ამავდროულად უნდა დავამტკიცო, რომ ამ პატივისცემის ღირსი ვარ. იგივე ჩემი სათამაშო კარიერის დროსაც იყო.

არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ რა იქნება ხვალ. მე დღევანდელი დღით ცხოვრება მირჩევნია.

ადრიანო გალიანის ჩემი გაშვება არ სურს, ამიტომაც ჩემი სხვა გუნდში გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა. ჩემი პრიორიტეტი „მილანია“. ეს კლუბი ყოველთვის მაძლევდა იმას, რაც საჭირო იყო. ამჟამინდელი პროექტის განსახილველად, მსურს, კლუბის ხელმძღვანელებს შევხვდე“, – განაცხადა პიპომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფილიპო ინძაგი: „ბალოტელის „ატლეტიკოსთან“ მატჩში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“

„მილანის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფილიპო ინძაგიმ, რომელიც ამჟამად „როსონერის“ ახალგაზრდულ გუნდს თავკაცობს, გამოთქვა მოსაზრება, რომ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაში მარიო ბალოტელის გადამწვეტი როლის შესრულება შეუძლია.

„ატლეტიკო“ შესანიშნავი გუნდია, თუმცა მთელი სტადიონი „მილანს“ უქომაგებს. ყველას მოვუწოდებ, რომ ბალოტელი განსაკუთრებული წნეხის ქვეშ არ მოაქციონ. ვფიქრობ, მას შეუძლია, ჩვენი გუნდის სასარგებლოდ გადამწყვეტი როლის შესრულება“, – ინძაგის სიტყვები Tmw-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი „მილანსა“ და „ატლეტიკოს“ შორის 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას პორტუგალიელი არბიტრი პედრო პროენსა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

ოფიციალურად: ინძაგი თავის პოსტზე რჩება

რამდენიმე საათის წინ Milan Channel-მა პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ ფილიპო ინძაგი „როსონერის“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება.

აქედან ამომდინარე, გამორიცხული არ არის, „შავ-წითლები“ ამჟამად „ბოტაფოგოს“ ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ დღეს „მილანის“ ხელმძღვანელობამ გუნდის უკვე ყოფილი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლა.

აქვე გეტყვით, „სპეციასთან“ იტალიის თასის 1/16 ფინალის მატჩისთვის გუნდს მაურო ტასოტი მოამზადებს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში „როსონერის“ თავკაცთა მთავარი ასისტენტი იყო.

ალექსანდრე მატევოსოვი