ჰინ-მინ სონმა “ტოტენჰემი” შესაძლოა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამო დატოვოს

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ნახევარმცველმა ჰინ-მინ სონმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამო შესაძლოა, პროფესიული კარიერა დროებით შეწყვიტოს.

24 წლის ფეხბურთელი ვალდებულია, 28 წლამდე სამხრეთ კორეის ჯარში სამხედრო სამსახური გაიაროს. სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა 21 თვეს შეადგენს.

კორეელი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ან აზიის თამაშებზე გამარჯვების შემთხვევაში, სამხედრო ვალდებულებისგან თავისუფლდებიან, თუმცა ოლიმპიადა-2016-ზე სამხრეთ კორეის ნაკრები ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

2018 წელს ჰინ-მინ სონს სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლების მეორე შანსი ექნება, როდესაც აზიის თამაშები ჩატარდება. ტურნირზე გამარჯვების შემთხვევაში, მას ჯარში მხოლოდ ოთხთვიანი შეკრების გავლა მოუწევს.

“დეილი მეილის” ცნობით, თუ ჰინ-მინ სონი აღნიშნულ საკითხს დროულად ვერ მოაგვარებს, “ტოტენჰემი” მის გაყიდვას შეეცდება.