ირლანდია — საქართველო: მატჩს ფრანგები განსჯიან

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დუბლინში გასამართ მატჩს ფრანგი მსაჯები განსჯიან.

შეხვედრის მთავარი არბიტრი 44 წლის ტონი შაპრონი იქნება. იგი საერთაშორისო დონეზე 2007 წლიდან მსაჯობს. 2008 წლის ნოემბერში მან საქართველოსა და დანიის 19 წლამდე ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული მატჩი განსაჯა, რომელიც ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მთავარი არბიტრის თანაშემწეები მიკაელ ანონიე და ერიკ დანიზანი იქნებიან. მეოთხე მსაჯად ნიკოლა რენვი იმუშავებს.

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის შეხვედრა 6 ოქტომბერს, “ავივაზე” გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.