ბილბაოს “ატლეტიკის” მეკარე საკუთარმა თანაგუნდელმა დააშავა

ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო, ბილბაოს “ატლეტიკის” კარის დარაჯი, ალექს რემირო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

ესპანურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, 21 წლის მეკარეს, რომლის დებიუტიც ბასკურ კლუბში ჯერაც არ შემდგარა, ინაკი უილიამსმა ბურთი სახეში მოარტყა.

“უმძიმესი დარტყმა მიიღო, ძალიან დიდი შოკი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი კარგად არის,” – აცხადებს მისი თანაგუნდელი, ბენიატ ეჩებერია.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ რემირო, რომელიც ახლახან დაბრუნდა “ლევანტედან” (სადაც არენდის წესით თამაშობდა), “ატლეტიკის” მესამე სათადარიგო მეკარეა.

“ლივერპულის” სამიზნემ, ინაკი უილიამსმა ჭორებს უპასუხა

ბრიტანული “ლივერპულისა” და კიდევ რამდენიმე ევროპული გრანდის სამიზნემ, ინაკი უილიამსმა მასთან დაკავშირებულ ჭორებს უპასუხა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში კლუბის პრეზიდენტთან აპირებს საუბარს.

“უპირველესყოვლისა, მინდა კლუბის პრეზიდენტს გავესაუბრო,” – აცხადებს უილიამსი Sportium-ის ჟურნალისტებთან საუბრისას.

“პრესაში ბევრს, ძალიან ბევრს წერენ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. თუ რომელიმე კლუბს ჩემი გადაბირება სურს, ეს იმიტომ, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ. ძალიან იღბლიანი ვარ.

თუ ხვალ კლუბის დატოვება მომიწევს, “ატლეტიკთან” ძალიან გულწრფელი ვიქნები, ყველაფერს გავუმხელ. მათ ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს. ამიტომაცაა აქ დარჩენა ჩემი პირველი არჩევანი.”

Mundo Deportivo: “ლივერპული” “ატლეტიკის” ფორვარდის გადაბირებას ცდილობს

ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც იურგენ კლოპი ბილბაოს “ატლეტიკის” ფორვარდის, ინაკი უილიამსის გადაბირებით არის დაინტერესებული.

გამომდინარე იქიდან, რომ “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს არ სურს ხელიდან გაუშვას ფეხბურთელი, რომელსაც მომავალში განვითარების ბრწყინვალე პერსპექტივა გააჩნია, ის 22 წლის ესპანელი გაფორმებას ზამთარშივე ეცდება.

უილიამსსა და “ბილბაოს” შორის არსებულ კონტრაქტში მითითებულია, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვა მხოლოდ 50 მილიონი ევროს გადახდის შემდეგაა შესაძლებელი, თუმცა “ენფილდელებს” სჯერათ, რომ ესპანელებთან სხვაგვარი შეთანხმების მიღწევასაც შეძლებენ.