კობახიძემ “ოლექსანდრიას” პენალტი გაუტანა (ვიდეო)

უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში მე-13 ტურის მატჩები გაიმართა. პოლტავაში ადგილობრივმა “ვორსკლამ” “ოლექსანდრია” მიიღო. შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. მატჩს ბოლო წუთამდე სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა ორი გოლის გატანა შეძლეს და თამაში გადაარჩინეს. აქედან ერთი ბურთი ალექსანდრე კობახიძის ანგარიშზეა. ჩვენებურმა 91-ე წუთზე საჯარიმო მოედანზე ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა. ორ წუთში ვოლოდიმირ ოდარიუკმა მეორე ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

სანდრო კობახიძემ მატჩი სრულად ჩაატარა. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე გათამაშების 13-ივე შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, გოლი კი ამ სეზონში პირველად გაიტანა. გაკეთებული აქვს სამი საგოლე გადაცემა.

“დღევანდელი შეხვედრა მოულოდნელად განვითარდა. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებსა და ჩვენს ფეხბურთელებს, ვინაიდან მატჩის ბოლოს ძალები მოვიკრიბეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. მარცხი საბოლოოდ გაგვანადგურებდა. დღეს ჩვენ სხვა შედეგს ველოდით, მაგრამ კარგია, რომ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოვახერხეთ. პენალტის დროს ვიცოდი, სადაც დავარტყამდი, მაგრამ ეს არც არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ანგარიში გავათანაბრეთ”, – აღნიშნა მატჩის შემდეგ კობახიძემ.

“ვორსკლას” სატურნირო ცხრილში 16 ქულით მეშვიდე პოზიცია უკავია.