“ვესტ ბრომვიჩი” მზადაა, შნეიდერლინში 18 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

Daily Telegraph-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, მორგან შნეიდერლინი “ვესტ ბრომის” ხელმძღვანელთა ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც იცით, “ოლდ ტრაფორდზე” ჟოზე მოურინიოს გამოჩენის შემდეგ, ფრანგ ნახევარმცველს საკმარისი სათამაშო დრო აღარ ეძლევა. მან პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში მხოლოდ 11 წუთი ითამაშა, რაც მის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა.

რამდენადაც იანვარში მისი “წითელი ეშმაკების” რიგებიდან გასვლა ძალზედ მოსალოდნელია, “ვესტ ბრომის” ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, ახლავე შეეთავაზებინებინათ 18 მილიონი ფუნტი მის სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მორგანს გარკვეული დროის მანძილზე მერსესაიდულ “ევერტონთანაც” აკავშირებდნენ.

Mirror: “კრისტალ პალასმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს დაადგა თვალი

“კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ ამბიციური ტრანსფერის განხორციელებას აპირებს, რომელიც მორგან შნაიდერლინინის “არწივთა ბუდეში” გადაყვანას გულისხმობს.

ბრიტანული Mirror-ის ცნობით, “მანჩესტერის” 26 წლის ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება, რაც თავის დროზე ლუი ვან გაალს 25 მილიონი ფუნტი დაუჯდა, პირადად ალან პარდიუს სურვილს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ “ოლდ ტრაფორდის” ახალი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო მისდამი გულგრილად არის განწყობილი – პრემიერ ლიგის ახალ სეზონში მას მხოლოდ 5 წუთი აქვს ნათამაშები.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ზაფხულში ექს-“საუთჰემპტონელის” ტრანსფერით მაურისიო პოჩეტინოც ინტერესდებოდა.