ოფიციალურად: სტეფანო პიოლი “ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელია

“ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტეფანო პიოლი დაინიშნა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.

მხარეებს შორის ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტში ჩაიწერა პუნქტი, რომელიც ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევა.

შეგახსენებთ, რომ სტეფანო პიოლი ბოლოს მილანის “ინტერს” თავკაცობდა. “ნერაძურის” ხელმძღვანელობამ ის 2016-2017 წლების სეზონის ბოლოს გაათავისუფლა. თავის მხრივ, “ფიორენტინამ” გუნდის თავკაცის პოსტიდან პაულუ სოუზა დაითხოვა.

სტეფანო პიოლი “ფიორენტინას” ღირსებას მოთამაშის რანგშიც იცავდა. ის გუნდში 1989–1995 და 1997–1998 წლებში თამაშობდა.

პიოლი: “ბიჭებმა მოედანზე გული და სული დადეს”

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართა, სადაც “მილანმა” და “ინტერმა” ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშეს. მატჩის შემდეგ “ნერაძურის” მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ ფრე სამართლიანი შედეგია, თუმცა მის გუნდს ბევრ ასპექტი აქვს დასახვეწი.

“თამაშიდან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ წაგებას ვიმსახურებდით, თუმცა ბევრ ასპექტში გვმართებს გაუმჯობესება.

ვეცადე, რომ გუნდი მეტად დამებალანსებინა. ვიცი, რომ იდეალურად ჯერ კიდევ ვერ ვთამაშობთ. პირველ ტაიმში საკმარისზე მეტი კონტრშეტევა მივიღეთ. ეს იმიტომ მოხდა, რომ თამაშის მიმდინარეობისას თავის დაზღვევაზე ნაკლები აქცენტი გავაკეთეთ. ორგანიზებულობა და დაბალანსება გვმართებდა.

გუნდს ვთხოვე, რომ მოედანზე გული და სული დაედო და ვფიქრობ, რომ ბიჭებმა ეს გააკეთეს. დაცვას უფრო დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. პრესინგზე თამაში მიყვარს, მაგრამ ეს საჭირო დროს და სწორი პოზიციონირებით უნდა გავაკეთოთ.

თავჩაუხრელი მუშაობაა საჭირო თამაშის გასაუმჯობესებლად. ჩემს განკარგულებაში დიდებული ფეხბურთელები არიან და ერთიანობით მეტის მიღწევა შეგვიძლია. ხარისხი გვაქვს, მაგრამ მეტი სიმტკიცეა საჭირო.

“მილანს” ბევრი შესაძლებლობა არ მივეცით, მაგრამ კონტრშეტევების წყალობით ორი გოლი გაგვიტანა. ასე რომ, გუნდში ბალანსი აუცილებელია”, – პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

“ინტერი” სტეფანო პიოლიმ ჩაიბარა

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტეფანო პიოლი დაინიშნა.

51 წლის იტალიელი სპეციალისტი “ნერაძურის” 2018 წლის 30 ივნისამდე უხელმძღვანელებს. მილანური კლუბი პიოლის 10 ნოემბერს წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ “ინტერი” სტეფანო პიოლის” ხელმძღვანელობით სადებიუტო მატჩს 20 ნოემბერს, “მილანის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ სტეფანო პიოლი უკანასკნელად რომის “ლაციოს” ხელმძღვანელობდა. გეტყვით იმასაც, რომ “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრანკ დე ბური არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის “ინტერს” მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან შეთანხმება აქვს, რომლის მიხედვითაც, არგენტინელმა სპეციალისტმა “ნერაძური” 2018 წელს უნდა ჩაიბაროს.