ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში ორი “სამტრედიელი” გამოიძახა

საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ვლადიმერ ვაისმა უკვე დაიწყო აღნიშნული მატჩებისთვის ფეხბურთელების გამოძახება.

ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება სამტრედიის “სამტრედიას” ორ ფეხბურთელს მიეცემა. პირველი მათგანი, მეკარე – ომარ მიგინეიშვილია. 32 წლის მეკარეს აქამდე ერთ ამხანაგურ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან 2013 წლის 2 ივნისს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ იასპარეზა. იმ შეხვედრაში ჩვენები, ანგარიშით, 0:4 დამარცხდნენ.

რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, ეს ლაშა შერგელაშვილია. 24 წლის მცველს აქამდე არასდროს ცმია ნაკრების ფორმა.

 

ეროვნული გუნდი 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება. ქართველები 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთისა და იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

მიგინეიშვილი “დილაში” ითამაშებს

თბილისის “დინამოს” ყოფილი მეკარე ომარ მიგინეიშვილი კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გორული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, უცა სოსიაშვილმა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ თბილისური კლუბიდან წასვლის შემდეგ მიგინეიშვილის “ტორპედოში” დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 30 წლის მეკარემ 14 შეხვედრა ჩაატარა.

საბანაძე და მიგინეიშვილი ტორპედოში?

თბილისის “დინამოს” დატოვების შემდეგ ომარ მიგინეიშვილი და ნიკოლოზ საბანაძე ახალ კლუბს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის მეკარისა და 23 წლის ფორვარდის დამატებით მათი ყოფილი კლუბი, ქუთაისის “ტორპედოა” დაინტერესებული და ტრანსფერებიც, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში განხორციელდება.

შეგახსენებთ, “ტორპედოს” მეორე წრეში გიორგი დარასელია უთავკაცებს. ქუთაისურ კლუბში საკადრო ცვლილებები მრავლადაა მოსალოდნელი.

“ზესტაფონს” ომარ მიგინეიშვილი შეუერთდა

ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – 29 წლის ახალწვეულის სახელია ომარ მიგინეიშვილი. ფეხბურთის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი გოლკიპერი, რომელიც ჯერ ქუთაისის “ტორპედოში”, ბოლოს კი თბილისის ”დინამოში” ასპარეზობდა, “ზესტაფონის” ღირსებას შემდეგი ორი წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: ომარ მიგინეიშვილი – მეკარე; დაბადებულია – 02.06.1984; სიმაღლე – 189 სმ, წონა – 88 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2005-2006; “ლოკომოტივი” (თბილისი) – 2006-2008; ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2008-2013; “დინამო” (თბილისი) – 2013.

უნდა ითქვას, რომ 2011-2013 წლებში ომარ მიგინეიშვილი გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ქუთაისის “ტორპედოში” ასპარეზობდა და ქუთაისელებთან ერთად ზედიზედ ორჯერ გახდა ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელი. მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი მან თბილისის “დინამოში” გაატარა. საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ზესტაფონელთა ახალწვეულს 1 მატჩი აქვს ჩატარებული. უნდა ითქვას ისიც, რომ ნაკრების დამრიგებელი თემურ ქეცბაია მას სისტემატურად იწვევს ქვეყნის მთავარ გუნდში.

გუნდის ახალწვეულმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, შეუერთდა გუნდს და მასთან ერთად ვარჯიშიც მოასწრო.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური