ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – 29 წლის ახალწვეულის სახელია ომარ მიგინეიშვილი. ფეხბურთის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი გოლკიპერი, რომელიც ჯერ ქუთაისის “ტორპედოში”, ბოლოს კი თბილისის ”დინამოში” ასპარეზობდა, “ზესტაფონის” ღირსებას შემდეგი ორი წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: ომარ მიგინეიშვილი – მეკარე; დაბადებულია – 02.06.1984; სიმაღლე – 189 სმ, წონა – 88 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2005-2006; “ლოკომოტივი” (თბილისი) – 2006-2008; ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2008-2013; “დინამო” (თბილისი) – 2013.
უნდა ითქვას, რომ 2011-2013 წლებში ომარ მიგინეიშვილი გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ქუთაისის “ტორპედოში” ასპარეზობდა და ქუთაისელებთან ერთად ზედიზედ ორჯერ გახდა ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელი. მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი მან თბილისის “დინამოში” გაატარა. საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ზესტაფონელთა ახალწვეულს 1 მატჩი აქვს ჩატარებული. უნდა ითქვას ისიც, რომ ნაკრების დამრიგებელი თემურ ქეცბაია მას სისტემატურად იწვევს ქვეყნის მთავარ გუნდში.
გუნდის ახალწვეულმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, შეუერთდა გუნდს და მასთან ერთად ვარჯიშიც მოასწრო.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური