ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა.

დარბაზის გახსნას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.

იმერეთის ამ მაღალმთიან სოფელში ძიუდოს დარბაზის გაკეთება ცოტა ხნის წინ გადაწყდა. სამი კვირის წინ სოფელში იმყოფებოდნენ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დარბაზი საკუთარი სახსრებით გაეკეთებინათ.

გარემონტებასთან ერთად, ძიუდოს ფედერაციამ დარბაზს ტატამიც გადასცა და მწვრთნელის კვალიფიკაციის ამაღლებაზეც იზრუნა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა დარბაზის გახსნისას ნორჩ ძიუდოისტებს კიმონოები გადასცეს.

დარბაზში დაახლოებით 35 ბავშვი ივარჯიშებს, მათ შორის გოგონებიც.

ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახური