ბრიტანული პრესის, Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის ყურადღება ჯანო ანანიძის თანაგუნდელმა და მოსკოვური “სპარტაკის” ვინგერმა, ქვინსი პრომესმა მიიქცია.
24 წლის ფეხბურთელმა რუსული კლუბის მაისურით ჩატარებულ 69 მატჩში 36 გოლის გატანა მოახერხა მას შემდეგ, რაც “ტვენტე” დატოვა (2014 წელს). ამ უკანასკნელს “ლივერპულის” გარდა კიდევ რამდენიმე ევროპული კლუბიც აკვირდება.
შეგახსენებთ, რომ “წითლებს” გარკვეული დროის განმავლობაში სადიო მანეს გარეშე მოუწევთ თამაში, რომელიც აფრიკაში მიემგზავრება, რათა საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცვას, მისი ადგილი კი ცარიელი რჩება. ამ ყველაფერს დენი ინგსის ტრავმაც ემატება.
რუსული პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პრომესმა 11 მატჩში ხუთი გოლის ჩაწერა მოახერხა აქტივში. დღევანდელ ბაზარზე კი ასეთი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი 25 მილიონ ფუნტად ფასობს.