ორი “ტორპედოელი” ეროვნულ ნაკრებში

იანვარში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვლადიმერ ვაისმა უკვე დაიწყო მოთამაშეების გამოძახება. საგულისხმოა, რომ სლოვაკი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, ნახსენებ შეხვედრებში, უმეტესად, ის ფეხბურთელები მოირგებენ ნაკრების ფორმას, რომლებსაც ამის საშუალება აქამდე ნაკლებად ჰქონდათ.

ვაისმა ქუთაისის “ტორპედოდან” ორ მოთამაშეს უხმო.

პირველი სპორტსმენი მარცხენა მცველი, გიორგი ქიმაძეა. 24 წლის ფეხბურთელი, რომელმაც სამწელ-ნახევარი გაატარა საჩხერის “ჩიხურაში”, 2 წელი კი ქუთაისის “ტორპედოში”, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია საკუთარ პოზიციაზე. მას აქამდე ეროვნულ ნაკრებში არასდროს უთამაშია.

 

მეორე ფეხბურთელი ოლეგ მამასახლისია. 21 წლის მოთამაშე უკვე მეხუთე წელია “ტორპედოში” ირიცხება. არც ოლეგს არ მოურგია ამ მომენტამდე ჩვენი გუნდის ფორმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები 16 იანვარს შეიკრიბება. ჩვენი ბიჭები 23 და 25 იანვარს უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

მამასახლისი: “რთული მეტოქე გვყავს – “მერანი” უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდს სჯობს!”

ხვალ ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება. გამარჯვებულის ვინაობას მარტვილის “მერანი” და ქუთაისის “ტორპედო” გაარკვევენ.

Fanebi.Com-ი “ტორპედოს” ფეხბურთელს, ოლეგ მამასახლისს დუკავშირდა და მას წინასამატჩო ინტერვიუ ჩამოართვა.

“რთული გზა გავიარეთ და ფინალში დამსახურებულად მოვხვდით. ოთხივე თამაშში რთული გამოცდის ჩაბარება მოგვიწია. ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი მეტოქე თბილისის “დინამო” იყო. დედაქალაქელებს მონდომებით და ერთიანობით ვძლიეთ.”

“ახლანდელ მოწინააღმედეგეზე იმას გეტყვით, რომ “მერანი” უმაღლეს ლიგაში მყოფ ბევრ გუნდს სჯობს. დაძაბული მატჩი გამოვა. შანსები 50:50-ზეა,” – განაცხადა მამასახლისმა.