დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები იმართება.
ერთ-ერთ მატჩში, “დინ კორტზე” “ბორნმუთმა” “ლივერპული” მიიღო. დაპირისპირება სტუმრების უპირატესობით დაიწყო, რაც მალე ანგარიშშიც აისახა. მე-20 წუთზე ჯერ სადიო მანემ გაიტანა, ხოლო 2 წუთში კი ბელგიელმა დივოკ ორიჯიმ ორამდე გაზარდა ანგარიში.
მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე უილსონმა პენალტის ნიშნულიდან გატანილი გოლით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა, 8 წუთში ემრე ჩანმა “ლივერპულის” მესამე გოლი შეაგდო. თითქოს, მერსესაიდელებისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. ასე არ ფიქრობდნენ მასპინძლები. 76-ე წუთზე ჯერ ფრასერმა 3:2 გახადა ანგარიში, ხოლო 3 წუთში ქუკმა გაათანაბრა. “ბორნმუთი” “გათავხედდა” და მოგებაზეც დაიწყო თამაში. საბოლოოდ, მატჩის მესამე დამატებულ წუთზე ნათან აკემ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა და “დინ კორტის” ბინადრებმა 4:3 იმარჯვეს!
14 ტურის შემდეგ “ბორნმუთი” 18 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო “ლივერპულს” 30 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება.