უკრაინელმა ფეხბურთელმა საქველმოქმედო აუქციონზე “ბარსელონას” მაისური გაიტანა

“გრანადას” უკრაინელმა თავდამსხმელმა არტიომ კრავეცმა საქველმოქმედო აუქციონზე “ბარსელონას” მაისური გაიტანა, რომელიც კატალონიური გუნდის ფეხბურთელთა ავტოგრაფებით არის დამშვენებული.

აუქციონიდან მიღებული თანხით ლვოვის ოლქის სამშობიაროსთვის ტექნიკურ აღჭურვილობას შეიძენენ. მაისურის საწყისი თანხა 100 ათასი უკრაინული გრივნაა, რაც დაახლოებით 10 ათას ლარს უტოლდება. ფეხბურთელმა პირობა დადო, თუ მითითებულ ვადამდე მოთხოვნილ მინიმალურ თანხას არავინ გაიღებს, მაისურს აუქციონიდან მოვხსნი და ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად პირად ფინანსებს გავიღებო.

აუქციონი სოციალურ ქსელებში კრავეცის გვერდებზე მიმდინარეობს და ის პირველ იანვარს დასრულდება.