წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონის პროექტი (ფოტოები)

სტადიონის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. მიმდინარე წლის ზაფხულისთვის მოეწყობა 500 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა, პრეს და VIP ლოჟები, ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები, შემოიღობება სტადიონის ტერიტორია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით სტადიონზე დაიგება მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, დამონტაჟდება სადრენაჟო და სარწყავი სისტემები.

სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მომდევნო წლებში ეტაპობრივად განხორციელდება. საბოლოო ჯამში, აღდგება სტადიონის ცენტრალური შენობა, დამონტაჟდება განათება, ტრიბუნები კი საბოლოო ჯამში 3500 კაცზე იქნება გათვლილი.

იხილეთ ფოტოები

 

“სამგურალმა” ჩემპიონატისთვის მზადება განაახლა

თურქული შეკრებიდან წყალტუბოს ,,სამგურალი” ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

გუნდი დღეს წყალტუბოში შეიკრიბა და ჩემპიონატისთვის მზადება საკუთარ მოედანზე განაახლა. გია გიგატაძის გუნდი ჩემპიონატში პირველივე დღეს ჩაერთვება, წყალტუბოელები1 მარტს სტუმრად თბილისის ,,შევარდენს” დაუპირისპირდებიან. ,,სამგურალის” სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ, რომ ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე დარჩენილი დრო ნაყოფიერად გამოიყენონ და ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ.

“სამგურალის” ოფიციალური გვერდი

წყალტუბოს “სამგურალი”: ახალი ფორმები, ეკიპირება და სულ მალე ახალი სტადიონი

რამდენიმე დღეში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს აიღებს. წყალტუბოს ,,სამგურალი“ ჩემპიონატს სიახლეებით ხვდება. გუნდმა შეკრება ანტალიაში გაიარა, შეიმოსა ახალი ფორმებითა და ეკიპირებით, შეიძინა ახალი ბურთები და რაც ყველაზე მთავარია, წყალტუბოში დაიწყო სტადიონის რეაბილიტაცია… ყოველივე ამის თაობაზე ,,სამგურალის“ დირექტორს ამირან ვარდანიძეს “სამგურალის” ოფიციალური გვერდი ესაუბრა.

ამირან ვარდანიძე: ,,17 იანვარს წყალტუბოს სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ჯგუფი იმყოფებოდა. ფედერაციის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსმა გიორგი რევაზიშვილმა, მთავარმა აგრონომმა ალექსანდრე თორიამ და ინჟინერ ექსპერტმა გოგა დადივაძემ შეამოწმეს მოედნის საფუძველი, სადრენაჟო სისტემა და სხვა კომუნიკაციები. მაშინ ითქვა, რომ მოედნის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები თებერვალში დაიწყებოდა და სიტყვა უკვე საქმედ იქცა, სამი დღის წინ 26 მაისის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო და სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს ბატონ ლევან კობიაშვილს ამ დიდი მხარდაჭერისთვის. ფედერაცია აკეთებს 7 კომპონენტიან მაღალი ხარისხის ბუნებრივ საფარს, სადრენაჟო და სარწყავი სისტემით. ეს ქალაქისთვის არის ძალიან დიდი საჩუქარი“….

–ფედერაციისა და წყალტუბოს მერიის შეთანხმების თანახმად სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა საკუთარ თავზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ აიღო. ფედერაციამ მოედნის გაკეთება უკვე დაიწყო, თუ გაქვთ ინფორმაცია, ტრიბუნების დამონტაჟება და სხვა სარემონტო სამუშაოები როდის დაიწყება?

–რა თქმა უნდა, მარტო მინდორის გაკეთება საკმარისი არ არის. კარგ მოედანს ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შეთანხმების საფუძველზე ტრიბუნების მოწყობასა და სხვა სარემონტო სამუშაოებს წყალტუბოს მერია დააფინანსებს. ქალაქის მერი გრიგოლ იოსელიანი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი პირადად არიან ჩართული ამ საკითხში. მათი ხელშეწყობით წყალტუბოს სულ მალე თანამედროვე სტანდარტების სტადიონი ექნება.

დაახლოებით როდის დაიწყება ტრიბუნების მშენებლობა და საერთო ჯამში რა სამუშაოების ჩატარება იგეგმება?

– საპროექტო ხარჯთაღრიცხვის პროექტის თაობაზე გამოცხადებული იყო ტენდერი, გამარჯვებული კომპანია უკვე მუშაობს ამ თემაზე და დაახლოებით 3 კვირაში გამოცხადდება სამშენებლო ტენდერიც. ჩვენი გათვლებით ტრიბუნებს მოწყობა და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 თვეში დაიწყება. ქალაქის ხელმძღვანელობა თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ ყველაფერი ბოლომდე გააკეთოს რაზეც ფეხბურთის ფედერაციასთან არის შეთანხმებული.

სტადიონის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გაკეთდება ის მინიმუმი, რაც იმისთვისაა საჭირო, რომ ,,სამგურალს“ საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მიეცეს. კერძოდ, მოეწყობა 500 კაციანი ტრიბუნა, პრეს და VIP ლოჟები, ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები, შემოიღობება და სტადიონის ტერიტორია. დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები, რაც ლიცენზირებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა ამის შემდეგ ეტაპობრივად გაგრძელდება. აღდგება ცენტრალური შენობა, გაკეთდება სარბენი ბილიკები, ტრიბუნები კი საბოლოო ჯამში 3500 კაცზე იქნება გათვლილი. აქ შესაძლებელი იქნება საქართველოს ახალგაზრდული, ასაკობრივი ნაკრებების და სხვა საერთაშორისო მატჩების ჩატარებაც, წყალტუბოში ტურისტული ინფრასტრუქტურა საკმაოდ განვითარებულია, ქალაქში ბევრი სასტუმროა და გუნდებს კარგ პირობებში შეეძლებათ ვარჯიში და დასვენება.

–ჩემპიონატი კარს მოგვადგა, როგორ ხვდება გუნდი ახალ საფეხბურთო სეზონს?

–ახალი ჩემპიონატი შარშანდელზე კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება. ეროვნულ ლიგა 2–ში ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი და ყველა მატჩში ბრძოლა იქნება. გუნდის მომზადების დონეზე და სპორტულ კუთხეზე მწვრთნელები ისაუბრებენ, მე კი სხვა ორგანიზაციულ საკითხებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. იმისათვის, რომ ჩემპიონატს მზადყოფნაში შევხვედროდით, ფეხბურთის განვითარების ფონდთან კუნსულტაციის შედეგად, გადავწყვიტეთ, გუნდს შეკრება თურქეთში, ანტალიის რეგიონში გაევლო. ,,სამგურალი“ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე 8 დან 20 თებერვლამდე იმყოფებოდა. ჩვენი თხოვნით, ორგანიზატორებმა შეგვირჩიეს ძლიერი მეტოქეები, რომლებთან დაპირისპირებითაც ,,სამგურალმა“ დიდი გამოცდილება მიიღო. თურქულ შეკრებაზე შევხვდით უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ ლვოვის ,,კარპატს“, ყაზახეთის უმაღლესი ლიგის ,,ყიზილ ჯარს“, დანიურ ,,ფრედერისიას“ და უკრაინულ ,,ობოლონს“. ოთხივე გუნდი ფიზიკურად ძლიერი, ტანმაღალი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. მართალია, ოთხივე შეხვედრაში დავმარცხდით, მაგრამ მთავარია, რომ გუნდი შეთამაშდა და კარგი გამოცდილება მიიღო. ,,კარპატი“ უკრაინის უმაღლეს ლიგაში გამოდის და ჩვენი გუნდი ტოლ–სწორად ებრძოლა, მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ უკრაინელებმა გამოცდილებით აჯობეს. ,,სამგურალი“ უცხოურ შეკრებაზე პირველად იმყოფებოდა. ეს მართლაც ისტორიული ფაქტია, ჩვენი კლუბის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ,,კარპატის“ ოფიციალურმა საიტმა ჩვენს ქალაქზე და გუნდზე ვრცელი, პოზიტიური სტატია გამოაქვეყნა. წყალტუბოზე ბევრი ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული, ქალაქის ისტორიის, საკურორტო და ტურისტული მნიშვნელობის შესახებ. ეს დიდი რეკლამაა ჩვენისთანა პატარა ქალაქისთვის და კურორტისთვის. ამასთან ერთად, მეგობრული ურთიერთობები დამყარდა სხვადასხვა გუნდებთან. ,,სამგურალთან“ ერთად ,,სიდე სტარში“ მზადებას უკრაინის უმაღლესი ლიგის მეხუთე ადგილოსანი ,,ვერესი“, უკრაინული ,,დნიპრო“ და სხვადასხვა გერმანული გუნდები გადიოდნენ. მათ ჩვენი გუნდის შესახებ ბევრი რამ გაიგეს.

რა მიზნები ექნება ,,სამგურალს“ ჩემპიონატში?

–მიზნებზე საუბარი რთულია. ლიგაში თანაბარი დონის გუნდებია თავმოყრილი და ყველა მხრივ საინტერესო ჩემპიონატი იქნება. ჩვენ თავს არ დავზოგავთ იმისთვის თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ,,სამგურალი“ მაჩანჩალა არასდროს იქნება. რა თქმა უნდა, ხუთეულისთვის ვიბრძოლებთ. კონკრეტულ ადგილს არ დავსახავთ, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენი გუნდი ლიდერთა შორის იყო. ჩვენი მიზანია, რომ სწორად ვიმუშაოთ, განვვითარდეთ და ,,სამგურალი“ სპონსორისთვის მიმზიდველი გავხადოთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განხორციელდა მთელი გუნდის ეკიპირება. დიდი გუნდი შეიმოსა გამოსასვლელი და სავარჯიშო ეკიპირებით. გარდა ამისა, დანარჩენ ასაკობრივ გუნდებს 10 წლის ბავშვებიდან დაწყებული, დაურიგდებათ გამოსასვლელი სპორტულები, ახალი სათამაშო ფორმები, ახალი ბურთები. ეს ყველაფერი განვახორციელეთ ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელშეწყობით, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ფონდის ხელმძღვანელს ბატონ ზაზა დოლიძეს.

30 წელიწადია საფეხბურთო კლუბ ,,სამგურალში“ ვმუშაობ და გუნდს ასეთი კარგი მოსამზადებელი პირობები ჯერ არ ჰქონია. ყველაფერი ეს საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის დამსახურებაა. რომ არა ეს პროექტი, ,,სამგურალი“ იმ დონეზე ვერ იქნებოდა, როგორც დღეს არის. ჩვენის მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ,,სამგურალმა“ ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენთან გამოცდილებთან ერთად, არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც თავის გამოჩენისა და განივითარების შესაძლებლობა აქვთ.

ის პროგრესი, რაც დღეს ,,სამგურალს“ აქვს და პლიუს განვითარებული ინფრასტრუქტურა აუცილებლად გამოიწვევს ინვესტორების დაინტერესებას, ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ სპონსორი მოვიზიდოთ და ,,სამგურალი“ კერძო კლუბი გახდეს.

–რა სახის დახმარებას უწევს კომპანია ,,კრისტალბეთი“ ,,სამგურალს“?

ქველმოქმედების სახით 1500 ლარით გვეხმარება კომპანია ,,კრისტალ ბეთი“ , რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ამ კომპანიას და ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე განვითარებული ინფრასტრუქტურით და წარმატებული ასპარეზობით ,,სამგურალი“ სპონსორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

წყალტუბოს “სამგურალი” დანიის პირველი ლიგის გუნდთან დამარცხდა

წყალტუბოს “სამგურალი” თურქეთის დაბა სიდეში ახალი სეზონისთვს მზადებას განაგრძობს.

დღეს წყალტუბოელები დანიის პირველი ლიგის გუნდ “ფრედერისიას” დაუპირისპირდა. მატჩი დანიელტა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. ჯერ 23-ე წუთზე დენის ფაზლაგიჩმა შეაგდო გოლი, ხოლო 25-ე წუთზე მადს ერიკსენმა ორამდე გაზარდა სხვაობა.

საბოლოოდ, 2-0.

“სამგურალი”: ნუცუბიძე, კაკუშაძე, კილაძე, ბიბილაშვილი, ხელაძე, გოგიჩაიშვილი, ჯანელიძე, გოგუაძე, ბანძელაძე, ბრეგვაძე, ღონღაძე
მეორე ტაიმში შევიდნენ: ბ.ფანცხავა, ლაღაძე, ჩხეტიანი, ხარაბაძე, შალიკაშვილი, ენდელაძე, ზ.ფანცხავა, საღრიშვილი

“სამგურალი” მზადებას განაგრძობს – ხვალ წყალტუბოელები უკრაინის პრემიერ ლიგის გუნდს შეხვდებიან

წყალტუბოს ,,სამგურალი“ მეხუთე დღეა თურქეთის კურორტ სიდეში იმყოფება და ჩემპიონატისთვის სრული დატვირთვის ემზადება.

დღევანდელი დღე წყალტუბოელებმა ფიზიკური ვარჯიშებით დაიწყეს, მოთელვების შემდეგ გია გიგატაძის გუნდმა სასტუმრო ,,სიდე სტარის“ ფიტნეს დარბაზში ტრენაჟორებზე ივარჯიშა. გუნდი მეორე წვრთნას საღამოს სასტუმროს მფლობელობაში არსებულ საფეხბურთო კომპლექსზე გაივლის.

საგულისხმოა, რომ ხვალ, 14 თებერვალს კი წყალტუბოელები მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ,,სამგურალის“ მეტოქე უკრაინული პრემიერლიგის ბინადარი ლვოვის ,,კარპატი“ იქნება. შეხვედრა ბელეკში თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

წყალტუბოს “სამგურალის” ოფიციალური გვერდი

წყალტუბოს “სამგურალი” ყაზახურ “ყიზილ-ჯართან” დამარცხდა

დღეს წყალტუბოს ,,სამგურალმა” თურქეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გია გიგატაძის გუნდის მეტოქე ყაზახური ,,ყიზილ-ჯარი” იყო, რომელმაც წინა სეზონში პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. ,,ყიზილ-ჯარს” 7 ლეგიონერი ჰყავს. მათ შორის ორი ქართველი შოთა გრიგალაშვილი და გოგიტა გოგუა. გრიგალაშვილი დღეს ,,სამგურალთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი იასპარეზა. გოგუამ კი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ყაზახები მე–7 წუთზე ,სტანდარტულის შემდეგ სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობა წყალტუბოელთა მხარეს გადავიდა. გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა ნიკა შალამბერიძეს, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა მეკარემ მოიგერია. ,,სამგურალი” ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა და სახიფათოდაც უტევდა, მაგრამ გოლი კვლავ საკუთარ კარში მიიღო… ,,აქილევსის ქუსლი” კვლავ სტანდარტული მდგომარეობა გამოდგა, ტანმაღალმა ყაზახებმა 39–ე წუთზე ჯარიმის შემდეგ თავური დარტყმით ანგარიში 2:0 გახადეს.

მეორე ტაიმში ,,სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ ცვლილებებს მიმართა. წყალტუბოელები უფრო სწრაფად ათამაშდნენ და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ. ნიკა შალამბერიძის სახიფათო დარტყმა მიზანს ასცდა, ლუკა ჯანელიძემ კი მეკარის შეცდომის შემდეგ ხელსაყრელი მომენტით ვერ ისარგებლა.
საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ,,სამგურალი” პირველ საერთაშორისო სპარინგ მატჩში 0:2 დამარცხდა.

სამგურალი: ნუცუბიძე, კაკუშაძე (ბანძელაძე), ნერგაძე, კილაძე, ხელაძე (ენდელაძე), შალამბერიძე (მანაგაძე), გოგიჩაიშვილი (ჯანელიძე), გოგუაძე (ზ.ფანცხავა), ბრეგვაძე (ლაღაძე), საღრიშვილი (ხარაბაძე), ღონღაძე (ჩხეტიანი)

მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ,,სამგურალი” 14 თებერვალს ლვოვის ,,კარპატთან” გამართავს.

“სამგურალი” თურქეთში ყაზახებს, უკრაინელებს და დანიელებს დაუპირისპირდება

სამგურალი თურქეთში ყაზახებს, უკრაინელებს და დანიელებს დაუპირისპირდება

წყალტუბოს ,,სამგურალი“ ჩემპიონატისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს. გია გიგატაძის გუნდი შეკრებას ანტალიიდან 50 კილომეტრში, საკურორტო ქალაქ სიდეში გადის. წყალტუბოელები სასტუმრო ,,სიდე სტარში“ არიან დაბინავებული და სასტუმროს კუთვნილებაში არსებულ საფეხბურთო კომპლექსზე ორჯერად წვრთნებს გადიან. ,,სამგურალი“ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე 12 დღე დაჰყოფს და თურქული შეკრებისას 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები უკვე ცნობილია. 11 თებერვალს გია გიგატაძის გუნდი ყაზახეთის მე–2 ლიგის წარმომადგენელ ,,ყიზილჯარს“ დაუპირისპირდება. 14 თებერვალს ,,სამგურალი“ უკრაინის სუპერლიგის ბინადარ ლვოვის ,,კარპატს“ შეხვდება. 17 თებერვალს ჩვენი გუნდის მეტოქე დანიური პირველი ლიგის წარმომადგენელი ,,ფრედერისია“ იქნება, 20 თებერვალს კი წყალტუბოელები უკრაინულ ,,კოლოსს“ დაუპირისპირდებიან.

11.02. ყიზილჯარი – სამგურალი 17:00 სთ.
14.02 სამგურალი – კარპატი 17:00 სთ.
17.02 სამგურალი – ფრედერისია 15:00 ან 17:00
20.02 კოლოსი – სამგურალი 17.00 სთ.

წყალტუბოს “სამგურალი”

წყალტუბოს “სამგურალი” თურქეთში ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად გაემგზავრა

დღეს წყალტუბოს ,,სამგურალი” თურქეთში გაემგზავრა,სადაც ქალაქ სიდეში 12 დღიან შეკრებას გაივლის. ,,სამგურალი“ სასტუმრო ,,Side star resort” -ში დაბინავდება. წყალტუბოელებს თურქეთში 4 ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი. გადაწყვეტილია, რომ . 14 თებერვალს წყალტუბოელები ლვოვის ,,კარპატს“ დაუპირისპირდებიან, 17 თებერვალს გია გიგატაძის გუნდის მეტოქე დანიური ,,ფრედერისია”“ იქნება, რომელიც თავისი ქვეყნის პირველ ლიგაში ასპარეზობს. დანარჩენი ორი მეტოქე ადგილზე გაირკვევა.

წყალტუბოს ,,სამგურალი“ ქალაქ სიდეში 23 ფეხბურთელით მიემგზავრება.

გია გიგატაძის 23 კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარეები: ალექსანდრე ნუცუბიძე, ბექა ფანცხავა; მცველები: გიორგი ნერგაძე, ზურაბ ენდელაძე, ივანე კილაძე, ბექა ბიბილაშვილი, თორნიკე შალიკაშვილი, თორნიკე კაკუშაძე, გიორგი ხელაძე; ნახევარმცველები: უშანგი ბანძელაძე, თენგიზ ბრეგვაძე, გოგი გოგიჩაიშვილი, ნიკა შალამბერიძე, ზაურ გოგუაძე, ბაქარ ლაღაძე, ზურაბ ფანცხავა, ლევან მანაგაძე, ლუკა ჯანელიძე, ცოტნე ხარაბაძე; თავდამსხმელები: გაგა ჩხეტიანი, მამუკა ღონღაძე, გაბრიელ საღრიშვილი, ლაშა ჩავჩიძე

წყარო: წყალტუბოს “სამგურალის” ოფიციალური გვერდი

სფფ-ის წარმომადგენლები წყალტუბოს ესტუმრნენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები წყალტუბოს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი 26 მაისის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტადიონი დაათვალიერეს და ეროვნული ჩემპიონატის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმაზე იმსჯელეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა 26 მაისის სახელობის სტადიონის ხელოვნურსაფარიანი მოედნისთვის ტრიბუნისა და სხვა საჭირო ინფრასტუქტურის აშენებას აპირებს.  დავით მუჯირმა და ნიკოლოზ ჯღარკავამ მასპინძლებს დეტალურად გააცნეს საორიენტაციო მიმართულებები და სტადიონისთვის აუცილებელი მოთხოვნები.

წყარო: Gff.Ge