ქუთაისის “ტორპედო” ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა

გასული წლის ტრიუმფატორი ქუთაისის “ტორპედო” მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას ცდილობს, რათა მოახლოებულ ევრო ტურნირებსა და შიდა ჩემპიონატს ძლიერი შემადგენლობით შეხვდნენ.

უპირველეს ყოვლისა, იმერელთა მიზანი ბირთვის შენარჩუნება იყო და “ტორპედოს” ხელმძღვანელობა ამისათვის ყველაფერს აკეთებს, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისელთა რიგები გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გუგა ფალავანდიშვილმა დატოვა. 24 წლის ფეხბურთელმა კარიერის უცხოეთში გაგრძელება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გუგა ფალავანდიშვილი “ტორპედოში” 2017 წლის ზაფხულში “დაჩიადან” დაბრუნდა. მას შემდეგ გუგამ 16 შეხვედრა ჩაატარა იმერელთა რიგებში და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გუგა ფალავანდიშვილი: “ფეხბურთელი დიდი მონდომებით აუცილებლად გაიკვლევს გზას ევროპისკენ!”

რამდენიმე ხნის წინ დადასტურდა, რომ ქუთაისის “ტორპედოს” საყრდენი ნახევარმცველი, გუგა ფალავანდიშვილი კვიპროსულ “ეთნიკოსში” გადავიდა. აღნიშნულ გუნდში უკვე ირიცხება ორი ქართველი: გია გრიგალავა და გიორგი ილურიძე.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ფალავანდიშვილს და ტრანსფერთან დაკავშირებით კომენატარის გაკეთება სთხოვა.

“უცხოეთში თამაშზე დიდი ხანია ვფიქრობ. ბოლო დროს რამდენიმე ქვეყნის ვარიანტი გამომიჩნდა, თუმცა, საბოლოოდ, “ეთნიკოსი” ავირჩიე. მივიჩნევ, რომ  აქ განვითარების უფრო მეტი საშუალება მექნება.”

“კვიპროსულ გუნდში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებთან საუბარი ჯერ არ მქონია, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ადაპტაციაში ძალიან დიდ დახმარებას გამიწევენ.”

“ახალ გუნდში თამაშით ნაკრებში მოხვედრის მეტი შანსი მაქვს. არ ვამბობ, რომ კვირპოსის ჩემპიონატი ძალიან მაღალი დონეა, თუმცა არც ბოლო დონის ტურნირთა შორისაა. აქედან გამომდინარე, იგი განვითარებაში დამეხმარება.”

“ვფიქრობ, რომ ფეხბურთელს თუ თავის გამოჩენა უნდა, დიდი შრომით აუცილებლად იზამს ამას და გაიკვალავს გზას ევროპისკენ,” – განაცხადა ქართველმა ნახევარმცველმა.