დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (2 იანვარი)

სლავენ ბილიჩი გუნდის გაძლიერებას შეინ ლონგის დამატებით აპირებს

“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა მიზნად გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერება დაისახა, რომლის შესასრულებადაც “ჩაქუჩები” “საუთჰემპტონისა” და ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავის, შეინ ლონგის გადაბირებას აპირებენ.

“ლივერპულმა” “ლაიფციგის” ფორვარდს დაუმიზნა

იურგენ კლოპი ბუნდესლიგის მარკეტს კვლავ არ ეშვება. ამჯერად, გერმანელმა სპეციალისტმა “ლაიფციგის” ფორვარდი, სემილ ფორსბერგი ამოიღო მიზანში. 25 წლის ფორვარდმა წლევანდელ სეზონში 5 გოლისა და 8 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის “წითლების” რადარზე გამოჩენილიყო.

“მარსელი” დიმიტრი პაიეში 40 მილიონს იხდის

დიმიტრი პაიე შესაძლოა, საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერის ნაწილი გახდეს, რომლისკენაც ფრანგული “მარსელი” მიისწრაფვის. Telefoot-ის ცნობით, ფრანგები მზად არიან “ვესტ ჰემის” ფრანგ შემტევში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

Untitled-1

“ევერტონს” დრის მერტენსის ყიდვა უნდა

Daily Star-ის ცნობით, “კამფეტები” “ნაპოლისთვის” 12 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებენ დრის მერტენსის სანაცვლოდ. წყაროს ცნობით, მერსესაიდელებს უნდათ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიფორმონ მერტენსი, რომელსაც ამავდროულად “ბაიერნის”, “აიაქსისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელებიც აკვირდებიან.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პეპეს დაადგა თვალი

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველის, კეპლერ პეპეს გადაბირებას აპირებს. ბრიტანულ Sun-ს თუ დავუჯერებთ, “წითელ ეშმაკებს” ამ საქმეში კონკურენციას ჩინური სუპერ ლიგის კლუბებიც უწევენ.

“ასტონ ვილა” “მიდლსბროს” შეუთანხმდა

“ასტონ ვილასა” და “მიდლსბროს” ხელმძღვანელებმა რუდი ჟესტედეს ტრანსფერთან დაკავშირებულ შეთანხმებას მიაღწიეს. Sky Sports-ის ცნობით, “მიდლსბრომ” რუდის სანაცვლოდ 6 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ჟესტედეს სამედიცინო შემოწმება ჯერ არ გაუვლია.