სფფ-ის ზამთრის თასი 2017

2017 წლის 13, 14 და 15 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე სფფ-ის ზამთრის თასს უმასპინძლებს.

15 იანვარს გულშემატკივარს ოლიმპიურ სასახლეში ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავების თამაშის ხილვა შეეძლებათ. ზამთრის თასზე თბილისს მსოფლიო დონის გამორჩეული ფეხბურთელები ესტუმრებიან. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს უეფას გუნდიც.

გათამაშების ბილეთების გაყიდვა 15 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და მისი ფასი 2 ლარი იქნება. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაარსდა. ფონდის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ხასიათისაა და საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.

დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში, 13-14 იანვარს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, რომლებიც 15 იანვარს გამოარკვევენ ჩემპიონის ვინაობას. ეროვნული ჩემპიონატის კლუბების გათამაშებაზე დასწრება 13, 14 იანვარს უფასოა.

გულშემატკივარს ფესტივალის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვის საშუალება სამივე დღის განმავლობაში სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ექნება. ვარსკვლავების ფინალს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.