საქართველოს ნაკრები იანვარში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
თავიდანვე ცნობილია, რომ ვლადიმერ ვაისი ამ მატჩებისთვის, ძირითადად, ისეთ ფეხბურთელებს იძახებს, რომლებსაც ხშირად ან საერთოდ არ ეძლევათ შანსი, რომ ეროვნული გუნდის ფორმა ჩაიცვან.
ირკვევა, რომ ვლადიმერ ვაისმა ნაკრებში აჩნას “ეთნიკოსის” ორ ქართველ ლეგიონერს, ნიკა კაჭარავასა და გუგა ფალავანდიშვილს უხმო. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველი სპორტსმენები ნაკრებში იმ მოტივით არ გამოუშვა, რომ მწვრთნელს ისინი “ეთნიკოსის” მიერ ჩასატარებელ მნიშვნელოვან მატჩებში სჭირდება.
ეროვნული გუნდი 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება. ქართველები 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთისა და იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.