არსენ ვენგერი: “ოზილმა მეტი გოლი უნდა გაიტანოს”

მესუთ ოზილი ლონდონის “არსენალში” შესანიშნავ სეზონს ატარებს. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

“მეთოფეთა” თავკაცი, არსენ ვენგერი აცხადებს, რომ თურქ-გერმანელი სპორტსმენისგან კიდევ უფრო მეტს მოელის. ფრანგ სპეციალისტს უნდა, ოზილმა უფრო ბევრი გოლი გაიტანოს.

“მესუთი იდეალური ფეხბურთელია. თუმცა, ის ასპექტი, რომელშიც მისი გაუმჯობესება მინდა, გოლების გატანაა.”

“ვგრძნობ, რომ ოზილი სწორი გზით ვითარდება, თუმცა ამ დონის ტალანტს ხშირად აკრიტიკებენ, რადგან მისგან უფრო და უფრო მეტს მოელიან.”

“როცა მესუთის თამაშს უყურებ, ფიქრობ, რომ მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ამიტომ, მუდამ ამბობ: “მიდი რა, გვაჩვენე უფრო მეტი.”

“ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, რომლებიც ყოველ დღე განვითარებას ვცდილობთ. მთავარია, გავაანალიზოთ, რომ ცხოვრებაში მეტი გვსურს. ამის შემდეგ უნდა მოვძებნოთ მეტის მიღწევის გზა და მივყვეთ მას,” – განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა.