დე ხეამ ტრავმა მიიღო

ბოლო ვარჯიშზე ესპანეთის ნაკრების მეკარემ დავიდ დე ხეამ ფეხის კუნთები დაიზიანა.

სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე თამაშს მინიმუმ ათი დღის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ამავე დროს, გამორიცხული არ არის, დე ხეა მიმდინარე მუნდიალის დასრულებამდეც კი ვერ გამოჯანმრთელდეს.

ჰოლანდიასთან ანგარიშით 1:5 წაგებული შეხვედრის შემდეგ პრესა და გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ ვისენტე დელ ბოსკე ჩილესთან მატჩში კარის დაცვის შესაძლებლობას სწორედ დე ხეას მისცემდა, თუმცა, როგორც ჩანს, მოახლოებულ თამაშში „ფურია როხას“ კარში კვლავ იკერ კასილიასი იდგება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ალონსო: „საკუთარი ძალების გვჯერა“

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

„ჰოლანდიასთან წაგებული მატჩი ზოგადად გუნდის პრობლემაა. ან ბარგის ჩალაგება მოგვიწევს, ან ბოლომდე ბრძოლა. საკუთარი შეცდომები კარგად გვახსოვს და ვიცით, თუ რა არის საჭირო თამაშის გამოსასწორებლად.

უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ რას მივაღწიეთ ბოლო ექვს წელიწადში. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, როგორშიც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით. განსხვავება მხოლოდ იმასი მდმარეობს, რომ ახლა მეტი გოლის გატანა მოგვიწევს.

საკუთარი ძალების გვჯერა. ჩილესთან მატჩში ყველაფრის გამოსწორების შანსი გვეძლევა“, – განაცხადა ალონსომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

პური და სანახაობა ბრაზილიურად

დაახლოებით ერთი წლის წინათ, ბრაზილიელი ხალხი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამოვიდა, მუნდიალის ჩატარება გააპროტესტა და მის გასამართად გამოყოფილი თანხების განათლებასა და ჯანდაცვაში ჩადება მოითხოვა. კი მაგრამ, ეს ხომ ის ქვეყანაა, ფეხბურთით რომ ცხოვრობს, 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონი რომ არის და მეექვსეს უმიზნებს? რატომ აპროტესტებს ფეხბურთის მეფის ქვეყანა ბრაზილიაში ფეხბურთის გამართვას?

ეკონომიკა

ბრაზილია მთლიანი შიდა პროდუქტით პირველი ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში და მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლებით შედის მსოფლიოს უმსხვილეს სახელმწიფოთა ათეულში. მთელ სამხრეთ ნახევარსფეროში რიო-დე-ჟანეიროს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ამას, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკისთვის მხოლოდ სარგებელი თუ მოაქვს, მაგრამ ეკონომისტთა ნაწილის აზრით, ბრაზილიის ეკონომიკური მდგომარეობა მაინც არაა ბოლომდე დამაკმაყოფილებელი.

1

2010 წელს ბრაზილიის ეკონომიკამ 7,5%-იანი ნამატი აჩვენა, მომდევნო წლისთვის ეს კოეფიციენტი 2,7%-მდე დავიდა. ეკონომისტთა ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა ქვეყნის განვითარების ტემპი შენელდეს.

ამ გამოწვევის დასაძლევად ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო, რაც ქვეყნის ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. დღეს, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსის მიხედვით, ბრაზილია 183 სახელმწიფოდან 126-ე ადგილზეა. ამ ვითარების გამოსასწორებლად სერიოზული რეფორმებია საჭირო: საგადასახადო სტრუქტურების გამარტივება, დანახარჯების შემცირება, შრომითი რეგულაციების შერბილება. ასევე უმნიშვნელოვანესია განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების როლიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას მიღწეული წარმატებების შენარჩუნებაც კი გაუჭირდება.

თანხები

როდესაც ქვეყანა გლობალურ სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს, ნორმალურია, დაისვას კითხვა: რამდენი დაიხარჯება?

არავინ იცის, რეალურად ვისი და კონკრეტულად რა რაოდენობის თანხები გამოიყო მსოფლიო ჩემპიონატისთვის, თუმცა ცხადია, ის რაც ამ დრომდე ბრაზილიის რამდენიმე ქალაქში გაკეთდა, წარმოუდგენლად დიდ ფინანსებს მოითხოვს.

2

დღეს ნებისმიერ ბრაზილიელს რომ ჰკითხოთ, გასული ორი წლიდან რა დაამახსოვრდა, გიპასუხებთ: ბრაზილიის ჩემპიონობა კონფედერაციის თასზე და დიდი ხნით მიძინებული ბრაზილიელი ხალხის ერთიანი „აფეთქება“ ხელისუფლების წინააღმდეგ, ანუ პროტესტების ტალღა ლათინოამერიკული ქვეყნის ქუჩებში.

მაშინ მომიტინგეებმა ბრაზილიის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკეს და მილიარდობით თანხების „უზნეობაში“ დახრჯვის მაგივრად, მისი ჯანდაცვასა და განათლებაში ჩადება მოსთხოვეს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიის მოსახლეობის დიდი ნაწილი უღარიბესად ცხოვრობს.

მაშ, რამდენი ჯდება მსოფლიო ჩემპიონატი? თუ ზუსტი პასუხი არ არსებობს, შეგვიძლია, რეალურთან მიახლოებული ციფრები დავასახელოთ: 10,8 მილიარდი დოლარი, რომლიდანაც 1,6 მილიარდი დოლარი ინვესტორებიდან მოდის, ხოლო დანარჩენი – ფედერალური და სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს 2013 წლის სექტემბრის მონაცემებია, რომელსაც ბრაზილიის ხელისუფლება 2010 წლიდან ყოველ 9 თვეში ერთხელ აქვეყნებს. (დღევანდელი არაოფიციალური მონაცემებით, ეს თანხა 14 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს).

ამ დრომდე, 3,4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა 12 სტადიონის მშენებლობა-რეკონსტრუქციაში. მორიგი 3,4 მილიარდი ქუჩების საკითხებში, როგორებიცაა: გზის მოწესრიგება, ავტობუსები, ყველა სტადიონთან დამაკავშირებელ გზებთან კამერების დამონტაჟება და ა.შ. 2,6 მილიარდ დოლარამდე თანხა 12 აეროპორტის აშენებას მოხმარდა. 797 მილიონი უსაფრთხოების ძალებში ჩაიდო, 249 მილიონი დოლარი პორტების ინფრასტრუქტურამ წაიღო, 171 მილიონი დოლარი – ტელეკომუნიკაციების გაუმჯობესებამ. 88 მილიონი დოლარი კონფედერაციის თასის გათამაშებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოხმარდა, ხოლო 76 მილიონი დოლარი ტურისტული პროექტებისთვის გადაიდო.

ბრაზილიის სპორტის მინისტრმა ლუის ფერნანდესმა განაცხადა, რომ ბრაზილიის მთავრობის მიერ გახარჯული თანხები მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა, რომლისთვისაც თანხები ისედაც გამოყოფილი იყო: „მსოფლიო ჩემპიონატმა მოგვცა შანსი, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ისედაც განსახორციელებელი იყო, მათი დახმარებით უფრო სწრაფად შეგვესრულებინა”.

3

იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ ბრაზილიელს დიდი თანხების გადახდა უწევს და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებაც მარტივად ხდება, ეს შეიძლება დამაკმაყოფილებელ არგუმენტადაც ჩაითვალოს, მაგრამ არც ისაა მოკლებული სიმართლეს, რომ ყოველი ახალი ანგარიში – მთავრობის მიერ მუნდიალისთვის დახარჯული თანხების შესახებ – უფრო და უფრო იზრდება.

2010 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 12 სტადიონის მშენებლობისთვის 2.4 მილიარდი დოლარი საკმარისი იყო. 2013 წლის ანგარიშში ეს ციფრებმა თითქმის გაორმაგდა და 3.6 მილიარდ დოლარამდე მიაღწია. საინტერესოა, რომ ერთად აღებული ორი (2010 და 2006 წლის) მსოფლიო ჩემპიონატებისთვის, სამხრეთ აფრიკასა და გერმანიაში, სტადიონებისთვის გამოყოფილი თანხა 2.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

სტადიონები

ფიფას მოთხოვნების მიხედვით, მასპინძელმა ქვეყანამ სტადიონების მშენებლობა ტურნირის დაწებამდე ორი წლით ადრე მაინც უნდა დაასრულოს. ბრაზილიამ ეს მოთხოვნა ჩააგდო!

რამდენიმე კვირის წინ ფიფას ოფიციალურმა დელეგაციამ სტადიონების მდგომარეობა შეამოწმა, თუმცა როცა ადგილზე დაუსრულებელი არენები დახვდა, ფიფას მდივანმა, ჟერომ ვალკემ დიპლომატიური სიმკაცრით განაცხადა: „გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი როგორც სტადიონების შიდა, ასევე გარე ნაწილში“. ხოლო როცა ბაიშადის არენას მიადგა და დაინახა, რომ 27 ათასი სკამი ჯერ კიდევ ინსტალირების პროცესში იყო, ფრიად განაწყენებულმა დაიბარა: „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სტადიონებზე ყველა სახის სამუშაოები 14 მაისამდე დასრულდეს, ვიდრე ამ სტადიონზე სატესტო მატჩი გაიმართება“.

ვალკემ დასძინა: „ერთი წუთი არ უნდა გაცდეს ფუჭად, რადგან სამუშაო კვლავაც ბევრია. მართალია, დროს ვებრძვით, მაგრამ დიახ, ჩვენ ორგანიზებულად ჩავატარებთ გახსნით მატჩს და დიახ, ყველა სტადიონი მზად იქნება ტურნირის წარმატებით ჩატარებისთვის“.

ვალკეს ოპტიმისტური განწყობა სასიამოვნოა, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ საქმე ისე არ მიდის, როგორც ეს გათვლილი იყო ან უნდა ყოფილიყო.

ბლატერი — ცუდი მენეჯერი თუ უბრალოდ დიქტატორი?

მახსოვს, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ტურნირის მასპინძელ უკრაინაში უპატრონო ძაღლების მასიურ მკვლელობას არაერთი სტატია მიეძღვნა. ამ ბარბაროსულმა ფაქტმა საზოგადოებაში გარკვეული პროტესტი გამოიწვია. საბოლოოდ, ჩემპიონატი ჩატარდა და ესპანეთმა მესამედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა…

4

ორი წელი გავიდა… ამ ცოტა ხნის წინათ ინტერნეტში ძრომიალისას წავაწყდი ფოტოს, რომელზე გამოსახულ ლათინოამერიკული გარეგნობის ბიჭუნასაც ხელში ბანერი დაეჭირა წარწერით: „ძვირფასო ტურისტებო, არ ჩამოხვიდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე“, მაგრამ ყველაზე მეტად გამაოგნა ფოტოს წამძღვარებულმა წარწერამ: „რიოსა და მუნდიალის მასპინძელ ბრაზილიის სხვა ქალაქებში სახელმწიფოს მიერ ხორციელდება უსახლკარო მოსახლეობის წმენდა. ჯერჯერობით 195 ადამიანია მოკლული, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ტურისტებმა ვერ შეამჩნიონ“.

ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოვაჩინე, რომ პოლიცია ამ ყოვლად დაუშვებელ და გაუაზრებელ ოპერაციას მაშინ ახორციელებს, როცა საზოგადოება ქუჩაში მასიურად გადაადგილდება.

1398240261_620247_1398245487_album_normal

რაოდენ სულმდაბალი და უზნეო უნდა იყო ადამიანი, რომ ცოცხალი არსება სასიკვდილოდ გაიმეტო პირადი და კომერციული მიზნების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ფიფას, რადგან ეს თუ მათი დაკვეთაა (რაც საერთოდ არ გამაოცებს, იმდენად უზნეო ორგანიზაციაა), ბუნებრივია, საქმე ბევრად უფრო ცუდად ყოფილა, ხოლო თუ ადგილობრივი ხელისუფლების ტვინის ნაჟური – ფიფას მაინც მიუძღვის ამაში ბრალი, რადგან ტურნირის მასპინძლად შეარჩიეს ქვეყანა, რომლის უსახლკარო თუ ბიდონვილებში „დაბინავებული“ მოსახლეობა სიკვდილ-სიცოცლის ზღვარზეა, მათ აირჩიეს ბრაზილია, რომლის ხელისუფლებამაც, პირველ რიგში, ამ ადამიანებზე უნდა იზრუნოს. ფიფას მიუძღვის ბრალი იმაში, რომ ამ ზაფხულს ფეხბურთს ადრინდელი ინტერესით ვეღარ ვუყურებ…

სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ ამ უზნეო იდეოლოგიას (ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე საკუთარი ბედნიერების მოწყობას) ატარებდა საბჭოთა იმპერია და ნაცისტური გერმანია, რომელთა ადამიანების მმუსვრელი პოლიტიკა დღეს ყველასგან დაგმობილია, ხოლო ამაზრზენი ბრძანებების გამცემთა გარკვეული ნაწილი – სამაგალითოდ დასჯილი. ამ მხრივ, XX საუკუნის სიმახინჯეებსა და ფიფას შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს – ბლატერის გუნდი მოქმედებს არასწორად! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უარყოფილია ყველაზე მთავარი – ადამიანის ფასეულობა და ღირსება და სამწუხაროა, რომ ამ ტენდენციებს ძალიან ცუდი გზისკენ მივყავართ. ფეხბურთმა ადამიანს სიამოვნება უნდა მიანიჭოს და არა – სიცოცხლე მოუსწრაფოს!!!

5

დარწმუნებული ვარ, არცერთი ტურისტი არ იქნებოდა ამ ადამიანების მკვლელობის მომხრე. ხოლო იმ ფინანსებით, რასაც ფიფა ან თუნდაც ბრაზილიის ხელისუფლება ფლობს, სავსებით შესაძლებელი იყო, ამ ადამიანებისთვის სახლ-კარის მიჩენა. ახლა უკვე აღარც მიკვირს, ფეხბურთის მეფის ქვეყნის მოსახლეობის 74 პროცენტი (რივალდოს, რომარიოსა და სხვა ლეგენდების ჩათვლით) რატომ არის მუნდიალის ბრაზილიაში ჩატარების წინააღმდეგი.

ნარკოვაჭრობა

ბრაზილიური მუნდიალის კიდევ ერთი პრობლემა ნარკოტიკებით ვაჭრობაა, რასაც ბრაზილიის მთავრობა მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძვის. ბრაზილიის უღარიბესი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თავს სწორედ ნარკოტიკით ვაჭრობით ირჩენს და მათი გამოანგარიშებით, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას მათი მოგება უნდა გაორმაგდეს.

გთავაზობთ სიუჟეტს რიოდან:

პირველწყარო

ბრაზილიაში მიმდინარე პროცესებში უკეთ გასარკვევად სოციალური ქსელით დავუკავშირდი ორ ბრაზილიელს, დანილო რიბეირო მომესოს და რაფაელ გონსალვეს ნისესიუს. რესპოდენტებმა ორიოდე წუთი სიამოვნებით დამითმეს და მათთან კითხვებით გადავედი. გთავაზობთ ინტერვიუების საინტერესო მონაკვეთებს:
— დანილო, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პოლიცია უსახლკარო ბრაზილიელებს სასიკვდილოდ იმეტებს, შეგიძლია დაადასტურო ეს ინფორმაცია?
— პოლიცია ადამიანებზე ძალას იმიტომ ხმარობს, რომ ისინი კერძო საკუთრებაში უკანონოდ არიან დასახლებულები. სახლები, მართალია, მათი ხარჯებით არის აშენებული, თუმცა ამ მიწების საკუთრების უფლება არ გააჩნიათ. პოლიცია იძულებულია ძალა გამოიყენოს.

— ბრაზილიაში ნარკოვაჭრობა ძალიან გავრცელებულია. ნარკომოვაჭრეები მუნდიალის ბრაზილიაში ჩატარებით უფრო მეტი სარგებლის მიღებას მოელიან. რას ფიქრობ ამის შესახებ?
— ბრაზილიაში ნარკოვაჭრობა მართლაც მომგებიანი ბიზნესია. რიოში არიან დაჯგუფებები, რომელთაც კავშირი აქვთ სხვა ლათინოამერიკულ ქვეყნებთანაც. როგორც ჩანს, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მათ სპეციფიური სქემა აქვთ შემუშავებული, რითაც მეტ მოგებას ელიან. ამ საქმეში დიდი რამ ტრიალებს. როგორც რიგითი ბრაზილიელი, ვფიქრობ, რომ დღეს არამხოლოდ ბრაზილიის მთავრობა, მთელი მსოფლიო აგებს ბრძოლას ნარკომოვაჭრეებთან, ყოველდღიურად ახალი მომხმარებელი ჩნდება. ეს ძალიან რთულად გასაკონტროლებელი ბიზნესია. ნარკომოვაჭრეობა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმაც დიდი პრობლემაა.

— გასულ წელს ბრაზილიაში საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა. მინელდა თუ არა ბრაზილიელების პროტესტი? რატომ?
— ხალხი დაიღალა იმის ყურებით, თუ როგორ მუშაობს მხოლოდ საკუთარ თავზე ბრაზილიის მთავრობა. მათთვის ხალხი ნაკლებად მნიშვნელოვანია. გასულ წელს ქუჩებში მილიონობით ადამიანი გამოვიდა, თუმცა ახლა მათი რიცხვი 500-ს თუ აღწევს. მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროსაც ასე იქნება, ერთი-ორი კაცი ქუჩაში ბანერებით იდგება, ხოლო დანარჩენი უმრავლესობა – სტადიონებზე მატჩების საყურებლად. ბრაზილია სპეციფიური ქვეყანაა. აქ შეგიძლია ბედნიერად იცხოვრო, მაგრამ ყველაფრის მიმართ ყურადღებით უნდა იყო. ბრაზილიის კარი ყველა ტურისტისთვის ღიაა, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო. ნარკოვაჭრობა, პროსტიტუცია, ძარცვა და სხვა ცუდი საქმეები აქ ყოველდღიურად ხდება. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიის მთავრობამ მილიარდები დახარჯა და გვეუბნებიან, რომ ეს უკეთესი ცხოვრების საწინდარი იქნება. ეს ფული რომ ადამიანების საკეთილდღეოდ დახარჯულიყო, უკეთესი იქნებოდა.

— მთავრობამ სტადიონების მშენებლობაში მილიარდები ჩადო, თუმცა რამდენიმე არენა ჯერ კიდევ დაუსრულებელია. ბრაზილიას ამისთვის დიდი დრო ჰქონდა, რატომ ვერ მოხერხდა დროულად შესრულება?
— ბრაზილიაში ამ სტადიონების აშენებით ბევრი სამშენებლო კომპანია იყო დაინტერესებული. ტენდერმა დიდი დრო წაიღო. სამწუხაროდ, მშენებლობას რამდენიმე მუშის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
(არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ დანილომ თავიდანვე მკითხა, შენ იმ თბილისიდან არ ხარ „დინამო“ რომ არისო? და მეც შევპირდი, რომ აუცილებლად მოვუყვებოდი მეტს ერთ დროს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის შესახებ.)

პოლიცია

სხვა კითხვებით გადავედი სან პაულუში მცხოვრებ რაფაელთან, რომელმაც თითქმის ყველაფერზე დანილოს მსგავსად მიპასუხა:

— რაფაელ, ბრაზილიელები მუნდიალისთვის თანხების გახარჯვას აპროტესტებენ. მსოფლიო ჩემპიონატის ბრაზილიაში გამართვა უცხოური ინვესტიციის შემოდინებას შეუწყობს ხელს, რაც თქვენი ეკონომიკისთვის მომგებიანუ უნდა იყოს, ასე არაა?
— ნეტავ მართლა ისე იყოს. აქ ზოგიერთი ადამიანი სათანადოდ ვერ აფასებს სიტუაციას. მთავრობას მსოფლიო ჩემპიონატამდე ქალაქების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება არ უცდია და ამ დრომდე ყველაფერი მოძველებული და დანგრეული იყო. ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობს. მოსახლეობას, პირველ რიგში, საარსებო წყარო სჭირდება. ჩვენთვის პრიორიტეტი ჯანმრთელობა და განათლებაა, სხვა დანარჩენი კი ამის მერე მოდის.

საუბრის დასასრულს რაფაელმა პოლიტიკური კუთხიდანაც შეხედა მუნდიალის ბრაზილიაში ჩატარებას და აღნიშნა: „2014 წელს ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და ახლანდელ ხელისუფლებას მსოფლიო ჩემპიონატის საბოლოო შედეგით სურს არჩევნების წინ მოსახლეობაში სიმპათია დაიმსახუროს“.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, სადღაც, მინას-ჟერაისში კი შიმშილით კვდება სხვა პელე…

გიორგი დოგრაშვილი

მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური კლიპი

16 მაისს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურ სიმღერაზე გადაღებული კლიპი.

კომპოზიციას ცნობილი ვარსკვლავები ასრულებენ: პიტბული, ჯენიფერ ლოპესი და ბრაზილიელი მომღერალი კლაუდია ლეიტე. კლიპი უკვე 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 13 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

მუნდიალის ჰიმნს ჯენიფერ ლოპესი და პიტბული შეასრულებენ

ცნობილი გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნის შემსრულებელთა ვინაობა.

სიმღერა «We Are One» – ს ბრაზილიელი მომღერალი კლაუდია ლეიტე, ჯენიფერ ლოპესი და რეპერი პიტბული შეასრულებენ.

კომპოზიცია პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზეა.

ფიფამ მუნდიალის მსაჯები დაასახელა

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 25 ბრიგადა და დამატებითი არბიტრების 8 წყვილი მოემსახურება, რომლებიც 43 ქვეყანას წარმოადგენენ. გთავაზობთ მსაჯების სრულ სიას.

აზია: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი), იუჩი ნისიმურა (იაპონია), ნავაფ სუკრალა (ბაჰრეინი), ბენჯამინ უილიამსი (ავსტრალია).

აფრიკა: ნუმანდიეზ დუე (კოტ დ’ივუარი), ბაკარი გასამა (გამბია), ჯამელ ჰაიმუდი (ალჟირი).

სამხრეთ ამერიკა: ენრიკე ოსესი (ჩილე), ნესტორ პიტანა (არგენტინა), უილმარ როლდანი (კოლუმბია), სანდრო რიჩი (ბრაზილია), კარლოს ველა (ეკვადორი).

კონკაკაფი: ჟოელ აგილარი ( სალვადორი), მარკ გიგერი (აშშ), მარკო როდრიგესი (მექსიკა).

ოკეანია: პიტერ ო’ლირი (ახალი ზელანდია)

ევროპა: ფელიქს ბრიხი (გერმანია), ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი), იუნას ერიქსენი (შვედეთი), ბიორნ კიუიპერსი (ჰოლანდია), მილორად მაჟიჩი (სერბეთი), პედრუ პროენსა (პორტუგალია), ნიკოლა რიცოლი (იტალია), კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი), ჰობარდ ვები (ინგლისი).