სექსი, სოციალური ქსელები – რა ეკრძალებათ გერმანელ ფეხბურთელებს მუნდიალის მიმდინარეობისას?

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას სექსი ეკრძალებათ.

“მირორის” ცნობით, იოაჰიმ ლიოვს არ სურს, რომ მუნდიალის მიმდინარეობისას მოთამაშეებს ოჯახის წევრებთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდეთ. ამიტომ, იქამდე, სანამ რომელიმე ფეხბურთელი მეუღლესთან ან შვილთან შეხვედრას მოინდომებს, მან სპეციალური ნებართვა უნდა მიიღოს.

ამავდროულად, ფეხბურთელებს სოციალური ქსელებთან წვდომა შეზღუდული ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება. გერმანიის ნაკრები F ჯგუფში სამხრეთ კორეასთან, მექსიკასთან და შვედეთთან ერთად იმყოფება.

ნეიმარი: “ასი პროცენტით მზად არ ვარ, საშიშროება კვლავაც არსებობს”

“პარი სენ-ჟერმენისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი, აცხადებს, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

“რამდენიმე სირთულეს წავაწყდი, რაც ბოლომდე ჯერაც არ გადამილახავს. მცირე დრო კვლავ მჭირდება, რომ ყველანაირი საშიშროება გაქარწყლედს. წინ ვერაფერი დამიდგება, აუცილებლად ვითამაშებ.

მხოლოდ ის მაშინებს, რომ თითქმის სამი თვეა მოედანზე არ გავსულვარ და ასი პროცენტით მზად ჯერაც არ ვარ. კონკრეტული მოძრაობების გაკეთებისაც მეშინია, მაგრამ თამაშამდე დრო კიდევ მაქვს.

რა თქმა უნდა, ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. გუნდში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები იყრიან თავს და როგორც ტიტე ამბობს, თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ,” – აცხადებს ნეიმარი.

ბრაზილიის ნაკრების ექიმების ცნობით, ნეიმარი ლივერპულში, ხორვატიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩშიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას (3 ივნისი).

ნიგერიელ ფეხბურთელებს სასტუმროში რუსი გოგოების აყვანა აუკრძალეს

რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ნიგერიის მთავარი მწვრთნელი რუსი ქალბატონების სახით დიდ საფრთხეს ხედავს. გერნოტ რორმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნიგერიის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს აკრძალული აქვთ სასტუმროში რუსი ქალბატონის აყვანა.

“დიახ, ფეხბურთელებს უფლება ექნებათ მეუღლეებთან და ოჯახის წევრებთან მუნდიალის მიმდინარეობის მანძილზეც ჰქონდეთ კავშირი. თითოეულ მოთამაშეს თავისი ოთახი ექნება, ახლობლები კი მათ არასათამაშო დღეებში მიაკითხავენ.

თუმცაღა, არ ვაპირებ მათ სასტუმროში რუსი გოგოების აყვანის უფლება მივცე – არა, არა და არა. მხოლოდ კაპიტან მიკელს, რომელსაც რუსი პარტნიორი ჰყავს, შეუძლია, მასთან ერთად დროის გატარება,” – აცხადებს რორი.

სუპერკომპიუტერმა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ 18-მა გამორჩეულმა ანალიტიკოსმა დაახლოებით 10 000-ზე მეტი სიმულაციის განხორციელების საფუძველზე საკმაოდ საინტერესო პროგნოზი გააკეთეს.

სუპრეკომპიუტერმა თითოეული მონაწილე ქვეყნის შანსები პროცენტულად გამოთვალა, რომლის თანახმადაც, ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი გერმანიის ნაკრებია. “ბუნდესნაკრებს” ბრაზილიის, ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები მოჰყვებიან.

მეკარეებმა მუნდიალის ბურთი დაიწუნეს: “მინიმუმ 35 გოლი გავა შორეული დარტყმებით”

მსოფლიო ჩემპიონატი უკვე კარს მოგვადგა და მზადებაც დასასრულს უახლოვდება. ბოლო ამხანაგურ შემთხვევებში მუნდიალის ბურთიც გამოსცადეს, თუმცაღა შედეგები არც ისე სახარბიელო მიიღეს.

დე ხეამ ახალი ბურთი (Telstar 2018) გერმანიასთან ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ გააკრიტიკა: “ძალიან უჩვეულო ბურთია. ნამდვილად შეეძლოთ უკეთესის გაკეთება”.

დე ხეას მხარი პეპე რეინამაც აუბა: “დაგენიძლავებით, რომ შორი დისტანციიდან მინიმუმ 35 გოლი მაინც გავა რუსეთში გასამართ მუნდიალზე.

ამ ბურთის დამუშავება წარმოუდგენლად რთულია – უჩვეულო მასალით არის დაფარული და მისი დამორჩილება მეკარეებს ძალიან გაუჭირდებათ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.”

ბურთი ტერ შტეგენმაც შეაფასა: “შეეძლოთ, უკეთესის გაკეთებაც. ძალიან ბევრი მუშაობა დაგვჭირდება, რომ ახალ პირობებს შევეგუოთ – რადგანაც სხვა გზა პრაქტიკულად არ გაგვაჩნია.”

ბოლტი: “ბრაზილია ნეიმარის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს”

უსეინ ბოლტს სჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების წარმატება მეტწილად ნეიმარ ჟუნიორზეა დამოკიდებული, რომელიც ამჟამად საკმაოდ სერიოზულ ტრავმას მკურნალობს.

“დიდი სიამოვნებით წავალ მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე საინტერესო მატჩის საყურებლად. პირადად მე არგენტინის დიდი გულშემატკივარი ვარ და წელსაც მათ მხარეს ვარ.

არგენტინის ნაკრებთან ერთად ფავორიტებად გერმანიასა და საფრანგეთს მივიჩნევ, ბრაზილიასაც, თუ რა თქმა უნდა, ნეიმარი დაბრუნებას შეძლებს. ვფიქრობ, ნეიმარის გარეშე ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ.

ნეიმარი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, ის ერთ-ერთია საუკეთესოთა შორის. ასე რომ, თუ ის გამოჯანმრთელებას ვერ შეძლებს, ამით ბრაზილია ჩემპიონობის შანსს დაკარგავს,” – აცხადებს 31 წლის ბოლტი.

სტადიონები, რომლებმაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლონ (ფოტო)

დაუსრულებელი დავებისა და ბევრი უარყოფითი მხარის მიუხედავად, ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები თანახმანი არიან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი კატარში ჩატარდეს. თავის მხრივ, კატარელები მიწვეულ ქვენებს ბრწყინვალე ინფრასტუქტურას სთავაზობენ. გთავაზობთ სტადიონებს, რომლებმაც 2022 წლის მუნდიალს უნდა უმასპინძლონ.


2022 წლისთვის “ჰალიფა”, კატარის საფეხბურთო ნაკრების სტადიონი 46 წლის იქნება. “ჰალიფას” კატარელებმა უკვე ჩაუტარეს რეკონსტრუქცია და ის ხელმეორედ 2017 წლის მაისის თვესი გაიხსნა.


“კატარის ფონდის” სტადიონი განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა და ის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მარგალიტი იქნება.


“რას-აბუ-აბუდის” სტადიონი სპეციალურად ამ საფეხბურთო მოვლენისთვის არის შექმნილი და მუნდიალის დასრულების შემდეგ მას მთლიანად დაანგრევენ.


“ალ-თუმამას” არენა თავად კატარელების დაპროქტებულია და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მას ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ გადააკეთებენ.


“ალ-ბაიტის” არენა ერთ-ერთ ნახევარფინალს უმასპინძლებს და სპეციალურად ამ მატჩისთვის მისი ტევადობა კატარელებმა 60 ათასამდე გაზარდეს


“აჰმედ ბენ ალის” სტადიონი მსოფლიო ჩემპიონატისთვის რადიკალურად შეცვლილი გარეგნობით მოგვევლინება. ტევადობ 21-დან 44 ათას მაყურებლამდე გაიზრდება.


“ალ-ვაკრას” სტადიონი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დიზაინის მქონე არენა კატარში. მომავალში ეს არენა მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსად გადაკეთდება და შემდეგში აქ ადგილობრივი კლუბებიც შეძლებენ თამაშს.


ლუსაილეში მშენებარე ნაციონალური სტადიონი 86 000 მაყურებელს დაიტევს და სწორედ აქ ჩატარდება მჩ-2022-ის გახსნითი მატჩი, ისევე როგორც ფინალი.


“ჩელსის” ექს-დირექტორი გერმანიას, ესპანეთსა და საფრანგეთს მუნდიალის ბოიკოტისკენ მოუწოდებს

ლონდონის “ჩელსისა” და მერსესაიდული “ლივერპულის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კრისტიან პერსლოუ მსოფლიო ფეხბურთის წამყვან წარმომადგენლებს რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

“თუ საფეხბურთო სამყაროს სამი წამყვანი წარმომადგენელი – გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი – გადაწყვეტს, რომ ინგლისის ბოიკოტს შეუერთდეს, ეს ყველაფერი სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს მსოფლიო ჩემპიონატს.

ვთვლი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რადგანაც ამით პუტინის პოპულარობასა და ავტორიტეტს საფუძველი შეერყევა უფრო მეტად, ვიდრე ეს რომელიმე ეკონომიკურ ან დიპლომატიურ სანქციას შეუძლია,” – აცხადებს პერსლოუ Daily Mirror-თან საუბრისას.

რომელია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერა?

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და ფეხბურთის გულშემატკივრის გულისცემაც პროპორციულად იწყებს აჩქარებას.

იმისათვის, რომ საფეხბურთო განწყობა კიდევ უფრო აემაღლებინათ, ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ მუნდიალის ოფიციალური სიმღერა წარგვიდგინა, რომლის ავტორიც ჯეისონ დერულო გახლავთ.

სიმღერა სახელწოდებით Colors (ფერები), მულტიკულტურული ხასიათის ქვეტექსტით არის დატვირთული. ტექსტში ვხვდებით მსგავსს ციტატებს: “ყველანი თანასწორნი შეგვქმნეს”/ “ერთი რასა – ადამიანი”.

რასიზმში მხილების გამო, შესაძლოა, კარდონამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს (ვიდეო)

რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, თუმცა, უკვე ძალიან ახლოს ვართ რასიზმის პირველი შემთხვევის გამოაშკარავებასთან და შესაბამისად, პირველ დისკვალიფიკაციასთან.

საქმე სამხრეთ კორეასა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც ედვინ კარდონამ კორეელი ფეხბურთელის მიმართ რასისტული ჟესტი გამოიყენა.

ფიფას მიერ სპეციალურად შექმნილი სადისციპლინო კომიტეტი უკვე განიხილავს ამ საკითხს და სავარაუდოდ, კარდონას 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან ნაკრებში, რაც მისთვის მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების ტოლფასია.

დეშამი მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაზე: “შეიძლებოდა, უარესიც მომხდარიყო”

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უმასპინძლებს, საფრანგეთის ნაკრებს ავსტრალიის, დანიისა და პერუს გუნდებთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. წილისყრის შედეგები ფრანგთა თავკაცმა, დიდიე დეშამმა შეაფასა.

“სიმართლე გითხრათ, შეიძლებოდა, უარესიც მომხდარიყო. საკმარისზე მეტი დრო გვაქვს მეტოქეთა შესაძლებლობების გასაანალიზებლად, რისთვისაც ამხანაგურ მატჩებს გამოვიყენებთ. შედეგად კი, მოქმედების გეგმას შევადგენთ.

მაქსიმალურად ვეცდებით, ისეთ გუნდებთან გავმართოთ მატჩები, რომლებიც ჩვენი მომავალი მეტოქეების მსგავს ფეხბურთს თამაშობენ. საკუთარ თავზე მუშაობით ყველაფერი გამოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი ამბიციებით მივდივართ,” – აცხადებს დეშამი.

საუთგეიტმა წილისყრის შემდეგ ინგლისის ნაკრების მეტოქეებზე ისაუბრა

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ “სამი ლომი” ქულათა მაქსიმალური ოდენობის აღებას აპირებს.

“ტუნისისა და პანამის შესახებ მეტი უნდა გავიგოთ, რადგანაც მათთან ახლო კავშირი არასდროს გვქონია,” – აცხადებს ბრიტანელი სპეციალისტი BBC Radio 5-თან საუბრისას.

“რაც შეეხება ბელგიას, მათ შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცით. ვფიქრობ, მათ ახლა საუკეთესო ნაკრები ჰყავთ. თანაც, ბელგიელთა უმეტესობა სწორედ ჩვენს ჩემპიონატში თამაშობს.

ჩემი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ქულათა მაქსიმუმის დაგროვება აუცილებელია. სანამ უფრო დიდ მიზნებზე ვიფიქრებთ, ჯგუფური ეტაპი გვაქვს დასაძლევი,” – დაამატა საუთგეიტმა.