საბა ლობჟანიძე: “მომდევნო მატჩში უკეთ ვითამაშებთ და უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ”

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წლის სადებიუტო მატჩი დუბაიში ჩაატარა, სადაც უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. მატჩი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველებმა ოთარ კიტეიშვილმა და საბა ლობჟანიძემ შეაფასეს.

ოთარ კიტეიშვილი: “მთლიანობაში საინტერესო თამაში გამოვიდა, ყველამ ბოლომდე ვიბრძოლეთ, კარგად ვითამაშეთ გუნდმა, კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ გავუშვით გოლი. ეს ამხანაგური თამაში პირველი იყო ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში, შეცდომებზე ვსწავლობთ და ამიტომ პროგრესს გავაგრძელებთ”.

საბა ლობჟანიძე: “პირველი ტაიმი ნერვიულად დავიწყეთ,ალბათ ეს იმან განაპირობა,რომ ბევრი ჩვენგანისთვის პირველი თამაში იყო. მოგეხსენებათ, ზამთრის შეკრება ახლა დაიწყო და თანდათან უკეთეს ფორმაში ჩავდგებით. დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშში უფრო კარგად ვითამაშებთ და უფრო კარგ შედეგს ვაჩვენებთ”.