წყალბურთი: 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა!

“ოლიმპკის” საცურაო აუზში მიმდინარეობს წყალბურთში ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის D ჯგუფის მატჩები. სწორედ ამ ჯგუფში ასპარეზობენ ქართველი ახლაგაზრდებიც.

13 მაისს ჩვენი ნაკრები ჯგუფის ლიდერს, საფრანგეთს დაუპირისპირდა. მატჩი თავიდან ბოლომდე ქართველთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 7-1 დასრულდა. ცხაკაიამ და წულუკიანმა დუბლები შეასრულეს. ხოლო, ხოხაშვილმა, კუჭუაშვილმა და ჭეიშვილმა თითო-თითოჯერ გამოიჩინეს თავი.

ამ გამარჯვების შემდეგ ქართველებს 9 ქულა დაუგროვდათ, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა საუკეთესო ორ გუნდს შორის მოსახვედრად და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად! ჩვენი ნაკრები ქულებით საფრანგეთს გაუთანაბრდა. თუმცა, მათ ფრანგებზე ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მესამე და მეოთხე ადგილზე შვეიცარია და ჩეხეთი არიან (3-3 ქულა). ხოლო, ბოლო პოზიციას კვიპროსი (0 ქულა) იკავებს.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები დასკვნით მატჩს 14 მაისს ჩეხების წინააღმდეგ გაამართავს.

ევროპის ჩემპიონატი მალტაში წელს, 11-დან 17 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. იქ საუკეთესო ათი გუნდი ავტომატურად მოხვდება მსოფლიოს ჩემპიონატზე!

საქართველოს წყალბურთელთა 17-წლამდე ნაკრებმა შვეიცარიელი თანატოლები დაამარცხა

დღეს სტარტი აიღო წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპმა 17-წლამდე ნაკრებებს შორის. აქ მონაწილეობს საქართველოს გუნდიც, რომელიც საფრანგეთთან, შვეიცარიასთან, ჩეხეთთან და კვიპროსთან ერთად მოხვდა D ჯგუფში. ამ ჯგუფის ყველა შეხვედრა 11-15 მაისს თბილისში ტარდება.

დღეს ჩვენმა ნაკრებმა შვეიცარიის წინააღმდეგ გამართა დაპირისპირება. თამაში ქართველების უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ, ბიჭებმა მეტოქე ანგარიშით, 10:3 დაამარცხეს და შესარჩევი მშვენივრად დაიწყეს.

აქვე გეტყვით, რომ მეორე მატჩში საფრანგეთმა ჩეხეთი 16:2 დაამარცხა.

ჩვენი 17-წლამდე ნაკრები ხვალ, 18:30 საათზე კვიპროსს დაუპირისპირდება.

 

საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები დიდი მიზნის მისაღწევად ემზადება. ჩვენს ახალგაზრდებს მაისში, თბილისში (11-დან 14-ის ჩათვლით) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოუწევთ ასპარეზობა. საქართველოსთან ერთად, D ჯგუფში ისეთი ქვეყნები მოხვდნენ, როგორებიცაა: საფრანგეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, კვიპროსი. ჯგუფიდან ორი ყველაზე კარგი შედეგის მქონე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც მალტაში 11-დან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ამ ტურნირზე მოასპარეზე საუკეთესო ათი ქვეყანა ავტომატურად მოხვდება მსოფლიო ჩემპიონატზე.

მოკლედ, ქართველები დიდ და ძალიან საპასუხისმგებლო საქმეში არიან ჩართულები. გუნდის მწვრთნელები ცნობილი ყოფილი წყალბურთელები – რევაზ ჩომახიძე, თამაზ კუტივაძე და ირაკლი ბაქრაძე არიან. ყველაზე გამოსარჩევი მაინც პირველი მათგანია. ბატონი რევაზი არის 2004 და 2005 წლების ევროპის საუკეთესო წყალბურთელი. მას ნათამაშები აქვს იტალიის, უნგრეთის, სერბეთისა და რუსეთის გუნდებში. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ, განსხვავებით სხვა ბევრი ნაკრებისგან, ქართველები საკვალიფიკაციო ეტაპამდე რამდენიმე თვით ადრე ყოველდღე ვარჯიშობენ. მათი საწვრთნელი ადგილი ისანში მდებარე “ოლიმპიკის” აუზია. ბოლო ორი წლის მანძილზე ამ ნაკრებმა ბევრი მატჩი გამართა უნგრეთში, მონტენეგროში, სერბეთში, თურქეთში, ბულგარეთში და საკმაოდ კარგ შედეგებსაც მიაღწია.

სწორედ ძველი წარმატებები და ყოველდღიურად გაწეული დიდი შრომა აძლევს ჩვენს ახალგაზრდებს იმის სტიმულს, ძალასა და კიდევ უფრო დიდ მონდომებას, რომ ჯერ მაისში, ხოლო შემდეგ კი სექტემბერში ვროპის ჩემპიონატზე გვასახელონ.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა 17-წლამდე ნაკრების ცენტრალურ ფორვარდსა და ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს, კახა სამყურაშვილს. იგი, კლუბ “ივერიასთან” ერთად, საქართველოს ორგზის ჩემპიონია. ჩვენმა საიტმა მასთან საინტერესო ინტევიუ ჩაწერა.

– ვის მიიჩნევ შესარჩევ ეტაპზე ყველაზე ძლიერ მეტოქედ?

– ვფიქრობ, ჯგუფში არსებული 5 გუნდიდან ყველა, დაახლოებით, თანაბარი სიძლიერისაა. თუმცა, ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ ოთხივე შეხვედრას თბილისში, საკუთარ კედლებში ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს და ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე ბრძოლა და თავგანწირვით თამაში მოგვიწევს. იმედია, დასახულ მიზანს მივაღწევთ.

– რა შანსები აქვს ჩვენს ნაკრებს და რამდენად რეალურია ევროპის ჩემპიონატზე გასვლა?

 – შანსი ნამდვილად რეალურია. პირველ რიგში, ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ უძლიერესი მწვრთნელები გვხელმძღვანელობენ. ამ სპეციალისტებზე ჩვენს ჯგუფში არსებული არცერთი ნაკრები არ იტყოდა უარს. მათი დამსახურებაა, რომ სწორ გზას ვადგავართ და იმას ვაკეთებთ, რაც წარმატების მისაღწევად ყველაზე საჭიროა. ყოველდღიური გარჯით ძალიან შეკრულ და შეთამაშებულ გუნდად ჩამოვყალიბდით. ბიჭებს უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. ასე რომ, შანსები დიდია.

– იქ გასვლის შემთხვევაში, რა რეალური მიზნისთვის იბრძოლებს საქართველოს ნაკრები?

– მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე ათეულში მოხვედრილი ნაკრები ავტომატურად გადის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ღმერთის ნებითა და თავდაუზოგავი შრომით არც ეგ არ უნდა იყოს მიუღწევადი. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ვასახელებთ!