პერესი: “ბერნაბეუს” ამ მიზეზის გამო არ შეუძლია სამეფო თასის ფინალის მასპინძლობა”

ესპანეთის სამეფო თასის ფინალი 27 მაისს “ბარსელონასა” და “ალავესს” შორის შედგება. კატალონიელებს სურდათ, რომ ეს დაპირისპირება მადრიდის “რეალის” საშინაო არენაზე, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულიყო, თუმცა დედაქალაქელებისგან უარი მიიღეს.

გუშინ ფლორენტინო პერესი ენრიკე ორტეგოს წიგნის (“მეთერთმეტე”) პრეზენტაციასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. სწორედ იქ ჰკითხეს უარის თქმის მიზეზი. “რეალის” პრეზიდენტმა კი უპასუხა: “აღნიშნული შეხვედრის გამართვა “ბერნაბეუზე” შეუძლებელია, რადგან მაისში ჩვენს მოედანზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები იგეგმება.”

ფლორენტინოს დე ხეას ტრანსფერზეც ჰკითხეს: “ახლა შუა სეზონია და ტრანსფერებზე საერთოდ არ ვფიქრობთ. ჩვენ ნავასი გვყავს, რომელსაც სრულ ნდობას ვუცხადებთ,” – განაცხადა პერესმა.