ორიგინალური მადლობა სიკეთისთვის — ინგლისელი მწვრთნელი შაბათისთვის ემზადება

საფეხბურთო კლუბ “მორქამის” მთავარმა მწვრთნელმა ჯიმ ბენტლიმ გუნდის ქომაგებს სიკეთე არ დაუვიწყა და მადლობის ნიშნად ახლა მათთვის საჩუქარს ამზადებს.

ბენტლის ინგლისის მეორე ლიგის გარდა არსად იცნობენ, თუმცა იგი ქვემოთ მოცემული ისტორიის გამო იმსახურებს, რომ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ცნობილი.

სქაუზერი ჯიმ ბენტლი ინგლისურ “მორქამში” ცხრა წლის განმავლობაში უხელფასოდ თამაშობდა, 2011 წელს კი გუნდის თავკაცის პოსტი დაიკავა. 40 წლის მწვრთნელს გასული წლის დეკემბერში საკუთარი ფეხბურთელის გაძევების გამო გამოხატული უკმაყოფილების გამო წითელი ბარათი უჩვენეს და ჯარიმის სახით 1000 ფუნტი დააკისრეს. ხელმოკლე ბენტლი საგონებელში ჩავარდა, მაგრამ გუნდის ფანებს მისი მიტოვება წუთით არ უფიქრიათ. “მორქამის” ქომაგებმა მოილაპარაკეს და საჯარიმო თანხა თავადვე შეკრიბეს, შემდეგ კი ფული ბენტლის გადასცეს. გუნდის თავკაცმა სიხარულისგან ცრემლები ვერ შეიკავა და ფანებისთვის მადლობის თქმა გადაწყვიტა.

შაბათს “მორქამი” “ქემბრიჯ იუნაიტედს” დაუხვდება, ჯიმ ბენტლი კი, ტურნირის სპონსორ “სქაიბეთის” დახმარებით ორივე გუნდის ფანებს ნამცხვრითა და გამაგრილებელი სასმელით გაუმასპინძლდება.

“მინდოდა, რომ “მორქამის” ფანებისთვის რაღაცნაირად მადლობა გადამეხადა და ტურნირის სპონსორ “სქაიბეთის” დახმარებით ამის საშუალება მეძლევა. “მორქამის” ქომაგებს გამოვლენილი სიკეთისთვისა და გუნდის მუდმივი მხარდაჭერით დიდ მადლობას ვუხდი”, – აღნიშნა ჯიმ ბენტლიმ.

Jim Bentley