ალეგრი: “ბონუჩისთან კარგი ურთიერთობა მქონდა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გუნდში ლეონარდო ბონუჩის შესაძლო დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ბონუჩისთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ერთმანეთთან გვიკამათია, მაგრამ ასეთი რამ სხვა ფეხბურთელებთანაც მომხდარა. ეს მუშაობის ნაწილია და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს.

ტრანსფერებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს კლუბის საქმეა. “იუვენტუსს” ხუთი ბრწყინვალე ცენტრალური მცველი ჰყავს”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეონარდო ბონუჩიმ “იუვენტუსი” სწორედ მასიმილიანო ალეგრისთან მომხდარი კონფლიქტის გამო დატოვა. ავტორიტეტული იტალიური გამოცემების თანახმად, “ბებერი სინიორა” “მილანს” ბონუჩის მატია კალდარაში გაუცვლის.

“მილანი” ბონუჩის ტრანსფერის განხორციელებას ნანობს”

“ნაპოლის”, “უდინეზესა” და “ატალანტას” ყოფილი სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინო ამბობს, რომ “მილანი” ლეონარდო ბონუჩის შეძენას ნანობს.

“ვფიქრობ, რომ “მილანი” ბონუჩის ტრანსფერის განხორციელებას უკვე ნანობს. ვინჩენცო მონტელას სამი მცველით სქემაზე გადასვლა არ უნდოდა, მაგრამ გუნდში ლეონარდოს მისვლის შემდეგ იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა.

მირაბელისა და ფასონეს დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოთ, ბონუჩის სანაცვლოდ გადახდილ 40 მილიონს რომელიმე უმაღლესი დონის თავდამსხმელის ტრანსფერში დახარჯავდნენ”, – განაცხადა მარინომ “რაი სპორტის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი “მილანში” მისვლისთანავე გუნდის კაპიტანი გახდა.

ბონუჩის გადაბირება “რეალსა” და “ჩელსის” სურთ

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ტურინის “იუვენტუსის” მცველის, ლეონარდო ბონუჩის გადაირებას ლონდონის “ჩელსი” და მადრიდის “რეალი” შეეცდებიან.

ესპანური გრანდი იტალიელ ფეხბურთელს პეპეს შემცვლელად მოიაზრებს, თუმცა “სამეფო კლუბს” “ჩელსის” სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს. ბონუჩის გადაბირებით პირადად არის დაინტერესებული ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელიც იტალიელ მცველს “იუვენტუსში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა და მას კარგად იცნობს. “სანის” ცნობით, ინგლისური გუნდი მზად არის, ბონუჩის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გაიღოს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლეონარდო ბონუჩის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთან კონფლიქტი აქვს, რაც გუნდის დატოვების ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.

“იუვენტუსმა” ბონუჩი ალეგრისთან ჩხუბის გამო დააჯარიმა

ტურინის “იუვენტუსმა” გუნდის მცველი ლეონარდო ბონუჩი დააჯარიმა.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, ბონუჩი და გუნდის თავკაცი მასიმილიანო ალეგრი იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში “პალერმოს” წინააღმდეგ გამართული მატჩის (4:1) ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდზე წაკინკლავდნენ. მოგვიანებით ფეხბურთელი და მწვრთნელი შერიგდნენ, თუმცა კლუბმა ბონუჩის დაჯარიმება მაინც გადაწყვიტა.

საჯარიმო თანხის ოდენობა არ ხმაურდება.