იაპონელმა ფეხბურთელმა 50 წლის ასაკში ოფიციალური მატჩი ჩაატარა (ფოტოები)

საფეხბურთო კლუბ “იოკოჰამას” თავდამსხმელი მიურა კაძუიოსი მსოფლიოს გაოცებას განაგრძობს.

იაპონელმა ფეხბურთელმა თავის 50-ე იუბილეზე “მაცუმოტო იამაგას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ითამაშა.

იაპონიის რანგით მეორე დივიზიონში ჩატარებული შეხვედრა “იოკოჰამას” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, თავად მიურა კაძუიოსიმ კი 65-ე წუთამდე ითამაშა. ამრიგად, იგი იაპონიის საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახდა.

“დაბადების დღეზე გამარჯვება მშვენიერი საჩუქარია. როდესაც ასეთ საოცარ ატმოსფეროს შევიგრძნობ, თამაშის მოტივაცია ისევ მიჩნდება”, – განაცხადა კაძუიოსიმ მატჩის შემდეგ.

გასულ წელს იაპონელმა ფეხბურთელმა 49 წლის ასაკში ჯეილიგაში გოლის გატანაც შეძლო და ტურნირის არსებობის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მეგოლე გახდა.

შეგახსენებთ, რომ მიურა კაძუიოსი 1993 წელს აზიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 1994 წელს იგი იტალიის სერია A-ს არსებობის ისტორიაში პირველი იაპონელი მოთამაშე გახდა (თამაშობდა იჯარით “ჯენოაში”). კაძუიოსიმ მოგვიანებით ზაგრების “დინამოში”, ბრაზილიისა და ავსტრალიის გუნდებშიც ითამაშა.

მიურა კაძუიოსი იაპონიის ნაკრების ღირსებას 1990–2000 წლებში იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ 89 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა.