გურამ კაშია: “ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდებულესი მომენტია”

ჰოლანდიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე არნემის “ვიტესმა” სტუმრად როტერდამის “სპარტა” ლუის ბეიკერის დუბლის წყალობით ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალურ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ.

“როგორც იქნა, თასის მოგების შანსი გაგვიჩნდა. ამ კლუბს დიდი ისტორია აქვს, მაგრამ – არა ტიტულები. ჰოლანდიაში უკვე შვიდი წელია ვთამაშობ და ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდებულესი მომენტია. ვაცნობიერებთ, რამდენად ახლოს ვართ თასის მოგებასთან. მადლობას ვუხდი ლუის ბეიკერს. იგი ტექნიკურად შესრულებული დარტყმებით მთელი სეზონის განმავლობაში გვეხმარება”, – კაშიას სიტყვები “ტელეგრააფმა” გამოაქვეყნა.

ტურნირის მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს “ალკმაარი” და “კამბიური” დაუპირისპირდებიან. მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ჰოლანდიის თასის ფინალური შეხვედრა 30 აპრილს არის დაგეგმილი.